- მიწა რომ დედაა, ეს იქაც იციან, სადაც მიწას დედამიწას არ ეძახიან და გლეხს - გუთნისდედასო, წერდა ქართველ მწერლებში ყველაზე კოლორიტული გლეხი დაქართველ გლეხებში ყველაზე დიდი მწერალი ოტია იოსელიანი 1990 წელს გამოქვეყნებულ პუბლიცისტურ წერილში, როცა ეროვნული მოძრაობის თავკაცები ქართული მიწის მადლს იფიცებდნენ გულზე მჯიღის დარტყმით.
რაც უნდა მტკივნეული იყოს ამის აღიარება, გასული 35 წლის განმავლობაში ისეთი დაუდევრობით ექცეოდა ამ ღვთითბოძებულ საუნჯეს ყველა მომდევნო ხელისუფლება, დღეის მდგომარეობით შაგრენის ტყავივითაა შემცირებული და ათასი ჯურის გადამთიელებისგან მიტაცებულ-ოკუპირებულ-დასაკუთრებული!
სულკურთხეული ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ არაერთი ამაღელვებელი მოგონება მოგვისმენია მისი უწმინდესობის სამოქალაქო პოზიციასთან დაკავშირებით, მაგრამ ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა ისეთი უმნიშვნელოვანესი თემა, რომელიც ქართველი ერის იდენტობასთან არის სისხლხორცეულად დაკავშირებული - ქართული მიწისა და მისი რაციონალურად გამოყენების საკითხი. 1994 წლის სააღდგომო ეპისტოლეში ბრძენი პატრიარქი ასე მიმართავდა ახალგაზრდა თაობას: „ნუ ეძებთ იოლ გზებს, ისინი მხოლოდ დაღუპვისკენ გვიბიძგებენ. ნუ გახდებით მეწვრილმანენი და მოვაჭრენი. ყიდვა-გაყიდვა და მასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობანი აფუჭებს და ამახინჯებს ადამიანის სულს. ჩვენი წინაპრებისთვის მე-19 საუკუნეშიც კი ეს ხელობა არასასურველ საქმედ ითვლებოდა...
მიხედეთ მიწას. მიწა დაგაპურებთ და გაგათბობთ. ბუნებასთან კავშირი აჯანსაღებს კაცის სულსა და სხეულს“.
კარგ მთქმელს, კარგი გამგონი უნდაო, ნათქვამია. მიუხედავად იმისა, რომ 1992 წლის რეფორმის შედეგად მიწების მნიშვნელოვანი ნაწილი კერძო მესაკუთრეებზე იყო განაწილებული, ხელშეწყობის გარეშე დარჩენილი გლეხობა ვერ ახერხებდა მის დამუშავებას და უცხოეთიდან შემოტანილი ჰუმანიტარული დახმარების მოლოდინში ვიყავით შესაბრალისად ხელგაშვერილი.
როგორც მოსალოდნელი იყო, მისმა უწმინდესობამ აქაც დაინახა რეალური საფრთხე და 2001 წლის საშობაო ეპისტოლეში უფრო სიღრმისეულად გაანალიზა შექმნილი სიტუაცია: „სამწუხაროდ, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილში დაკარგულია განცდა იმისა, რომ უშრომლად ნაშოვნი ლუკმა საწამლავია. რაც ჩვენი ოფლით არ არის მოპოვებული, არ გვეკუთვნის და ეშმაკის მიერ შემოთავაზებული თვალისმომჭრელი საცდურია. ასეთი შხამით ნასაზრდოები ცალკეული ადამიანი თუ ოჯახი ბედნიერი ვერასოდეს იქნება“.
სხვათაშორის, იგივე აზრია გატარებული ოტია იოსელიანის ერთ-ერთ საგაზეთო ინტერვიუში, სადაც მწერალი ჩვეული პირდაპირობით ამხელს სხვისი მოიმედეობის პოლიტიკას, რომელიც იმ პერიოდში ღიად იყო წახალისებული: „შენი ოფლით შენს მიწაზე მოწეულ პურს აქვს შენი სისხლის და ჯიშის გადარჩენის ძალა. უნდა დავანებოთ თავი ვინცხეის ქვეყანაში ძუნძულს. იმათ კაი ქვეყანა თუ აქვთ, შენ კი არ აგიშენებია. ჩვენ, რასაც დავთესავთ, მხოლოდ იმით დაპურების უფლება გვაქვს“.
