თურქეთის ნატოში გაწევრების სისხლიანი საფასური | საქართველოს რესპუბლიკა
პოლიტიკა
თურქეთის ნატოში გაწევრების სისხლიანი საფასური
დღეს აღმოსავლეთ ევროპაში ისევ არის პრეტენდენტი ქვეყანა, რომელსაც ნატოში შესვლა სურს, მაგრამ დღევანდელი კონფიგურაცია ბევრად რთულია 1952 წელთან შედარებით. რუსეთის მოთხოვნები მასშტაბურია, მოსკოვის პოზიცია კი მკაცრი. ესკალაციის საფრთხე რეალურია. ამერიკას ევროპიდან წასვლა სურს, ევროპელები კი, თავის მხრივ, ნერვიულობენ და ისე არაპროგნოზირებულად მოქმედებენ როგორც არასდროს.
ავტორი სიმონ კილაძე7 წთ წაკითხვა
გაზიარება:
თურქეთის ნატოში გაწევრების სისხლიანი საფასური
რა დაუჯდა თურქეთს ნატოს წევრად მიღება? ახლა სწორედ ის დროა, გავიხსენოთ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში მისი საკმაოდ დავიწყებული უპრეცედენტო ისტორია, როცა ის კორეის ნახევარკუნძულზე დაწყებულ ომში აშშ-ის მხარეზე მონაწილებოდა და რომელიც ანკარისათვის ძალიან სისხლიანი გამოდგა.
1950 წლის 25 ივლისს თურქეთის მთავრობამ მოულოდნელად გამოაცხადა, რომ თავის ჯარებს კორეის საომარი მოქმედებების თეატრში გაგზავნის. ოფიციალურად, თურქული სამხედრო კონტინგენტი 5 ათასი ჯარისკაცის შემადგენლობით გაეროს სამხედრო ძალების ჩარჩოებში მოქმედებდა, მაგრამ რეალურად თურქები აშშ-ის სახმელეთო დივიზიის „ტროპიკულ ელვის“ სარდლობას ემორჩილებოდა. ამ პრელიუდიას კი წინ უძღოდა ცივი ომის ადრეული პერიოდის საგარეოპოლიტიკური მანევრები, რომლებიც ჯერ კიდევ XX საუკუნის 20-იანი წლების პირველ ნახევარში დაიწყო.
იოსებ სტალინი და მუსტაფა ქემალი: „მეგობრობა გზად და ხიდად?“
1925 წლის დეკემბერში სსრ კავშირმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ნეიტრალიტეტისა და თავდაუსხმელობის შესახებ. იმ დროიდან მოყოლებული, ორი მეზობელი სახელმწიფოს ურთიერთობა უკონფლიქტო არ ყოფილა, მაგრამ მთლიანობაში მეგობრული იყო. მუსტაფა ქემალი ათა-თურქი და იოსებ სტალინი იმდროინდელ მსოფლიო პოლიტიკურ არენაზე, შეიძლება ითქვას, ახალბედებიც იყვნენ და იმავდროულად გარიყულებიც. ისინი ანტანტის წევრ სახელმწიფოებს (დასავლეთს) თავიანთ ყველაზე სახიფათო მოწინააღმდეგეებად თვლიდნენ. როგორც იზოლირებული ქვეყნები, ორივე ერთმანეთის პარტნიორობისაკენ ისწრაფვოდა. მოსკოვი თურქეთს აწვდიდა დანადგარებს საფეიქრო მრეწველობისთვის, უზიარებდა ტექნიკურ ცოდნას და სამუშაოდ გზავნიდა საბჭოთა ინჟინრებს, რომლებიც თურქეთის რესპუბლიკას უკიდურესად ესაჭიროებოდა ეკონომიკის მოდერნიზებაში. მუსტაფა ქემალ ათა-თურქისა და იოსებ სტალინის ურთიერთობა აგებული იყო ერთმანეთის პატივისცემაზე. ყველაზე მნიშვნელოვანი ორივე ქვეყნისათვის იყო საზღვრების აღიარება - მშვიდობიანი მეზობლობის ერთ-ერთი მთავარი პირობა.
