რომელი იმპერია დაარტყამს პირველად?! | საქართველოს რესპუბლიკა
პოლიტიკამოსაზრება
რომელი იმპერია დაარტყამს პირველად?!
ძველი მსოფლიო წესრიგი აღარ ინგრევა, ის უკვე ჩამონგრეულია. უბრალოდ ,ნანგრევებს ჯერ კიდევ ძველი წარწერები აქვს, როგორიცაა საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები, სახელმწიფოებრივი უზენაესობა, საზღვრების ურღვეობა, თავისუფალი ნაოსნობა, საკუთრების დაცვა, გარემოსდაცვითი ნორმები, ინტელექტუალური საკუთრება, საგარეო ურთიერთობათა ქცევის წესები და კიდევ ათასი ლამაზი სიტყვა. ამ ტერმინებს გაცხადებულ დოკუმენტებში ისევ იყენებენ, თუმცა ქმედით პოლიტიკაში მხოლოდ მაშინ ახსენებენ, როცა ძლიერებს სჭირდებათ.
ავტორი ირაკლი ყიფიანი15 წთ წაკითხვა
გაზიარება:
ავტორი
ირაკლი ყიფიანი
მრავალპოლუსიანი "თავისუფლება"
რომელი იმპერია დაარტყამს პირველად?!
ძველი მსოფლიო წესრიგი აღარ ინგრევა, ის უკვე ჩამონგრეულია. უბრალოდ ,ნანგრევებს ჯერ კიდევ ძველი წარწერები აქვს, როგორიცაა საერთაშორისო სამართალი, ადამიანის უფლებები, სახელმწიფოებრივი უზენაესობა, საზღვრების ურღვეობა, თავისუფალი ნაოსნობა, საკუთრების დაცვა, გარემოსდაცვითი ნორმები, ინტელექტუალური საკუთრება, საგარეო ურთიერთობათა ქცევის წესები და კიდევ ათასი ლამაზი სიტყვა. ამ ტერმინებს გაცხადებულ დოკუმენტებში ისევ იყენებენ, თუმცა ქმედით პოლიტიკაში მხოლოდ მაშინ ახსენებენ, როცა ძლიერებს სჭირდებათ.
ახალი წესრიგი გაცილებით მარტივია, გაცილებით უხეში და გაცილებით გულწრფელი. ეს არის სამყაროს ის მოცემულობა, სადაც სამართალი აღარ წარმოადგენს დამოუკიდებელ საზომს. სამართალი არის ის, რაზეც ძალაუფლების მფლობელები დროებით შეთანხმდნენ. დღეს მოქმედებს არა საერთაშორისო სამართალი, არამედ ძალისმიერი განლაგება.
ხსენებულ წესრიგში მთავარი ლოგიკა შემდეგნაირია. ეს ჩვენია, ის კი თქვენი, იმ პირობით, რომ ძლიერი სახელმწიფოები თანხმდებიან. ერთ სივრცეში ვითანამშრომლებთ, თუკი მხარეებს აწყობთ და სრულიად უმნიშვნელოა დანარჩენთა აზრი. მეორე სივრცეში ვიპაექრებთ, ხან დადგენილი წესებით და ხანაც მათ გარეშე, ვითარების მოთხოვნის შესაბამისად. იქვე შესაძლოა შეიარაღებული ძალაც იქნას გამოყენებული, ოღონდ ბირთვული განადგურების ზღვარს არ უნდა გადავაბიჯოთ. საერთაშორისო სამართალი კი იმოქმედებს მხოლოდ იქამდე, სანამ ის ამ ოთხივე ნაწილს არ შეეჯახება. როგორც კი გადაიკვეთება, სამართალი ქრება და რჩება ის, რაც ყოველთვის იყო იმპერიების უკანასკნელი საყრდენი, კერძოდ კი უხეში ძალა.
X X X
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, პეკინში ტრამპისა და სი ძინპინის შეხვედრა რიგითი საგარეო-პოლიტიკური მოვლენა ნამდვილად არ არის. ეს შეხვედრა წარმოადგენს ახალი სამყაროს სიმბოლურ სანახაობას. ანკორიჯის იმპულსის შემდეგ გაჩნდა პეკინის ფორმულა. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს არის ჯუნნანჰაის ფორმულა, თუმცა, რადგან ხსენებული სიტყვის წარმოთქმა პოლიტიკური წრეების დიდ ნაწილს ენის მოტეხვით დაემუქრება, უმჯობესია, უბრალოდ პეკინის ფორმულა ვუწოდოთ.