მკითხველს უთუოდ ემახსოვრება საგულისხმო პასაჟი ნოდარ დუმბაძის რომანიდან „მარადისობის კანონი“, როცა მოხუცი მწყემსი ბაჩანა რამიშვილთან საუბარში დაიჩივლებს, შვილები მსაყვედურობენ, თავს რატომ გვჭრი, შენი დასასაქმებელი რა გვჭირს, რძე და ხორცი თუ დაგვჭირდება, ბაზრიდანაც კარგად მოვიტანთო. ბაზარსა და მაღაზიაში ვინღა მიიტანს, იმას კი აღარ კითხულობენ მამაძაღლებიო!
უმადურობა არ მახასიათებს, ამიტომ გულწრფელად გამიხარდა, წყალტუბოში რომ ჩამოვიდა სოფლის მეურნეობის მინისტრი და წარმატებული მეურნეობები მოინახულა, მაგრამ საქმეს უთუოდ სასიკეთოდ წაადგებოდა, იმ სასოფლო-სამეურნეო სავარგულებსაც თუ შეავლებდა თვალს, ეკალ-ბარდებითა და კაცის სიმაღლე სარეველებით რომ არის დაფარული.
თითქოს აზიური ფაროსანა, კოლორადოს ხოჭო თუ ამერიკული პეპელა არ იყო საკმარისი, გლეხს გული რომ აცრუვებოდა, ახლა საწვავის გაძვირებამ და მექანიზაციის დეფიციტმა შეუქმნა დამატებითი სირთულეები და მწარმოებლიდან მომხმარებლად აქცია იგი.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2025 წელს 2 მილიარდ 52 მილიონი დოლარის იმპორტირებული სასურსათო პროდუქცია გვაქვს შეძენილი უცხოეთში, რაც 356 მილიონით მეტია წინა წელთან შედარებით.
იმავე პერიოდში მოხმარებული 637 ათასი ტონა ხორბლის ორ მესამედზე მეტი - 492 ათასი ტონა, ასევე უცხოეთიდან გვაქვს შემოტანილი. ქართველები პურის მჭამელი ხალხი ვართ, როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით, ამიტომ მარცვლეული კულტურების მოყვანა პრიორიტეტული უნდა იყოს სოფლის მეურნეობაში.
საკუთარი გამოცდილებით ვიცი, რომ როცა ხელისუფლების მხრიდან გულგრილობას აწყდები, ემოცია გიჩლუნგდება და ენთუზიაზმი გიქვეითდება, რაც ფსიქოლოგიური ხასიათის პრობლემადაა მიჩნეული თანამედროვე საზოგადოებაში.
ესეც არ იყოს, აბა, რა პასუხი უნდა მოგვეთხოვა სოფლის მეურნეობის ისეთი დილეტანტი ნაცი მინისტრისთვის, რომელსაც ძროხა ორსქესიანი პირუტყვი ეგონა, ხოლო ვაზის ჭიგოს და ღობის სარს ერთმანეთისგან ვერ არჩევდა!
„სოფელს თავისი, ზუსტად გაანგარიშებული შემოსავალ-გასავალი აქვს და უღრანში ფოჩხი არ აგდია სადმე ზედმეტი, მინდორში - ბღუჯა ბალახი და ყანაში - ჩალის ღერი“...
„რისგან რა გვჭირს, უპირველესად ამის ცოდნა გვმართებს, მაგრამ ცოდნა გულისგულამდე, ძირისძირამდე, ღდინისღდინამდე“.
„როცა უნდათ სნეულს უწამლონ, დაავადების მიზეზს ეძებენ, რა სნებამ, რა სახადმა, რა წაქცევამ, რა დაცემამ დამართა, რა ქვა და მეხი ეცა, რა ჭირი და ავი ზნე, რა უჟმური და მავნე შეეყარა“...