მაგრამ იმავდროულად შენარჩუნებული იყო თურქეთის ტრადიციული კავშირები გერმანიასთან, რაც გაგრძელდა 1933 წლის შემდეგაც, როცა გერმანიის ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტები მოვიდნენ ადოლფ ჰიტლერის მეთაურობით. ეს ფაქტი საბჭოთა კავშირისათვის შემაშფოთებელი იყო. მესამე რაიხის დიპლომატები, უპირველესად კი გერმანიის ელჩი თურქეთში ფრანც ფონ პაპენი - ერთ-ერთი პიროვნება, რომელმაც ადოლფ ჰიტლერს დახმარება გაუწია ქვეყნის ხელისუფლებაში მოსულიყო, დიდ ძალისხმევას ახმარდა თურქეთისა და გერმანიის ურთიერთობის გაღრმავებას, თუმცაღა ანკარას თავისი ინტერესებიც ჰქონდა, რაც ბერლინს მაინცდამაინც არ მოსწონდა. რადგანაც თურქეთს სურდა ეკონომიკური კავშირების გაფართოება გერმანიასთან, მან 1933 წლიდან ფართოდ გაუღო კარი ნაცისტური გერმანიიდან გაქცეულ მიგრანტებს - ბევრ გერმანელ და ებრაელ მეცნიერს, ინჟინერს და ინტელექტუალს: ისინი თურქულ უნივერსიტეტებში ასწავლიდნენ, მუშაობდნენ თურქულ კომპანიებში და ხელს უწყობდნენ თურქული სახელმწიფოს მოდერნიზებას ათა-თურქის ხედვების საფუძველზე. ფაქტიურად, გერმანული სამეცნიერო-ტექნიკური მიგრანტები საბჭოთა ინჟინრების კონკურენტად იქცნენ თურქულ ეკონომიკურ ფრონტზე.
1941 წლის 18 ივნისს, როცა მუსტაფა ქემალ ათა-თურქი უკვე ოთხი წლის გარდაცვლილი იყო, მესამე რაიხმა და თურქეთის რესპუბლიკამ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მეგობრობისა და თავდაუსხმელობის შესახებ. შემთხვევით არ მომხდარა ეს ფაქტი ოპერაცია „ბარბაროსას“ დაწყების წინ - სამი დღის შემდეგ გერმანია თავს დაესხა საბჭოთა კავშირს. ომის დროს თურქეთმა თავისი ჯარების დიდი ნაწილი საბჭოთა კავშირთან საზღვრის პერიმეტრზე განალაგა და თურქი სამხედრო დამკვირვებლები, ვერმახტის მიწვევით, გერმანია-სსრკ-ის ფრონტის ხაზზე გაგზავნა. თურქეთი ასევე აწვდიდა რიგ სასარგებლო წიაღისეულს გერმანიას. ამასთან, ისიც უნდა ითქვას, რომ თურქეთს სტრატეგიული შეცდომა არ დაუშვია - არ ჩაბმულა საბჭოთა კავშირის წინააღმდეგ ომში გერმანიის მხარეზე. მაგრამ იოსებ სტალინისა და მისი საგარეო საქმეთა სახკომის (მინისტრის) ვიაჩესლავ მოლოტოვის თვალსაზრისით, თურქეთის როლი შეიცვალა - საიმედო პარტნიორიდან ქვეყანა არაერთგვაროვან საეჭვო მეზობლად გადაიქცა. თურქეთის მხრიდან ზურგშექცევას იოსებ სტალინი სიცოცხლის ბოლომდე ვერ შეეგუა...
თურქეთზე რომ დიპლომატიური ზეწოლა მოეხდინა, 1945 წლის მარტში, როცა საბჭოთა ჯარები უკვე ბერლინის მისადგომებთან იბრძოდნენ, იოსებ სტალინმა უარი განაცხადა 1925 წელს დადებული ნეიტრალიტეტისა და თავდაუსხმელობის შეთანხმების მოქმედების ვადის გაგრძელებაზე (პროლონგაციაზე). შესაბამისად, ვიაჩესლავ მოლოტოვმა დაასახელა სამი პირობა ორ მეზობელ ქვეყანას შორის მშვიდობიანი ურთიერთობების გასაგრძელებლად: პირველი - ერთობლივი საბჭოურ-თურქული კონტროლი ბოსფორ-დარდანელის სრუტეების მიმართ, მეორე - საბჭოთა სამხედრო საზღვაო ბაზების შექმნა ორივე სრუტის ნაპირებზე და მესამე - 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ თურქეთისათვის მოსკოვისა და ყარსის ხელშეკრულებებით გადაცემული ტერიტორიების - ართვინისა და არტაანის ოლქების - საბჭოთა კავშირისათვის დაბრუნება.
რა თქმა უნდა, თურქეთმა კატეგორიულად უარყო სამივე პირობა და კრემლის ზეწოლას არ დაემორჩილა მას შემდეგაც კი, როცა სსრ კავშირმა 1945 წლის ზაფხულში და მთელი 1946 წლის განმავლობაში თურქეთზე სამხედრო ზეწოლა გააძლიერა. არ იყო გამორიცხული, რომ მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან რამდენიმე თვის შემდეგ ახალი ომი დაწყებულიყო, ამჯერად ევროპის სამხრეT-აღმოსავლეთ ფლანგზე. ანკარამ ჩათვალა, რომ ყოფილ ახლო მეგობარ-პარტნიორთან ომი მართლაც შეიძლებოდა დაწყებულიყო და ახალი მოკავშირეების ძებნას შეუდგა.
თურქეთის მდგომარეობა უკიდურესად მყიფე იყო. დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე ანკარა მარტოდმარტო რჩებოდა საბჭოთა კავშირთან, რომელიც რამდენჯერმე აღემატებოდა თურქეთს სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით. თურქულ პრესაში დაიწყო იოსებ სტალინის წყევლა-კრულოვა, მას უწოდებდნენ „რუსი მეფე-იმპერატორების მემკვიდრეს“, „მსოფლიო იმპერიალისტს“... თურქი ჟურნალისტები წერდნენ, რომ „სტალინი არაფრით არ განსხვავდება რომანოვებისაგან“ და ა.შ. მოკლედ, თურქეთის მთავრობა აგიტაცია-პროპაგანდის დახმარებით მოსახლეობას სსრ კავშირთან ომისათვის ამზადებდა.
ვაშინგტონის უარი ანკარას: „ნატოში ვერ მიგიღებთ“
იყო თუ არა კრემლის მუქარა რეალური? საბჭოთა კავშირის საგრეო საქმეთა სამინისტროს არქივების ადრე საიდუმლო და აწ უკვე ღია მასალები ისეთია, რომ ზუსტად ვერ იტყვი, ვერ ვიტყვით, მართლაც გეგმავდა თუ არა იოსებ სტალინი თურქეთზე თავდასხმას. ფაქტია, რომ თურქეთზე მაქსიმალურად ხდებოდა ზეწოლა და მუქარა დათმობებზე თანხმობის მისაღწევად [თითქოსდა ისე ჩანდა, რომ საქართველოსა და სომხეთის სსრ-ებიც ემზადებოდნენ ტერიტორიების მისაერთებლად], მაგრამ საბოლოო ჯამში ეს იყო პოლიტიკური მუქარა და სამხედრო ძალის გამოყენება, როგორც ჩანს, დაგეგმილი არ იყო. მაგრამ საიდან უნდა სცოდნოდა ანკარას, რომ მოსკოვი ბლეფობდა?