ნახსენები ფორმულა მშვიდობის მომტანი სულაც არ გახლავთ, ეს უფრო შეთანხმების თვალთმაქცობაა. მხარეები შეთანხმდნენ, რომ უნდა ილაპარაკონ. შეთანხმდნენ, რომ არ უნდა ჩამოიშალოს ურთიერთობა. შეთანხმდნენ, რომ ჩინეთ-ამერიკის კავშირი მსოფლიოში ყველაზე მნიშვნელოვანი ორმხრივი მოვლენაა. შეთანხმდნენ იმაზეც, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს, ჰორმუზის სრუტე ღია უნდა იყოს და თეირანი საზღვაო გზების გამოყენებაზე გადასახადს არ უნდა აწესებდეს. მიუხედავად ამისა, მთავარი კითხვა სხვა რამეში მდგომარეობს.
ჩინეთმა მიიღო ზუსტად ის, რაც სურდა. როგორც ყიდულობდა ირანულ ნავთობს, ისე გააგრძელებს შემდგომშიც. ირანი კი რჩება ისეთად, როგორიც აქამდე იყო. სწორედ ეს არის პეკინის საგარეო პოლიტიკის მთავარი ხიბლი. გარეგნულად ვხედავთ შეთანხმებას, შინაარსობრივად კი არსებული ვითარების შენარჩუნებას, რაც გრძელვადიან გათვლებში დროის მოგებას ემსახურება.
სი ძინპინის სიტყვებში მთავარი სათქმელი იყო არა თანამშრომლობა, არა მშვიდობა და არა მეგობრობა. მთავარი გახლდათ ის, რომ არ უნდა დაეშვათ ურთიერთობების ჩაშლა. მოცემულობა ნიშნავს, რომ ორივე მხარეს კარგად ესმის არსებული უფსკრულის შესახებ. უბრალოდ, ახლა ცდილობენ ეს უფსკრული ხიდად გაასაღონ, სანამ ორივე მხარე საკუთარ რიგებს ბოლომდე გადააწყობს.
სი ძინპინმა ეს ურთიერთობა მხოლოდ ორი სახელმწიფოს კავშირად არ წარმოაჩინა. მისი თქმით, ჩინეთ-ამერიკის ურთიერთობა ორივე ქვეყნის 1.7 მილიარდზე მეტი ადამიანის კეთილდღეობას ეხება და, ამავდროულად, 8 მილიარდზე მეტი ადამიანის ინტერესებზე ახდენს გავლენას მთელ მსოფლიოში. ეს უკვე უბრალო დიპლომატიური ფრაზა კი არ არის, არამედ გლობალური პასუხისმგებლობის ენით ნათქვამი იმპერიული განაცხადი: პეკინი საკუთარ თავს მხოლოდ ჩინეთის სახელით აღარ ალაპარაკებს, ის ცდილობს მსოფლიო წესრიგის ერთ-ერთ მთავარ მეურვედ წარმოჩნდეს.
მით უფრო, რომ ტრამპისთვის საგარეო პოლიტიკა შიდა პოლიტიკური ბაზრის პროდუქტია. სი ძინპინის ვაშინგტონში ჩაყვანა, თუნდაც უშედეგო შეხვედრის ფორმით, ამერიკულ აუდიტორიას მიეყიდება როგორც ჩინეთზე ფსიქოლოგიური გამარჯვება. მას სჭირდება არა შეთანხმების არქიტექტურა, არამედ გამარჯვების კადრი.
ჩინეთი, თავის მხრივ, საჩვენებლად არ მოქმედებს, რადგან მისი ხედვა საუკუნეებს მოიცავს. სწორედ აქ იკვეთება მთავარი განსხვავება. პეკინი საკუთარ გეგმებს შორსმჭვრეტელი მიდგომით ზომავს, ვაშინგტონი კი მოკლევადიანით. ამერიკას ესაჭიროება სწრაფი პოლიტიკური შედეგი, ჩინეთს კი ისტორიული პოზიციის გამყარება. აღნიშნული მიზეზით, ჩინეთი იგებს შუალედურ ნადავლს და ელოდება მთავარს. ტრამპი ფიქრობს, რომ გარიგება დადო, ხოლო ჩინეთი მიიჩნევს, რომ კიდევ ერთი წელიწადი მოიგო.
