ერთი შეხედვით, თითქოს ყველაფერი ნათელია, მაგრამ მაინც, უხსოვარი დროიდან დღემდე ღალატის, შესაბამისად, მოღალატის (ღალატის ჩამდენის) ცნება მაინც უმწვავესი კამათისა და დაპირისპირების საგანია. შორს რომ არ წავიდეთ, თუნდაც მშობელი ქვეყნის უახლოესი ისტორია გავიხსენოთ - იყო თუ არა სინამდვილეში სამშობლოს მოღალატე საბჭოთა პერიოდში ამ უმძიმესი და დამამცირებელი ბრალდებით გასამართლებული ათი ათასობით ადამიანი? - იმჟამინდელი ქართული სასამართლოს, ხელისუფლებისა და მისი ალალი მომხრეების აზრით - დიახაც იყო. დღევანდელი გადასახედიდან - არ ყოფილა არავითარი ღალატი, ეს იყო სასტიკი, დამთრგუნველი ანგარიშსწორება ხელისუფლების (უფრო ზუსტად - ძალაუფლების) შენარჩუნების, პოლიტიკური ოპონენტების დათრგუნვა-დაშინების მიზნით. სხვათა შორის, დიდი ალბათობით - გარედან დაფინანსებული. მოკლედ, ეს იყო პოლიტიკური რეპრესია.
სამართლიანობისთვის ბარემ ისიც გავიხსენოთ, რომ ამგვარი რეპრესია არ ყოფილა მხოლოდ „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის“ გამონაგონი და მხოლოდ მისი დამსახურება - ისტორიის განვითარების კანონზომიერებიდან გამომდინარე, ეს გახლავთ მსოფლიოს ყველა ქვეყნის ყველა რევოლუციური ხელისუფლებისთვის დამახასიათებელი ქმედება, რევოლუციის გარდუვალი შედეგი: როცა ხელისუფლებას, ქვეყნის მმართველ სისტემას არ შეუძლია თავის სიმართლეში, თავის უპირატესობაში სიტყვით და საქმით დაარწმუნოს თავისივე ქვეყნის მოქალაქე, იგი იძულებულია მიმართოს რეპრესიებს - თავის მართლების მიზნით, მოღალატედ გამოაცხადოს უკლებლივ ყველა, ვინც ეწინააღმდეგება, ან არ ეთანხმება მის პოლიტიკას.
მოკლედ, ჩემი ფიქრით, „მოღალატეობის“ დაბრალება (ნებისმიერი, თუნდაც, გიჟური არგუმენტის მოშველიებით) არის უტყუარი საშუალება პოლიტიკური ოპონენტის „გასაშავებლად“ და თუ ამის ძალაც შეგწევს - მის თავიდან მოსაშორებლად.
მეტიც. სოციალური ქსელები (დღევანდელ საქართველოში და დანარჩენ მსოფლიოში ინფორმაციის უმთავრესი წყარო სწორედ ისაა!), სტალინს და ბერიას რომ თავი დავანებოთ, გადაჭედილია კარგა ხნის წინათ გარდაცვლილი ქართველი მწერლების, საზოგადო მოღვაწეების „მოღალატური საქმიანობების“ გახსენებით. დღევანდელ ახალგაზრდობას ჯიუტად ჩასჩიჩინებენ, რომ ბესარიონ ჟღენტი, კონსტანტინე ლორთქიფანიძე, აკაკი ბაქრაძე, ნოდარ დუმბაძე, ჭაბუა ამირეჯიბი, ჯანსუღ ჩარკვიანი და მრავალი სხვა იყვნენ მოღალატე ფარისევლები, რადგან, თურმე, ისინი „ემსახურებოდნენ კრემლს“.
ამ ბოლო დროს ახალგაზრდობის „ინფორმირების“, უფრო ზუსტად, ტვინის მოწამვლის ვნებიანი და დაუოკებელი სურვილით აშკარად გამოირჩევა „პოეზიარი-მხატვართა წარმოჩენა“. ჩემდა სამარცხვინოდ, არ ვიცი, ვინმე კერძო პირია, საჯარო ორგანიზაციაა თუ საიდუმლო სექტა.