უკვე 1949 წლისათვის, ნატოს შექმნიდან ცოტა ხნის შემდეგ, თურქეთმა ზონდაჟი დაიწყო ტრანსატლანტიკურ სამხედრო ალიანსში შესვლის მიზნით, მაგრამ ვაშინგტონმა ანკარის თხოვნა თავდაპირველად უარყო. როგორც ჩანს, ალიანსის რიგმა წევრებმაც ჩათვალეს, რისკი ძალიან მაღალი იყო. რადგანაც ნატოს წესდების (ხელშეკრულების) მე-5 მუხლი კოლექტიურ სამხედრო დაცვას ითვალისწინებდა ნატოს წევრზე რომელიმე სხვა სახელმწიფოს თავდასხმის შემთხვევაში, იმ დროისათვის კრემლთან პირდაპირი კონფრონტაცია არავის არ უნდოდა. მოკლედ, როგორიც არ უნდა ყოფილიყო მოტივი, შედეგი ერთმნიშვნელოვანი აღმოჩნდა: ნატოს ლიდერებმა თურქეთს დასავლურ სამხედრო ალიანსში გზა დაუკეტეს.
საბოლოოდ, თურქეთი უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. საბჭოტა მუქარა-საფრთხისაგან რომ თავი დაეცვა - რეალურისაგან თუ არარეალურისაგან - ანკარას ჭირდებოდა მფარველობა დიდი სახელმწიფოს მხრიდან, ან უკეთეს შემთხვევაში, მთლიანი ალიანსისაგან. რა ფასის გადახდა იყო ამისათვის? ისტორიული პასუხი სრულიად ნათელია: აქტიური მონაწილეობა ომში დიდი სახელმწიფოს მხარეზე. სწორედ იმ ხანებში, აზიის აღმოსავლეთში, დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტი მოკლე ხანში უმკაცრეს ომად გადაიქცა კორეის ნახევარკუნძულზე იდეოლოგიურ-პოლიტიკური ბატონობისათვის.
კორეის ომში ჩაბმა
კორეის ომი დღემდე ითვლება მე-20 საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე სისხლისმღვრელ ომად. სამი წლის განმავლობაში ჩრდილოელი კომუნისტები და სამხრეთელი ანტიკომუნისტები ერთმანეთს გამეტებით ხოცავდნენ (4 მილიონი ჯარისკაცი), იღუპებოდა მშვიდობიანი მოსახლეობაც, დაახლოებით კორეელების 25%. ეს იყო ტერიტორიული და იდეოლოგიური კონფლიქტი, რომელიც მიმდინარეობდა კომუნისტურ და დასავლურ-კაპიტალისტურ ბანაკებს შორის. აშშ როგორც დასავლეთის ჰეგემონი, გაეროს სამხედრო ძალებს ხელმძღვანელობდა სამხრეთელი ანტიკომუნისტების მხარეზე, ჩრდილოელ კომუნისტებს კი საბჭოთა კავშირი და ახლადშექმნილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა ეხმარებოდნენ.
ცივი ომის ლოგიკა უშვებდა მსოფლიოს ქვეყნების მხოლოდ მეგობრებად და მტრებად დაყოფას. თურქეთმა, გაგზავნა რა საკმაოდ მრავალრიცხოვანი სამხედრო კონტინგენტი კორეის ომში, ერთმნიშვნელოვნად აჩვენა, თუ რომელ ბანაკს მიეკუთვნება. თურქი ჯარისკაცები მძიმე ბრძოლებში მონაწილეობდნენ, უმეტესად ჩინეთის ჯარების წინააღმდეგ. 5 ათასი თურქი სამხედრო მოსამსახურიდან 721 დაიღუპა, 2 ათასზე მეტი კი დაიჭრა და დასახიჩრდა. კორეის ომში დაღუპულებს თურქეთში დღესაც გმირებად თვლიან. აშშ-ის არმიის 25-ე დივიზია „ტროპიკული ელვა“, რომლის შემადგენლობაში თურქები მსახურობდნენ, მოგვიანებით იბრძოდა ვიეტნამში, ქუვეითში, ჰაიტზე, ერაყში და ბოლოს, ავღანეთში.