„დავიხედოთ მიწაზე და ვიკითხოთ, რა ამბავია ჩვენს თავს???“
„ქართველი კაცი და ვენახი?
ეს ორი სიცოცხლეა, ორი არსება, ორი ერთმანეთის პატრონი და ერთმანთის ნუგეში, ერთმანეთის მოიმედე, ერთმანეთის ჭირისუფალი და ლხინში თანამდგომი, თანამზრახველ-გამგები, გამგონი, გამტანი, განუყრელი, განუშორებელი, ღირსება, პატივი, სახელი, კაცობა... ვენახით იზომება კაცის ღირსება“...
„შენს ბეღელში სხვა არაფერს ჩაყრის - ბეღელი შენ უნდა აავსო. ბეღელს ვინ აავსებს? გლეხი! გლეხი სადაა?..“
ვინც გულდასმით დააკვირდება, მშრომელი ხალხის წიაღიდან გამოსული მწერლის შემოქმედებაში განსაკუთრებით თვალშისაცემია მრავალწერტილი, რაც მკითხველს იძულებულს ხდის, თვითონ მოიფიქროს ნავარაუდევი პასუხი თუ წინადადების დასასრული. ასე მოხდა ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როცა მწერალს პასუხი არ გაუცია კითხვაზე: გლეხი სადაა?
ღმერთმა ნუ ქნას, გლეხის გარეშე დარჩეს ისედაც გაუკაცრიელების პირას მყოფი ასეულობით სოფელი, მაგრამ შრომისმოყვარე ადამიანების ნაკლებობა რომ თვალშისაცემია საქართველოში, ამის თქმა დაბეჯითებით შეგვიძლია.
„მოძმე მრავალი მიწას კბილებით ჩააფრინდება“-ო, ამბობს ძველი წელთაღრიცხვის მე-8 საუკუნის ძველი ბერძენი პოეტი და მწიგნობარი ჰომეროსი „ილიადაში“. არაერთი თავგანწირული წინააღმდეგობის მიუხედავად, კბილებით ვერ ჩავაფრინდით მშობლიურ მიწას, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე რომ იყო გაჭენებულ-გამოჭენებული, თუმცა, სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ არც ჩვენ სახელოვან მეფეებს და არც მათ ქვეშევრდომებს მცდელობა არ დაუკლიათ, საკუთარი სიცოცხლის ფასად დაეცვათ ღვთითბოძებული ეროვნული სიმდიდრე.
თუ ხელისუფლებამ არ გამოიჩინა მეტი წინდახედულება და ჯეროვანი ყურადღება არ დაუთმო სასოფლო-სამეურნეო სექტორის განვითარებას, არაერთი გლეხი კვლავ შეკრავს გუდანაბადს და შემთხვევით ჩამოვლილ ავტომანქანას დაემგზავრება, ქალაქისკენ მიმავალ გზაზე.
წინასწარმეტყველმა სოლომონმა, ვიდრე სამეფო ტახტზე დაიკავებდა ადგილს, ღმერთს შესთხოვა, მიეცა მისთვის სიბრძნე, რათა სამართლიანად ემართა ქვეყანა და ერთმანეთისგან გაერჩია სიკეთე და ბოროტება. როგორც ცნობილია, მამაზე ცბიერმა შეისმინა მეფის ვედრება და ასე შემორჩა ისტორიას სოლომონ ბრძენის სახელი!
ღმერთმა მოგმადლოთ, ქალბატონებო და ბატონებო სიბრძნე, რაც შეგაძლებინებთ, სამართლიანად მართოთ ქვეყანა, რომლის გამგებლობა ქართველი ერისგან გაქვთ დაკისრებული.
თეიმურაზ ჯანელიძე
საზოგადოება
იშვიათი ორტომეული ქართულ-იტალიური ურთიერთობის შესახებ
საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საქართველოს კულტურის სამინისტროს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და კლასიკური ფილოლოგის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ერთობლივი ორგანიზებით, მეცნიერებათა აკადემიაში ჩატარდა ორტომეულის პრეზენტაცია, რომელიც ეხებოდა ქართულ-იტალიურ ურთიერთობებს.