Skip to main content საქართველოს რესპუბლიკა არის ქართული გაზეთი, რომელიც გამოდის 1918 წლიდან.
© 2026 საქართველოს რესპუბლიკა. ყველა უფლება დაცულია
სუვერენიტეტი იწყებოდა ასე... | საქართველოს რესპუბლიკა
მთავარი პოლიტიკა სუვერენიტეტი იწყებოდა ასე... პოლიტიკა მოსაზრება
სუვერენიტეტი იწყებოდა ასე... სსრ კავშირიდან საქართველოს გასვლისა და ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნას, რომელიც საბჭოთა კონსტიტუციით მოკავშირე რესპუბლიკების უპირობო უფლებად იყო აღიარებული, საბჭოთა ხელისუფლებამ, სამართლებრივი არგუმენტების უქონლობის გამო, სამხედრო ძალა დაუპირისპირა და 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მრავალათასიანი მშვიდობიანი მიტინგი, რასაც ათეულობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.
ავტორი ჯონი ხეცურიანი 3 მაისი, 2026 11 წთ წაკითხვასუვერენიტეტი იწყებოდა ასე...
35 წელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან
2026 წლის 8 აპრილს, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში გაიმართა პრეზიდიუმის მორიგი სხდომა, რომელიც შესავალი სიტყვით გახსნა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა რამაზ ხუროძემ. განსახილველ საკითხად გამოტანილი იქნა აკადემიკოს ჯონი ხეცურიანის მოხსენება – „35 წელი - საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენიდან“.
მოხსენების შემდეგ გაიმართა დისკუსია.
საქართველოს პარლამენტის განათლების და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა თავის გამოსვლაში განაცხადა: „ძალიან მნიშვნელოვანია ამ ინფორმაციის მიღება უშუალოდ მონაწილე პირისგან, მათთვის, ვისაც არ გვახსოვს საქართველოს ისტორიის ეს ნაწილი. მინდა გამოვხატო ჩემი პატივისცემა თქვენდამი და აღვნიშნო, რომ დღესაც გვიწევს ბრძოლა და ყოველდღე გავდივართ იმ ვიწრო და ეკლიან გზას, რომელიც დღესაც აქტუალურია; დღესაც გვიწევს სუვერენიტეტის დაცვა. დიდი პატივისცემით მინდა გითხრათ ერთი კარგი ინიციატივის შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტში ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე კომისიაში დავიწყეთ, ეს არის „გმირის დღე“. ამ პროექტის მთავარი არსი არის ის, რომ სასკოლო პროგრამის მიღმა ვესაუბროთ ჩვენს ახალგაზრდებს იმ ეროვნულ გმირებზე, იმ ადამიანებზე, იმ ისტორიებზე, რამაც შემოგვინახა ჩვენი ქვეყანა. მე დიდი სიამოვნებით მოგიწვევდით თქვენ ამ პროექტში სასაუბროდ. ჩვენი კომიტეტის მხრიდან სრული მხარდაჭერა და თანამშრომლობა გვექნება თქვენთან“.
დისკუსიაში აგრეთვე მონაწილეობდნენ საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონია, საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე მერაბ ტურავა, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი , საქართველოს განათლების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსი ქეთევან ქოქრაშვილი, აკადემიკოსები – ლია მელიქიშვილი, ელიზბარ ჯაველიძე, ელგუჯა მეძმარიაშვილმა, რამაზ ხეცურიანი, გიორგი სოსიაშვილი, მინდია უგრეხელიძი, მიხეილ ჯიბუტი, პროფესორი პაატა სურგულაძე და სხვ.
აქვე გთავაზობთ აკადემიკოს ჯონი ხეცურიანის გამოსვლის სრულ ტექსტს.
გასული საუკუნის 80-იანი წლების მიწურულს, საქართველოში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის აღმავლობის კვალობაზე, განსაკუთრებით აქტუალური გახდა სსრ კავშირიდან საქართველოს გასვლისა და საბჭოთა რუსეთის აგრესიის შედეგად დაკარგული საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის იდეა.