ასეა თუ ისე, ჩირგვებში კარგად შენიღბული მრისხანე „პოეზიარი“, მაგალითად, ასე წარმოგვიჩენს ორმოცი წლის წინათ იმქვეყნად გადაბარგებულ ადამიანს: „ფოტოზე ხედავთ საბჭოთა ორდენებით ჩამოხუნძლულ მწერალს - კოსტანტინე ლორთქიფანიძეს (1905-1986). ეს კაცი მთელი არსებით ჩადგა სისხლიანი ტირანების სამსახურში და განცხრომაში იცხოვრა... კარგი პროზაიკოსი იყო. შესანიშნავად თარგმნა ტაკუბოკუს მინიმალისტური პოეზია. 1937 წელს, როდესაც პაოლოს ცხედარი უნახავთ მწერალთა სახლის აივანზე, კ. ლორთქიფანიძეს მიუფურთხებია.“
საერთოდ, საბჭოთა ეპოქაში „განცხრომით მცხოვრები“ მწერლის არსებობაზე რა გითხრათ, მაგრამ „პოეზიარი“ არაფერს ამბობს იმ ფაქტზე, რომ კონსტანტინე ლორთქიფანიძე 1941-1945 წლებში სამხედრო კორესპონდენტის რანგში იმყოფებოდა ფრონტის ხაზზე და იმჟამინდელ ქართულ მედიას აწვდიდა სტატიებს. მისი ბევრი ორდენი და მედალიც სწორედ ამას უკავშირდება.
რაც მთავარია, დღევანდელ ქართველ ახალგაზრდობაზე მზრუნველი მამაცი საიდუმლო ინფორმატორი ლორთქიფანიძისა და სხვათა ბინძური დახასიათებისას არ ითვალისწინებს უმთავრესს - მმართველობის საბჭოთა სისტემის სისასტიკეს.
რამდენიმე წუთით დავეთანხმოთ „პოეზიარს“, რომ კონსტანტინე ლორთქიფანიძე მართლაც იყო ქვეყნის მოღალატე, ვინაიდან იგი საბჭოთა მმართველობის სიკეთეებზე, კოლექტიური მეურნეობის განუმეორებლობაზე წერდა. მაშინ, მოდი, ისიც გადავწყვიტოთ, იყო თუ არა „სამშობლოს მოღალატე“ საბჭოთა ეპოქაში უპოპულარესი რომანის, „ვაზის ყვავილობის“, იოსებ ჯუღაშვილის (სტალინის) ბავშვობისადმი მიძღვნილი რომანის, „ბელადის“, ავტორი კონსტანტინე გამსახურდია!
არ ვიცი, რა ვთქვა „გმირ“ მწერალ გრიგოლ რობაქიძეზე, საქართველოდან გერმანიაში რომ გაიქცა და დითირამბებით სავსე ნაშრომი უძღვნა... ადოლფ ჰიტლერს!
განსაკუთრებით საყურადღებოა ის ფაქტი, რომ „პოეზიარი“ შესაბამისი კომენტარებით კიდევ ერთხელ აფრიალებს „ზვიადის მოღალატე ქართველი მწერლების“ უკვე მრავალჯერ გამოქვეყნებულ სიას რუბრიკით „სამარცხვინო ბოძი“. მათი მოღალატეობის ერთადერთი დასტური, თურმე, არის ის ფაქტი, რომ მხარი არ დაუჭირეს ზვიად გამსახურდიას ხელისუფლებას. ამ მწერლების აბსოლუტური უმრავლესობა დღეს ცოცხალი აღარ არის. თანაც, „პოეზიარის“ მაქებარ-მადიდებლების აზრით, მოღალატეობის სტატუსს იმსახურებს უკლებლივ ყველა (ბუნებრივია, მათ შორის მე და ჩემისთანებიც), ვინც ზვიად გამსახურდიას და მისი ხელისუფლების პოლიტიკას არ ეთანხმებოდა. ხაზს ვუსვამ - იარაღით ხელში კი არ ებრძოდა, არამედ, არ ეთანხმებოდა! ამიტომაც, და კიდევ სხვა მორალური პრინციპებიდან გამომდინარე, „სიის“ პესონალურ შემადგენლობას აღარ გავიმეორებ.
„აკაკი ბაქრაძე იყო დიდი მოაზროვნე, მან უღალატა ეროვნულ ხელისუფლებას და კრემლის სამსახურში ჩადგა. თუ აქ გამოჩნდება ვინმე ისეთი ვიგინდარა, ვინც შეეცდება ნაცარი შეაყაროს ხალხს თვალებში, მას სათანადო პასუხს გავცემ.“
ძალიან მეშინია, მაგრამ შინაარსიდან გამომდინარე, სწორედ ამ სტატუსის ავტორი (და მისი მომწონებელი) გახლავთ სამარცხვინოდ უვიცი ვიგინდარა - როგორ უნდა ეღალატა აკაკი ბაქრაძეს ეროვნული ხელისუფლებისთვის, როცა იგი არასდროს ყოფილა ეროვნული ხელისუფლების წევრი ან მხარდამჭერი! ზვიად გამსახურდიასა და მისი ხელისუფლებისთვის შეეძლოთ ეღალატათ ზვიად გამსახურდიას ხელისუფლების წევრებს და მათ მხარდამჭერებს. და ისინი ასეც მოიქცნენ კიდეც!