ამერიკის ამჟამინდელ მეთაურთან სხვაგვარი მიდგომა წარმოუდგენელია და სწორედ ეს არის მისი წინააღმდეგობრივი ღირებულება. ის თესავს არეულობას, რომელიც საშიში, თუმცა გამოყენებადიცაა. ჩინეთი ამას შესანიშნავად ახერხებს. პეკინი ტრამპს აძლევს იმას, რაც მას სჭირდება გარეგნულად, ხოლო შიგნით იღებს იმას, რაც თავად ესაჭიროება გრძელვადიანი მიზნებისთვის. ტრამპის პირობების ფასი მცირეა, რადგან მისი მმართველობა საკუთარივე განწყობების ტყვეა. დღეს შეუძლია ირანთან მოლაპარაკებებზე ისაუბროს, ხვალ კი კვლავ დარტყმა სცადოს. დღეს ჩინეთთან ნაყოფიერ ურთიერთობაზე ისაუბროს, ხვალ კი დამატებითი ბაჟი დაუწესოს. ეს ქცევა არა შორსმჭვრეტელი გეგმა, არამედ ტრამის წამიერი ხასიათია.
შესაბამისად, პეკინის შეხვედრა, მიუხედავად გარეგნული მოცულობისა, უფრო ჰგავდა შემდეგ წესს, რომლის მიხედვითაც მხარეები შეთანხმდნენ, ეცადონ შეთანხმებას, რათა... ჯერ არ შეთანხმდნენ. მიუხედავად ამისა, ხსენებულმა მიდგომამ მაინც ახალი მოცემულობა გააჩინა. პეკინის სული მებრძოლია და პირდაპირ მიანიშნებს, რომ შეერთებული შტატებისა და ჩინეთის დაპირისპირება კვლავ გაგრძელდება და შესაძლოა ღია სამხედრო შეტაკების ზღვარსაც მიაღწიოს. მოვლენათა მსგავსი განვითარება ნიშნავს, რომ გაგრძელდება ირანის ირგვლივ არსებული დაძაბულობა, ენერგომატარებლების ომები, სატრანსპორტო დერეფნებისთვის ბრძოლა და ახალ მსოფლიო შეთანხმებამდე ჯერ კიდევ ძალიან შორია.
პეკინში გამართულ შეხვედრაში ნიშნობრივი ენაც კი საგარეო პოლიტიკურ გზავნილებს ატარებდა. ორი ლიდერის პირისპირ, დახურული და ჟურნალისტების გარეშე გამართული საუბარი ჯუნნანჰაიში მხოლოდ ათ წუთს გაგრძელდა. აღნიშნულ დროში, თარგმანის გათვალისწინებით, ბევრი რამის თქმა შეუძლებელია. თუმცა, ზოგჯერ მთავარია არა სიტყვების რაოდენობა, არამედ თავად სივრცე, სადაც ეს სიტყვები ითქმება.
ჯუნნანჰაი ჩინეთის ძალაუფლების შინაგანი ტაძარი გახლავთ. ეს არის ადგილი, სადაც იმპერია არ იყენებს ყალბ გარემოს და მხოლოდ საკუთარ ბუნებაზე მიანიშნებს. იმპერატორის სასახლის დასავლეთით მდებარე სივრცე, ისტორიული ტბები, ძველი სასახლეები, რესპუბლიკური ჩინეთის მმართველობის ნაშთები და შემდეგ უკვე კომუნისტური ჩინეთის ძალაუფლების ცენტრი, განსაკუთრებულ დატვირთვას ატარებს. სი ძინპინმა ტრამპს სწორედ ამ სივრცეში უთხრა მთავარი სათქმელი არა პირდაპირი სიტყვებით, არამედ გარემოთი, სადაც ნათლად იკითხებოდა, რომ ამერიკელები ახალგაზრდა ძალა არიან, ხოლო ჩინელები უძველესი კულტურული სამყარო. ამერიკელები ჩქარობენ, ჩინელები კი მოთმინებით ელიან...