სსრ კავშირიდან საქართველოს გასვლისა და ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნას, რომელიც საბჭოთა კონსტიტუციით მოკავშირე რესპუბლიკების უპირობო უფლებად იყო აღიარებული, საბჭოთა ხელისუფლებამ, სამართლებრივი არგუმენტების უქონლობის გამო, სამხედრო ძალა დაუპირისპირა და 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, თბილისში, განსაკუთრებული სისასტიკით დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მთავრობის სახლის წინ მიმდინარე მრავალათასიანი მშვიდობიანი მიტინგი, რასაც ათეულობით ადამიანის მსხვერპლი მოჰყვა.
9 აპრილის ტრაგედიის შემდეგ ნათელი გახდა, რომ მხოლოდ მიტინგებით, მანიფესტაციებითა და არსებულ ხელისუფლებაზე ზემოქმედების სხვა ფორმების გამოყენებით შეუძლებელი იქნებოდა ქვეყნის დამოუკიდებლობის მოპოვება. საჭირო იყო ხელისუფლებაში ეროვნული, პატრიოტული ძალების მოსვლა და შემდეგ, სწორედ ხელისუფლების მეშვეობით ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხის გადაწყვეტა. მშვიდობიანად ხელისუფლების შეცვლა შესაძლებელი იყო მხოლოდ მრავალპარტიული, თავისუფალი, დემოკრატიული არჩევნების გზით.
ამ დროისათვის კი არც პოლიტიკური პარტიების სამართლებრივი მდგომარეობა იყო განსაზღვრული და არც შესაბამისი საარჩევნო კანონი არსებობდა. საბჭოური საარჩევნო კანონმდებლობა კომუნისტური პარტიის მონოპოლიურ მდგომარეობაზე, უფრო სწორად, ერთპარტიულ სისტემაზე იყო მორგებული. სხვა პოლიტიკური გაერთიანებები (გარდა კომუნისტური პარტიისა) მაშინ არაფორმალურ ორგანიზაციებად იწოდებოდნენ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არარსებობის გამო. საჭირო იყო ამ ანტიდემოკრატიული საკანონმდებლო რეალობის შეცვლა.
ამ მიზნით 1990 წელს გამოვაქვეყნე რამდენიმე წერილი, რომელშიც საზღვარგარეთის დემოკრატიული ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით საზოგადოებასა და ხელისუფლებას შევთავაზე პოლიტიკური პარტიების, წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებისა და რეფერენდუმის შესახებ მისაღები კანონების ძირითადი დებულებები. 1
უმთავრესი აქ ის იყო, რომ კანონმდებლობით, პოლიტიკური პარტიების როლი და ფუნქციები მჭიდროდ უნდა დაკავშირებოდა ხელისუფლების ორგანოთა არჩევნების პროცესს. ამ საქმეს უნდა ჩამოშორებოდნენ საზოგადოებრივი (არაპოლიტიკური) გაერთიანებები, რომლებითაც ხელისუფლება ოსტატურად მანიპულირებდა წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნებისას. არჩევნები მკაცრად პარტიული ხასიათის უნდა ყოფილიყო. ასეთ პირობებში არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარება გამართლებული იქნებოდა, მაგრამ, რადგანაც მაშინ პოლიტიკური პარტიების უმეტესობა ორგანიზაციული ფორმირების საწყის სტადიაზე იმყოფებოდა, მიზანშეწონილად მიმაჩნდა, საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნების შერეული სისტემით (მაჟორიტარულ-პროპორციულით) ჩატარება. საგულისხმოა, რომ შემდგომ, საქართველოში უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს თითქმის ყველა არჩევნები ამ სისტემით ჩატარდა. ამასთანავე, დავასაბუთე ორი პრინციპული ხასიათის წინადადება, რომელთა გათვალისწინება მომავალ საკანონმდებლო აქტებში აუცილებლად მიმაჩნდა. პირველის თანახმად, რესპუბლიკის სუვერენიტეტის დაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, კანონით უნდა აკრძალულიყო საქართველოს ტერიტორიაზე ისეთი პარტიული ორგანიზაციების შექმნა და მოქმედება, რომლებიც რესპუბლიკის ფარგლებს გარეთ არსებული პოლიტიკური პარტიების სტრუქტურულ ერთეულებს წარმოადგენდნენ. ცხადი იყო, ამის შემდეგ, საქართველოს კომპარტია უნდა გამოსულიყო საბჭოთა კავშირის კომპარტიის შემადგენლობიდან, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი კანონგარეშედ გამოცხადდებოდა. მეორე წინადადება შეეხებოდა საყოველთაო საარჩევნო უფლების გარკვეულ შეზღუდვას. კერძოდ, კანონით საქართველოს წარმომადგენლობითი ორგანოს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ უნდა ჰქონოდათ იმ პირებს, რომლებიც მსახურობდნენ საბჭოთა არმიაში, სსრ კავშირის შინაგან ჯარებში და სხვა სამხედრო ან გასამხედროებულ შენაერთებში. მათი პირადი შემადგენლობის რიცხოვნობა იმდენად დიდი იყო, რომ ხელისუფლებას შეეძლო, მათი ხმების გამოყენებით, არსებითი გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე. ჩემი აზრით, ამ შეზღუდვის საფუძველი იყო ის გარემოება, რომ ეს დაწესებულებები საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების იურისდიქციას არ ექვემდებარებოდნენ და, ამდენად, იქ მომუშავე პირებს საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების ფორმირებაში არ უნდა მიეღოთ მონაწილეობა.
ეს წინადადებები გათვალისწინებული იქნა 1990 წლის 18 აგვისტოს მიღებულ საარჩევნო კანონში,2 რომლის შემუშავებაში უშუალოდ მივიღე მონაწილეობა. იმავე წლის აგვისტოში გაზეთ „ცხოვრება და კანონში“ გამოქვეყნებულ წერილში „რას გვაძლევს ახალი კანონი “, ვწერდი: „სწორედ ამ კანონის საფუძველზე არჩეულმა ხელისუფლების უზენაესმა ორგანომ უნდა გადაჭრას რესპუბლიკისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე ის საკითხები, რომლებიც კარგა ხანია აღელვებს ქართველ ერს, რესპუბლიკის მთელ მოსახლეობას “.3
ამასთანავე, განსაკუთრებული ყურადღება დავუთმე უშუალო დემოკრატიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუტის - რეფერენდუმის საკითხს. მე ამ ინსტიტუტზე მაშინ სრულიად შეგნებულად გავამახვილე ყურადღება, რადგანაც მიმაჩნდა, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის საკითხი არა მხოლო დეკლარაციით (როგორც ეს ჩვენმა წინაპრებმა გააკეთეს 1918 წელს), არამედ უშუალოდ ხალხის მიერ საყოველთაო-სახალხო კენჭისყრით - რეფერენდუმით უნდა გადაწყვეტილიყო. რეფერენდუმით მიღებულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებული იურიდიული ძალა ექნებოდა და მისი გაუთვალისწინებლობა, ვისგანაც უნდა ყოფილიყო იგი, ხალხის ნების იგნორირებად აღიქმებოდა.
1990 წელსვე გამოვაქვეყნე წერილი „რეფერენდუმი“4 , რომელშიც დავასაბუთე რეფერენდუმის შესახებ სპეციალური კანონის მიღების აუცილებლობა საქართველოს სსრ კონსტიტუციით გათვალისწინებული უშუალო დემოკრატიის ამ ინსტიტუტის ასამოქმედებლად. ჩემი აზრით, რეფერენდუმი უნდა ჩატარებულიყო როგორც ხელისუფლების წარმომადგენლობითი ორგანოს, ასევე ამომრჩეველთა გარკვეული ჯგუფის ინიციატივით, ქვეყნის სახელმწიფო და საზოგადოებრივი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი საკითხების გადასაწყვეტად. ამასთანავე, რეფერენდუმის შედეგებს იურიდიული ძალა უნდა ჰქონოდა და საკითხი საბოლოოდ გადაეწყვიტა. რეფერენდუმის შედეგად მიღებული გადაწყვეტილების შეცვლა შესაძლებელი უნდა ყოფილიყო მხოლოდ რეფერენდუმით. აქვე მივუთითე, რომ რეფერენდუმის გამოყენებით, ხალხს არაერთხელ მიუღწევია წარმატებისათვის. მაგალითად, 1905 წელს ნორვეგიამ სწორედ რეფერენდუმის გზით შეძლო შვედეთისგან გამოყოფა და დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება.