„ახალგაზრდებო, იცოდეთ სიმართლე, საუბედუროდ, ისინი ებრძოდნენ საქართველოს თავისუფლების იდეას და მის ლიდერს - ზვიად გამსახურდიას“.
„დიახ, ასე იყო, მათ გაამართლეს საკუთარი ქმედება და როლი მტრის მხარის ერთგულებისა. ისინი საქართველოს ებრძოდნენ, მაგრამ ქართველი მწერლები ერქვათ. აი, რასთან უხდებოდა ბრძოლა ზვიადს.“
„ნოდარ დუმბაძე იყო ერთი ბანალური კონფორმისტი...“
სამაგიეროდ, თურმე „დიდი ქართველი პოეტი“ ყოფილა ვინმე ზვიად რატიანი, რომელიც ბოროტი ხულიგნობისა და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობისთვის გაასამართლეს და ამჟამად სასჯელს იხდის. აქვე გულწრფელად მოვუბოდიშებ ბატონ ზვიადს და მის ოჯახს, მაგრამ მე ვწერ არა მის დამნაშავეობა-უდანაშაულობაზე ან პოლიტიკურ შეხედულებებზე, არამედ ზოგიერთი ძალად ლიტერატორი „პოლიტიკოსის“ უმწეო მცდელობაზე ამ გულუბრყვილო პოეტის გასაფეტიშებლად:
„გავა წლები და თინა რუხაძეს აუცილებლად გაიხსენებენ, როგორც კულტურის მინისტრს, რომლის დროსაც დიდ ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს ფიზიკურად გაუსწორდნენ და დააპატიმრეს“.
ამ პოეტის „დიდობასა და მიუწვდომლობაში“ დასარწმუნებლად შემოგთავაზებთ ორიოდე ამონარიდს მისი ლექსებიდან:
„ესეც თქვენი უკეთესი მომავალი. ზუსტად ისეთი, როგორიც გვთხოვეთ. მცირედი დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდით, მაგრამ გაგვიგეთ: მოთხოვნილება მაღალია, ყველა გვაჩქარებს. ეს მოხმარების წესებია. გადაიკითხეთ. საგარანტიო ფურცლის ასლი თქვენთან რჩება. აქ ხელს მოაწერთ. თითქოს მართლაც ისეთი ჩანს, როგორიც ვთხოვეთ, მაგრამ მაინც ეჭვიანად ვათვალიერებთ. შენ ქალი ხარ – მოხმარების ბუნდოვანი წესები გაფრთხობს, მე – საგარანტიო ვადების სიმცირე. შენ ქალი ხარ – ფანჯრებს აღებ და მომავლის თვალისმომჭრელ შუქში ლივლივებ, მე კი ჯერაც კართან ვდგავარ და კურიერს დაბნეული ვართმევ ფურცელს, ერთხანს უაზროდ ვაკვირდები, ვითომ ვკითხულობ, და ხელს ვაწერ მითითებულ სვეტში: მაპატიეთ“.
კიდევ ერთხელ გავიმეორებ - „რატიანისტების“ ყოვლად ფარისევლური აზრით, ეს არის ლექსი, თანაც - შესანიშნავი და დიდებული!
ბოლოს გავხვეტეთ მათი ფერფლი, და დავიშალეთ...“
ამ ლექსის წაკითხვის შემდეგ, „კანეშნა“, გოგლას „ყივჩაღის პაემანი“ არარაობად მოგეჩვენებათ. და რა გასაკვირია, რომ მსოფლიოში აღიარებული პოლიტიკოსი და ლიტერატურისმცოდნე ხატია დეკანოიძე მას „დიდებულს“, ხოლო თვით ლაშა ბუღაძე - „შედევრს“ უწოდებს. დიახ, სწორედ ის „დიდი ლაშა“, რვაასი წლის წინათ გარდაცვლილი ჩვენი სასიქადულო მეფის, თამარის საწოლში შეძრომა და მისი ბნელი სექსუალური საიდუმლოებების სამზეოზე გამოტანა რომ მოახერხა!