X X X
განვითარებული მოვლენების კვალდაკვალ, ამერიკული ავიამშენებელი კომპანიის გარშემო დატრიალებული ამბავი უბრალო სავაჭრო გარიგებას აღარ წარმოადგენს. ჩინეთი ხუთასი საჰაერო ხომალდის ნაცვლად მხოლოდ ორასს ყიდულობს, რაც მხოლოდ შემცირებული შეკვეთა არ გახლავთ. ეს სვლა სტუმრის გამგზავრებამდე გაწნილ სილას წააგავს. ტრამპმა ჩინეთში ამერიკული კომერციული წრეების დიდი ქარავანი ჩაიყვანა, მაგრამ პეკინმა ნათლად აჩვენა, რომ გარიგების ფასი ვაშინგტონში აღარ განისაზღვრება. პირობები დგინდება იქ, სადაც ამას ჩინეთი გადაწყვეტს.
დამატებით ყურადღებას იპყრობს ნავთობის მიწოდების საკითხიც. ამერიკის ლიდერი ჩინეთს საკუთარი ნავთობის ყიდვას სთავაზობს, ხოლო ჩინეთის მეთაური ხაზს უსვამს ირანული ნავთობის მნიშვნელობას. გარეგნულად ორივე მათგანი აცხადებს, რომ ჰორმუზის სრუტე ღია უნდა დარჩეს. მოქმედებაში კი ჩინეთი ცხადყოფს, რომ მისი ენერგოუსაფრთხოება ამერიკული პოლიტიკური სურვილების დანამატს არ წარმოადგენს.
სწორედ აქ იჩენს თავს რუსული განმსაზღვრელი გარემოებაც. თუ პუტინის პეკინში დაუგეგმავი ვიზიტის შესახებ გავრცელებულ ცნობებს საერთო მსჯელობაში ჩავსვამთ, მარტივ სურათს მივიღებთ. არსებობს საკითხები, რომლებსაც დისტანციურად აღარ წყვეტენ. როდესაც უდიდესი ძალები რუკებს თავიდან ხატავენ, საუბარი პირისპირ ესაჭიროებათ. ეს ხდება არა იმ მიზეზით, რომ თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებებს არ ენდობიან, არამედ იმიტომ, რომ მსოფლიო გადანაწილების შეთანხმებათა ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ხშირად საერთოდ არ იწერება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ჩნდება ორი კითხვა. კერძოდ, წარმოადგენს თუ არა რუსეთი ჩინეთისთვის შუალედურ ნადავლს, თუ ის აუცილებელი გრძელვადიანი საყრდენია? თავად რუსეთი რა სიგრძის სახაზავით ზომავს საკუთარ მომავალს? თუკი გრძელი სახაზავით ზომავს, ითვლის თუ არა იმ საფასურს, რომელსაც აღნიშნული სახაზავის დაგრძელებისთვის იხდის?
პარალელურად, ამერიკული წარმომადგენლობის სახეები ცალკე განხილვის საგანია. თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჰეგსეტი, რუბიო და სხვა წევრები, თითქოს ყველამ იგრძნო, რომ ჩინეთში სტუმრად კი არა, გამოცდაზე იმყოფებოდნენ. რუბიო ჩინეთის შეზღუდვების ქვეშ იყო, თუმცა ქვეყანაში მაინც შეუშვეს. მსგავსი მიდგომაც პეკინის ხელწერაა. შეუძლიათ დაგსაჯონ, მერე მიგიღონ, გაგიღიმონ და თან დაგანახონ, რომ თამაშის წესებს ისინი წერენ.
სწორედ ამ ფონზე რუბიოს ტაივანზე ნათქვამიც შემთხვევითი არ არის. ვაშინგტონი ინარჩუნებს სტრატეგიულ გაურკვევლობას, რადგან ღია დაპირისპირება არ სურს, თუმცა პეკინის მიზანი ყველასთვის გასაგებია: ე.წ. „გაერთიანება“ ადრე თუ გვიან უნდა მოხდეს! ჩინეთს ურჩევნია, ეს პროცესი რეფერენდუმის, პოლიტიკური შთანთქმის ან ფსიქოლოგიური ზეწოლის ფორმით წარიმართოს, მაგრამ თუ ძალა გახდა საჭირო, მსოფლიო უკვე სრულიად სხვა მასშტაბის კრიზისში შევა.