ახალი საარჩევნო კანონის საფუძველზე, 1990 წლის 28 ოქტომბერს, საბჭოთა სივრცეში პირველად, საქართველოში გაიმართა ქვეყნის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს მრავალპარტიული, დემოკრატიული არჩევნები. ქართველმა ხალხმა ამ არჩევნებში მხარი დაუჭირა იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა საპროგრამო ამოცანა იყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა. პოლიტიკურმა გაერთიანებამ „მრგვალმა მაგიდამ - თავისუფალმა საქართველომ“ ზვიად გამსახურდიას ხელმძღვანელობით, არჩევნებში აშკარა უპირატესობით გაიმარჯვა.
ახალარჩეული უზენაესი საბჭოს პირველ სხდომაზე, 1990 წლის 14 ნოემბერს ზვიად გამსახურდია უზენაესი საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს. იმავე სხდომაზე მიიღეს კანონი „საქართველოს რესპუბლიკაში გარდამავალი პერიოდის გამოცხადების შესახებ“5 , რომლის თანახმად, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში უნდა მომზადებულიყო საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის საფუძვლები. ამავე კანონით მნიშვნელოვანი ცვლილებები შევიდა მოქმედ კონსტიტუციაში. იგი გათავისუფლდა კომუნისტური, სოციალისტური და საბჭოური ცნებებისა და დებულებებისაგან. ტექსტიდან ამოიღეს კომუნისტური პარტიის სტატუსის განმსაზღვრელი დებულება (მე-6 მუხლი). უარი ითქვა საბჭოური ტიპის სახელმწიფოზე. კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ „ საქართველოს რესპუბლიკა არის სუვერენული საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მემკვიდრე სახელმწიფო. იგი ძალადობით არის შეყვანილი სსრ კავშირის შემადგენლობაში “ (68-ე მუხლი).
არჩევნების შემდეგ ჩამოყალიბებულ მთავრობაში მე იუსტიციის მინისტრის პოსტი დავიკავე. სხვა საკითხებთან ერთად, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რეფერენდუმის შესახებ კანონის მიღებას. ამ კანონის ძირითადი პრინციპები, როგორც ეს ზემოთ აღვნიშნეთ, უკვე გარკვეული გვქონდა. ამიტომ იგი სწრაფადვე იქნა მიღებული 1991 წლის 29 იანვარს.6 ამ კანონის მიღებიდან სულ მალე რეფერენდუმის საკითხი უაღრესად აქტუალური გახდა როგორც მთელ საბჭოეთში, ისე ეროვნული ხელისუფლებისათვის საქართველოში. საბჭოთა კავშირის იმჟამინდელმა ხელმძღვანელობამ სსრ კავშირის ისტორიაში პირველად (და ეს უკანასკნელიც გამოდგა), გადაწყვიტა რეფერენდუმის ჩატარება 1991 წლის 17 მარტს „საბჭოთა კავშირის როგორც განახლებული ფედერაციის“ შენარჩუნების საკითხზე.7 ცხადი იყო, ხალხის ნების აპელირებით ხელისუფლება ცდილობდა, შეეჩერებინა საბჭოთა იმპერიის რღვევის პროცესი.
შექმნილ ვითარებაში საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ 1991 წლის 28 თებერვალს მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება, სახელდობრ, საქართველოს არ უნდა მიეღო მონაწილეობა საკავშირო რეფერენდუმში და, ამასთანავე, 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარებულიყო რეფერენდუმი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის თაობაზე კითხვით: „ თანახმა ხართ თუ არა, აღსდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე ?“ 8
ამრიგად, რეფერენდუმს რეფერენდუმითვე უნდა დავპირისპირებოდით. ეს სამართლებრივი ბრძოლის იშვიათი მაგალითი იყო.