კიდევ ერთხელ გავიმეორებ უკვე მრავალგზის ნათქვამ ანბანურ ჭეშმარიტებას: ცნობილი და პოპულარული ქართველი ისტორიული პირების, მეფეების, საზოგადო მოღვაწეების, მწერლების, პოეტების, საერთოდ, ღირსეული მამულიშვილების თავზეხელაღებული ლანძღვა-გინება ერთადერთ ბინძურ მიზანს, ახალგაზრდების ტვინის გამორეცხვას ემსახურება; მათ დარწმუნებას, რომ არც ისტორიაში და არც თანამედროვეობაში ავტორიტეტების არსებობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს; რომ დავით გურამიშვილსა და ზვიად რატიანს, დავით აღმაშენებელსა და მიშა სააკაშვილს, თამარ მეფესა და ელენე ხოშტარიას შორის არავითარი განსხვავება არ არსებობს; ამიტომ არ წაიკითხოთ წიგნები, მიაფურთხეთ მეცნიერებას, დარჩით უვიცებად, ირბინეთ ქუჩებში, არ მოერიდოთ ბილწსიტყვაობას - პრესტიჟული ადგილები საზოგადოებაში და თანამდებობები სახელისუფლო სტრუქტურებში თქვენთვის უამისოდაც გარანტირებულია.
ამ ბილწი სიცრუის აქაური და უცხოელი ავტორები კი თვითონ ჩრდილში მიყუჟულან და უფსკრულში გადაჩეხვისთვის გამეტებულ ახალგაზრდებს ცინიკური ქირქილით შორიდან უყურებენ. ზვიად რატიანიც ერთ-ერთი ასეთი გამეტებულია.
- რატომ არის, რომ დასავლეთ საქართველოში დაბადებული პოეტები, ადრეც და ახლაც, რიცხობრივად მეტნი და ბევრად ძლიერები იყვნენ, ვიდრე აღმოსავლეთში მცხოვრებნი ბოლო 200 წლის განმავლობაში?
- პირადად მე მუზებით განებივრებული არა ვარ, მაგრამ, აი, ჩემს მეზობელ ტახოს ცოლის საგინებლად მუზა რომ შემოელევა, მის საძებრად თოხით მხარზე ვენახში მიდის.
- თქვენთვის მნიშვნელობა აქვს ტუალეტში დაიწერება ლექსი, ავტობუსში, საძინებელში თუ ლამაზ ბუნებაში?
- რა თქმა უნდა, აქვს! როგორც დიდი ქართველი მწერალი და ყოვლისმცოდნე ბატონი ლაშა ბუღაძე ბრძანებს, ტუალეტში დაწერილ ლექსს სულ სხვა გემო და ლაზათი აქვს და სულ სხვა სურნელი ასდის!
- რომელი უფრო გასაკიცხია, გათხოვილი პოეტი ქალის ღალატი, თუ ცოლიანი პოეტი კაცის ღალატი სხვა პოეტთან?
- ვფიქრობ, თუ ის პოეტი ქალი ან მამაკაცი ამას პოეზიის სიყვარულით და მუზის კარნახით აკეთებს, მაშინ გასაკიცხი არც ერთია და არც მეორე - გალაკტიონი ხომ გახსოვთ: „პოეზია უპირველეს ყოვლისა!“
- რა თემებზე უნდა წეროს ქალმა ლექსები?
- თუ გასათხოვარია, აჯობებს, ფილოსოფიურ თემებზე წეროს, მაგალითად, ლიბერტარიანიზმზე, პოსტმოდერნიზმზე ან ფემინიზმზე. თუ გათხოვილია, ვფიქრობ, დედამთილური სასიყვარულო თემა მისი რძლური კარიერისთვის ზედგამოჭრილი იქნება.
- ვინმე დაიღალეთ სიცოცხლით და სანატრელი სიკვდილი დაგრჩათ?
- სამწუხაროდ, ამ კითხვას ჩემს დაბადებამდე სულ რაღაც 400 წლით ადრე უკვე უპასუხა ჩვენმა უანგარო ინგლისელმა მეგობარმა უილიამ შექსპირმა. მეც მისი სიტყვების გამეორების მეტი აღარაფერი დამრჩენია: „ყველაფრით დაღლილს სანატრელად სიკვდილი დამრჩა... რადგან უწმინდეს ხელოვნებას ასობენ ლახვარს, რადგან უვიცი და რეგვენი ბრძენობს ადვილად, რადგან სიმართლე სისულელედ ითვლება ახლა, რადგან სიკეთე ბოროტების ტყვედ ჩავარდნილა...“
თეიმურაზ ქორიძე
პოლიტიკა
ქვეყანა ბაბილონის გოდოლს დაემსგავსა...
თითქოს ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ერთმანეთისა არ გვესმის; ერთი და იგივე საგანს ვუყურებთ და სხვადასხვა რამეს ვხედავთ; ერთ ფერს ვინ შავად აღიქვამს, ვინ-თეთრად; ერთსა და იმავეს ვისმენთ და სხვადასხვა დასკვნას ვაკეთებთ...