ამერიკის მეთაურის გაცილებაც კი უცნაურ მოვლენად იქცა. საჰაერო ხომალდთან სამასი ბავშვი იდგა თეთრი ტანსაცმლითა და თეთრი დროშებით. დასავლური თვალისთვის ეს შესაძლოა სისუფთავესა და საზეიმო განწყობასთან ასოცირდებოდეს. ჩინურ კულტურულ აღქმაში კი თეთრი ხშირად გლოვას, სიკვდილს, შემოდგომას, დასავლეთსა და სიცივეს უკავშირდება. ბუნებრივია, ზოგიერთმა შესაძლოა ეს უბრალო დამთხვევად მიიჩნიოს, მაგრამ დიდ პოლიტიკაში სახელმწიფოები იშვიათად ტოვებენ მსგავს ნიშნებს შემთხვევითობის იმედად.
აუცილებლად უნდა აღინიშნოს ამერიკელთა მხრიდან ჯაშუშობის შიშიც. წარმომადგენლობამ ჩინეთში მიღებული საჩუქრები საჰაერო ხომალდში არ აიტანა. ერთჯერადი ტელეფონები, უბის წიგნაკები, სამკერდე ნიშნები, ყველაფერი სანაგვეში აღმოჩნდა. სწორედ ეს წარმოადგენს დიდი ძალების ურთიერთნდობის ნამდვილ სახეს. კამერებთან ღიმილი ჩანს, ხოლო დახურულ კარს მიღმა კი მძვინვარებს ეჭვი, რომ უბრალო უბის წიგნაკშიც შეიძლება იმპერია იჯდეს და უსმენდეს.
მიმდინარე მოვლენების პარალელურად ევროპა შესამჩნევად ღელავს. ევროპა გრძნობს, რომ პეკინის მაგიდაზე მასზე არ საუბრობენ, თუმცა შედეგები მასზე აუცილებლად აისახება. ევროპა ამ თამაშში მიმართულების განმსაზღვრელი აღარ არის. ის სულ უფრო ხშირად იქცევა თანმდევ ზარალად. ვაშინგტონი და პეკინი ყიდულობენ დროს, რათა ერთმანეთზე დამოკიდებულება შეამცირონ და მომავალი დაპირისპირებისთვის მოემზადონ. ევროპა კი ამ ორ უზარმაზარ ძალას შორის დგას, როგორც მდიდარი, დაღლილი და პოლიტიკურად დაბნეული კონტინენტი, რომელსაც ჯერ კიდევ სჯერა, რომ ოფიციალური ცნობებით შესაძლებელია იმპერიების შეჩერება.
სწორედ აღნიშნულ ნაწილში იჩენს თავს "MATCH" კანონის და მიკროსქემების საკითხი. ამერიკა ჩინეთისთვის თანამედროვე საშუალებებზე წვდომის შეზღუდვას აძლიერებს და მოკავშირეებსაც იგივეს თხოვს. ევროპისთვის ეს პირდაპირი დარტყმაა, განსაკუთრებით ისეთი კომპანიების გამო, როგორიცაა "AშML". აღნიშნული ჰოლანდიური კომპანია აწარმოებს იმ ტექნოლოგიურ დანადგარებს, რომელთა გარეშე თანამედროვე მიკროსქემების დამზადება შეუძლებელია. "Aპპლე", "Nვიდია", "AMD", "Iნტელ", მთელი თანამედროვე ციფრული წყობა საბოლოოდ სწორედ ასეთ დანადგარებზე დგას. თუ ევროპა ამერიკულ ხაზს მიჰყვება, მას ჩინეთი დასჯის. თუ არ მიჰყვება, მაშინ ამერიკა დაუწესებს შეზღუდვებს. აი, სწორედ ეს გახლავთ ახალი მრავალპოლუსიანი თავისუფლება, სადაც შეგიძლია აირჩიო, რომელი იმპერია დაგარტყამს პირველად.
ჩინეთიც თავის მხრივ სათანადოდ პასუხობს. პეკინი ქმნის ბერკეტებს, რათა უცხოური შეზღუდვები დაბლოკოს და საკუთარი მიწოდების ჯაჭვების წინააღმდეგ მოქმედი კომპანიები დასაჯოს. ევროპული სავაჭრო წრეები აღმოჩნდნენ მახეში, სადაც ამერიკული წესების დაცვა ჩინურ საფრთხეებს ზრდის, ხოლო ჩინეთის მიზნების გათვალისწინება ამერიკულ სასჯელებს იწვევს. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, ევროპის წინაშე აღარ დგას კითხვა იმის შესახებ, თუ ვის მხარეს უნდა დადგეს. მთავარი კითხვა უკვე შემდეგნაირია, გააჩნია თუ არა ევროპას საერთოდ საკუთარი მხარე?