საქართველომ საკავშირო რეფერენდუმში მონაწილეობა არ მიიღო, სამაგიეროდ, 1991 წლის 31 მარტს საქართველოში ჩატარებული რეფერენდუმით, საარჩევნო უფლების მქონე მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.9
ახლა უკვე საჭირო იყო რეფერენდუმის შედეგებში გამოვლენილი ხალხის ნება სათანადო სამართლებრივ ფორმაში გამოგვეხატა. ზვიად გამსახურდიას დავალებით შევუდექით საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის პროექტის მომზადებას. რა თქმა უნდა, როგორც პოლიტიკურად, ისე სამართლებრივად, ამ პროექტის შედგენისას მთავარი ორიენტირი საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი იყო, თუმცა, მისი მიღებიდან უკვე საკმაო დრო იყო გასული, რეალობებიც შეცვლილი იყო მსოფლიოში და ამასთან, ზვიად გამსახურდიასაც ჰქონდა გარკვეული შენიშვნები მის მიმართ. კერძოდ, იგი, ჩემი აზრით სრულიად სამართლიანად, გამოთქვამდა გულისწყრომას დამოუკიდებლობის აქტის იმ ნაწილის მიმართ, რომელშიც პირდაპირ ნათქვამია, რომ „ მეთვრამეტე საუკუნის დასასრულს ყოველ მხრით მტრისაგან შევიწროვებული საქართველო თავისი ნებით შეუერთდა რუსეთს. ..“. ასევე არ მოსწონდა ისიც, რომ დამოუკიდებლობის აქტის გაცნობისას იქმნებოდა შთაბეჭდილება, თითქოს საქართველო იმ დროს არსებული საერთაშორისო მდგომარეობის გამო, იძულებული იყო, გამოეცხადებინა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. რასაკვირველია, ეს გარემოებები სრულებითაც არ აკნინებდა ამ აქტის უდიდეს პოლიტიკურ და სამართლებრივ მნიშვნელობას და მისი გათვალისწინება სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის შემუშავებისას აუცილებელი იყო.
როდესაც დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის პროექტი წარვუდგინე ზვიად გამსახურდიას, მან თავისი ხელით რამდენიმე არსებითი ცვლილება და დამატება შეიტანა მასში. სახელდობრ, პროექტში ეწერა, რომ მე-19 საუკუნის დასაწყისში საქართველოს სახელმწიფოებრიობა დაკარგული იქნა გარეშე ძალის ჩარევით. ზვიად გამსახურდიამ ამის ნაცვლად ჩაწერა: „ საქართველოს სახელმწიფოებრიობა ქართველმა ერმა მე-19 საუკუნის დასაწყისში დაკარგა რუსეთის იმპერიის მიერ საქართველოს ანექსიისა და სახელმწიფოებრიობის გაუქმების შედეგად “.
პროექტში მითითებული იყო, რომ „საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში საქართველოს იძულებითი ყოფნის მთელი პერიოდი აღინიშნა სისხლიანი ტერორითა და რეპრესიებით...“. ზვიად გამსახურდიამ ამ აბზაცს ასეთი დამატება წაუმძღვარა: „ საქართველო საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში ნებაყოფლობით არ შესულა, ხოლო მისი სახელმწიფოებრიობა დღესაც არსებობს, დამოუკიდებლობის აქტი და კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან დემოკრატიულ მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია “.