კორეის „ხორცსაკეპი“ სამი წლის შემდეგ დასრულდა - 1953 წელს, ფრედ. გამარჯვებას ვერც პროსაბჭოურმა ჩრდილოეთმა ვერ მიაღწია, ვერც პროამერიკულმა სამხრეთმა. ღირდა თურქეთისათვის ასეთ მსხვერპლზე წასვლა? ალბათ, ღირდა. ჯერ კიდევ არ იყო კორეის ომი დამტავრებული, რომ თურქეთი 1952 წელს ნატოს წევრად მიიღეს. იოსებ სტალინის სიკვდილის შემდეგ კი ნიკიტა ხრუშჩოვმა თურქეთის მიმართ ტერიტორიული პრეტენზიები უკან წაიღო. იგი თავის წინამორბედს პოლიტიკურად არაშორსმჭვრეტელად თვლიდა თურქეთთან მიმართებით: „საბოლოოდ თურქეთი დავკარგეთ როგორც მეგობარი და მივიღეთ ამერიკული სამხედრო ბაზები ჩვენს სამხრეთ ფლანგზე“. საბჭოთა კავშირმა აღიარა, რომ თურქეთის ნატოში მიღება კრემლის დიპლომატიურ მარცხს წარმოადგენდა.
უსაფრთხოების ფასი
თურქეთმა ნატოში წეცვრობისათვის მაღალი ფასი გადაიხადა. დღეს მისი მთავარი კაპიტალი გამოიხატება გეოგრაფიულ მდებარეობაში ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის. თურქეთის ამჟამინდელი ურთიერთობა რუსეთთან , უკრაინს ომის მიუხედავად, საკმაოდ პოზიტიურად გამოიყურება. თურქეთი არ მიუერთდა დასავლურ სანქციებს. მიუხედავად იმისა, რომ ათა-თურქის სამშობლო ნატოს წევრია, ანკარა შეიარაღების გარკვეულ ნაწილს რუსეთიდან იღებს. ბუნებრივია, ანკარის პოლიტიკა რუსეთთან ნატოელ პარტნიორებს აღიზიანებთ, მაგრამ ისინი იძულებულნი არიან ეს წინასწარ გაითვალისწინონ. ამ შემთხვევაში ორმაგ პოლიტიკას ძალის მომგებიანი ბალანსის ჩამოყალიბება შეუძლია.
დღეს აღმოსავლეთ ევროპაში ისევ არის პრეტენდენტი ქვეყანა, რომელსაც ნატოში შესვლა სურს, მაგრამ დღევანდელი კონფიგურაცია ბევრად რთულია 1952 წელთან შედარებით. რუსეთის მოთხოვნები მასშტაბურია, მოსკოვის პოზიცია კი მკაცრი. ესკალაციის საფრთხე რეალურია. ამერიკას ევროპიდან წასვლა სურს, ევროპელები კი, თავის მხრივ, ნერვიულობენ და ისე არაპროგნოზირებულად მოქმედებენ როგორც არასდროს.
შესაძლოა, თურქეთს უფრო უკეთესი იდეა აქვს, ვიდრე რუსეთ-უკრაინის დაუსრულებელი კონფლიქტია? აშკარაა, რომ უკრაინის მიღება ნატოს წევრად სტაბილურობის სასურველ დონეს ვერ უზრუნველყოფს და პირიქით, დაპირისპირებას უფრო გააღვივებს. ევროპელებისათვის, როგორც ჩანს, კარგი იქნება, რომ საკუთარი ისტორია კარგად შეისწავლონ.
თითქოს ერთ ენაზე ვლაპარაკობთ, მაგრამ ერთმანეთისა არ გვესმის; ერთი და იგივე საგანს ვუყურებთ და სხვადასხვა რამეს ვხედავთ; ერთ ფერს ვინ შავად აღიქვამს, ვინ-თეთრად; ერთსა და იმავეს ვისმენთ და სხვადასხვა დასკვნას ვაკეთებთ...