ამას ემატება ევროკავშირსა და ჩინეთს შორის უკვე არსებული დაძაბულობაც, მათ შორის ევროპული წარმოების წახალისების ინიციატივის გამო, რომელსაც პეკინი მფარველობით პოლიტიკად აღიქვამს. ევროპა აცხადებს, რომ საკუთარ წარმოებას იცავს. ჩინეთი ამტკიცებს, რომ ბაზარი იკეტება. ამერიკა კი საკუთარი უსაფრთხოების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს. საბოლოო ჯამში, ყველა ერთსა და იმავეს იმეორებს. თითოეული მათგანის აზრით, საკუთარი წესები საყოველთაოა, სხვისი კი ვიწრო მფარველობითი.
გერმანია შექმნილ სურათში ერთდროულად სადარდებელი და სასაცილო სანახაობაა. ფრიდრიხ მერცი ცდილობს ყველაზე ჭკვიანი გამოჩნდეს. გუშინ ტრამპის ირანულ გაუთვლელ ნაბიჯს დამღუპველად და უკანონოდ მიიჩნევდა, დღეს კი მასთან სატელეფონო საუბარს დადებითად აფასებს და აცხადებს, რომ ირანი მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა დაჯდეს, ჰორმუზი უნდა გაიხსნას და თეირანს ბირთვული იარაღი არ უნდა ჰქონდეს. ცხადია, ჩამოთვლილ სამ პუნქტზე შეთანხმება რთული არ არის და ამას ნახევარი მსოფლიო იზიარებს. თუმცა, მერცს სჭირდება არა მყარი ღირებულებები, არამედ პოლიტიკური დაზღვევა.
მას ეშინია ამერიკული ჯარების გერმანიიდან გაყვანის, უფრთხის ახალ გადასახადებს და იმასაც, რომ უკრაინის თემაზე ამერიკა ევროპას მიატოვებს. ასევე ეშინია რუსეთთან პირისპირ დარჩენის. თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, მას საკუთარი შიდა პოლიტიკური ჩამოშლის ეშინია. მისი მხარდაჭერის მაჩვენებელი დაბალია, მთავრობა მუდმივი კრიტიკის სამიზნეა, ულტრამემარჯვენე ძალები იზრდებიან, ხოლო მუშათა გაერთიანებების ყრილობაზე მერცს უსტვენენ. ეს არის მთავრობის მეთაური, რომელიც საგარეო მიმართულებით სიმტკიცეს თამაშობს, შიდა პოლიტიკაში კი ნიადაგი ფეხქვეშ ეცლება.
X X X
ამ ფონზე მერკელის მხარდაჭერაც საინტერესო მოვლენაა. იქმნება შთაბეჭდილება, თითქოს ძველი მეტოქეები შერიგდნენ. მიუხედავად ამისა, მერკელი მერცს კი არ უჭერს მხარს, არამედ საკუთარ პარტიას იცავს. იმ პოლიტიკურ ძალას, რომლის სახესაც დღეს მერცი წარმოადგენს. მერკელმა კარგად იცის, რომ თუ ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი კიდევ უფრო დასუსტდება, გერმანული პოლიტიკური ცენტრი ვეღარ იქნება ის ძველი უსაფრთხო საყრდენი, რომელშიც მან ორი ათწლეული გაატარა. შესაბამისად, მერკელი საკუთარ პოლიტიკურ მემკვიდრეობას უფრთხილდება და არა მერცის პირად წარსულს.
ევროკავშირი, რომელიც ერთი შეხედვით ომისთვის ემზადება, არსობრივად მის თავიდან აცილებას ცდილობს. სწორედ ეს არის ევროპის მთავარი შინაგანი მდგომარეობა. ხმამაღლა მკაცრია, შინაგანად კი შეშინებული. მას არ სურს რუსეთთან ომი და ამერიკის გარეშე დარჩენა. მას არ უნდა უკრაინის მოლაპარაკების მაგიდიდან გაძევება. ევროპას სურს იყოს განმსაზღვრელ მაგიდასთან, მაგრამ აღარ იცის, დარჩა თუ არა მისთვის სკამი.