ზვიად გამსახურდიამ კიდევ ორი მნიშვნელოვანი დამატება შეიტანა პროექტში. ერთი ეხებოდა ავტონომიებს, ხოლო მეორე საქართველოს საგარეო პოლიტიკას. პირველი დამატება ასეთი შინაარსის იყო: „ საქართველოს რესპუბლიკა ავტონომიის მტკიცე კონსტიტუციურ გარანტიას აძლევს აფხაზ ხალხს, ხოლო აჭარის ავტონომიის საკითხი გადაწყდება რეფერენდუმით “. მეორე დამატების თანახმად, სახელმწიფოთა შორის ყოველგვარ სამხედრო კონფლიქტებში საქართველო ნეიტრალურ სახელმწიფოდ უნდა დარჩენილიყო. მე ჩემი მოსაზრებები მოვახსენე ზვიად გამსახურდიას ამ ორი დამატების თაობაზე. ჩემი აზრით, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში ავტონომიის შესაძლო გაუქმების შესახებ თუნდაც მინიშნება, არ იქნებოდა მიზანშეწონილი, მეტადრე იმ პირობებში, როდესაც ერთი ავტონომია, სახელდობრ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქი, უკვე გაუქმებული იყო ჩვენი ხელისუფლების მიერ და იქ წარმოშობილი კონფლიქტი კვლავაც გრძელდებოდა. რაც შეეხება ნეიტრალიტეტს, მართალია, ეს იდეა მომხიბვლელად გამოიყურებოდა, თანაც 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის დებულებას იმეორებდა, მაგრამ მიმაჩნდა, რომ იმ დროს, როდესაც ქვეყანას ჯერ კიდევ არ გააჩნდა საკუთარი ეროვნული შეიარაღებული ძალები და თავდაცვის საიმედო საშუალებები, ნეიტრალურად ყოფნა, რბილად რომ ვთქვათ, სახიფათო იყო. საბჭოთა იმპერიისაგან თავის დახსნა და შესაძლო აგრესიის არდაშვება, მით უმეტეს, მოგერიება, ძლიერი მოკავშირეების გარეშე უიმედო საქმედ მეჩვენებოდა, თანაც ნეიტრალიტეტის სტატუსის მიღება მხოლოდ ჩვენს სურვილზე არ იყო დამოკიდებული, მას სხვა ქვეყნების მხრიდან აღიარება სჭირდებოდა. მართალია, ჩვენმა წინაპრებმა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტში საქართველო ნეიტრალურ სახელმწიფოდ გამოაცხადეს, მაგრამ შემდეგ, 1921 წლის კონსტიტუციაში ეს დებულება აღარ შეიტანეს სწორედ ზემოაღნიშნული მიზეზების გამო.1 0
საბოლოოდ, სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის პროექტი ამ ორი დამატების გარეშე იქნა შედგენილი, ხოლო მისი მიღების დღედ 1991 წლის 9 აპრილი განისაზღვრა.
1991 წლის 9 აპრილს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, რომელიც ეყრდნობოდა 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმით გამოხატულ საქართველოს მოსახლეობის ერთსულოვან ნებას, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის ზვიად გამსახურდიას წინადადებით, თავის საგანგებო სხდომაზე საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.1 1
საქართველოს 1991 წლის 9 აპრილის დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი არა მხოლოდ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის საქვეყნოდ დეკლარირებაა, არამედ უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციურ-სამართლებრივი დოკუმენტია, რომელიც განსაზღვრავს ქვეყნის სახელმწიფოებრივი და სამართლებრივი განვითარების ძირითად ორიენტირებს. მისი უმაღლესი იურიდიული ძალის დადასტურებაა უზენაესი საბჭოს მიერ იმავე დღესვე მიღებული კანონი „საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოქმედების შესახებ“,1 2 რომლის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის კანონმდებლობა შესაბამისობაში უნდა იქნეს მოყვანილი 1991 წლის 9 აპრილს დამტკიცებულ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტთან (მე-3 პუნქტი).1 3
დამოუკიდებლობის აღდგენის აქტში გადმოცემულია შემდეგი ძირითადი დებულებები:
- საქართველოს სახელმწიფოებრიობის ჩამოყალიბება ამ აქტით კი არ იწყება, არამედ მისი მეოხებით ხდება რუსეთის მიერ მე-19 და მე-20 საუკუნეებში საქართველოს მიმართ ორჯერ განხორციელებული აგრესიის, ოკუპაციისა და ანექსიის შედეგების დაძლევა და მრავალსაუკუნოვანი ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენა;
- საქართველოს აღდგენილი სახელმწიფოებრიობა საქართველოს 1918-1921 წლების დემოკრატიული რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეა და არა საბჭოთა კავშირიდან გამოყოფილი სახელმწიფო, რომლის შემადგენლობაშიც იგი იძულებით იყო ინკორპორირებული;
- საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტი და 1921 წლის კონსტიტუცია დღესაც იურიდიული ძალის მქონეა, ვინაიდან საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის 1921 წლის სამხედრო აგრესიის დროს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობას კაპიტულაციაზე ხელი არ მოუწერია;
- საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა განახორციელა ქართველმა ხალხმა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმით, რომელიც დანიშნა 1990 წლის 28 ოქტომბერს მრავალპარტიული, დემოკრატიული გზით არჩეულმა საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ (სახალხო სუვერენიტეტი).
- ქართველმა ხალხმა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა აღადგინა საქართველოს 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე და საქართველო სუვერენულ სახელმწიფოდ გამოცხადდა, რომლის ტერიტორიაზე უზენაესია მხოლოდ საქართველოს რესპუბლიკის კონსტიტუცია და ხელისუფლება. ამიტომ სხვა სახელმწიფოთა ნებისმიერი მოქმედბა, რომელიც შეზღუდავს საქართველოს რესპუბლიკის ხელისუფლების უზენაესობას, ჩაითვლება სუვერენული სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩარევად (სახელმწიფო სუვერენიტეტი, სხვა სახელმწიფოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობის პრინციპი);
- საქართველოს სუვერენული რესპუბლიკის ტერიტორია ერთიანია და განუყოფელი. ამიტომ ყოველი მოქმედება, მიმართული რესპუბლიკის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისაკენ, ჩაითვლება აგრესიად და საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევად (სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ხელშეუხებლობის პრინციპი);
- საქართველოს რესპუბლიკის ერთ-ერთ ძირითად კონსტიტუციურ პრინციპად აღიარებულია საერთაშორისო სამართლის პრიმატი საქართველოს რესპუბლიკის კანონების მიმართ და მისი ნორმების პირდაპირი მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე;
− საქართველოს რესპუბლიკა თანაბრად დაიცავს ადამიანის, ეროვნული, ეთნიკური, რელიგიური და ენობრივი ჯგუფების საერთაშორისო სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებულ ყველა ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს (ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა პატივისცემის პრინციპი);
- საქართველო მტკიცედ დაიცავს სხვა სახელმწიფოებთან პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული თანამშრომლობის საყოველთაოდ აღიარებულ საერთაშორისო სამართლებრივ პრინციპს;
- საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა სრულად შეესაბამება საერთაშორისო სამართლებრივ აქტებს, „რომლებიც აღიარებენ და განამტკიცებენ ყველა ხალხის უფლებას დამოუკიდებლად განაგოს თავისი ქვეყნის პოლიტიკური ბედი “ (ხალხთა თვითგამორკვევის პრინციპი);
- გამოთქმულია იმედი, რომ სახელმწიფოთა საერთაშორისო თანამეგობრობა „ აღიარებს საქართველოს აღორძინებულ სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობას, რაც საქართველოს რესპუბლიკის უშიშროების ერთ-ერთი ყველაზე მტკიცე გარანტია იქნება “.
ამრიგად, ყოფილ საბჭოეთში საქართველო აღმოჩნდა ის ქვეყანა, რომელმაც ერთ-ერთმა პირველმა მიიღო დარტყმა საბჭოთა იმპერიული მანქანისაგან, მსხვერპლი გაიღო ეროვნული დამოუკიდებლობის მოთხოვნისათვის და ერთ-ერთმა პირველმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, რითაც დაჩქარდა საბჭოთა კავშირის, როგორც საერთაშორისო სამართლის სუბიექტისა და გეოპოლიტიკური რეალობის რღვევის პროცესი, ხოლო საქართველომ განაგრძო 1918 წლის 26 მაისს დაწყებული თანამედროვე, დემოკრატიული, დამოუკიდებელი სახელმწიფოს მშენებლობა.
დღეს აღმოსავლეთ ევროპაში ისევ არის პრეტენდენტი ქვეყანა, რომელსაც ნატოში შესვლა სურს, მაგრამ დღევანდელი კონფიგურაცია ბევრად რთულია 1952 წელთან შედარებით. რუსეთის მოთხოვნები მასშტაბურია, მოსკოვის პოზიცია კი მკაცრი. ესკალაციის საფრთხე რეალურია. ამერიკას ევროპიდან წასვლა სურს, ევროპელები კი, თავის მხრივ, ნერვიულობენ და ისე არაპროგნოზირებულად მოქმედებენ როგორც არასდროს.