აღნიშნულიდან გამომდინარე ჩნდება საუბარი პუტინთან ურთიერთობის აღდგენაზე. ანტონიუ კოშტა გარკვეულ შესაძლებლობას ხედავს. ევროპელი ლიდერები ფიქრობენ სავარაუდო მოლაპარაკებებზე. ზელენსკიც, როგორც ჩანს, ამ განზრახვას იზიარებს, რადგან სხვა გზა კიდევ უფრო ცუდია, კერძოდ კი მოლაპარაკებები ევროპის გარეშე. კრემლიც აღნიშნულ იდეას ძირს არ უთხრის. რუსეთის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ პუტინი ყველასთან მზად არის სასაუბროდ. ესეც ახალი მოცემულობის ნაწილია. მათ, ვისაც გუშინ ზურგს აქცევდნენ, დღეს მათკენ მიმავალ გზებს ეძებენ.
ხსენებულის მიზეზები ნათელია. ტრამპმა ევროპა მარტო დატოვა. რუსეთთან სამხედრო დაპირისპირება საშიშია, ევროკავშირს კი სურს იყოს მოლაპარაკების პროცესში. ამას დაემატა კიდევ ერთი გარემოება. ტრამპის სამშვიდობო ძალისხმევამ უკრაინაში, ევროპის გადმოსახედიდან, შედეგი ვერ გამოიღო. ხოლო თუ ამერიკა ვერ წყვეტს საკითხს, ევროპას მაინც სურს, რომ მიმდინარე მოვლენებიდან ბოლომდე არ გამოთიშონ.
პუტინის ნათქვამი, თითქოსდა საქმე დასასრულისკენ მიდის, შექმნილ სურათში შემთხვევითი ნამდვილად არ ჩანს. მას არ განუმარტავს, თუ კონკრეტულად რას გულისხმობდა. თუმცა პოლიტიკაში ზოგჯერ ბუნდოვანი სიტყვები უფრო მეტს ამბობს, ვიდრე ვრცელი ხედვები. პუტინი აცხადებს, რომ უკრაინასთან მოლაპარაკება, პირველ რიგში, უკრაინისა და რუსეთის საქმეა, თუმცა შეერთებული შტატების შუამავლობასაც არ გამორიცხავს. ევროპელი შუამავლის როლში კი შრიოდერს ასახელებს. აღნიშნული განცხადება კი ევროპაში ცალკე აფეთქების ტოლფასია.
პუტინი ზელენსკისთან შეხვედრასაც არ გამორიცხავს, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საბოლოო შეთანხმებები წინასწარ იქნება მომწიფებული და ხანგრძლივ ისტორიულ პერსპექტივაზე გათვლილი. სხვა სიტყვებით, შეხვედრა მისთვის პროცესის დასაწყისი კი არა, უკვე მიღწეული შედეგის გაფორმება უნდა იყოს.
შრიოდერის ხსენება გერმანიასა და ევროკავშირში თითქმის მიუღებელ სიტყვად იქცა. ამბობენ, რომ ის სანდო არ არის და რუსეთთან ახლო ურთიერთობის გამო მიუკერძოებელი პირი ვერ იქნება. ასევე მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის წარმომადგენელს რუსეთი ვერ დანიშნავს. კალასი აცხადებს, რომ ეს არაგონივრული იქნებოდა. სხვების აზრით, ევროკავშირს კოშტა, ფონ დერ ლაიენი ან კალასი უნდა წარმოადგენდეს. გერმანელი პოლიტიკოსები შრიოდერს რუსეთის ტროას ცხენსაც კი უწოდებენ. თუმცა, ყველაზე საყურადღებო ის არის, რომ გერმანიის მმართველ ძალებში მაინც განიხილება შრიოდერისა და შტაინმაიერის ერთობლივი მოქმედების იდეა. მსგავსი მიდგომა უკვე სასოწარკვეთილების გამოძახილია. როდესაც პიროვნება საჯაროდ მიუღებელია, მაგრამ დახურულ კარს მიღმა მაინც განიხილება, ეს ნიშნავს, რომ გამოსავლის პოვნის სურვილი ,,პოლიტიკურ სისუფთავეზე" ძლიერი ხდება.
ამავდროულად, უკრაინის საკითხი ამერიკული მიზნების უკანა პლანზე ინაცვლებს. ეს ხდება არა იმ მიზეზით, რომ პრობლემა გაქრა, არამედ იმიტომ, რომ გაცილებით დიდი რუკა გაიშალა. ჩინეთი, ირანი, ჰორმუზი, ტაივანი, ენერგომატარებლები, მიკროსქემები, ევროპაში განლაგებული ჯარები, საკანონმდებლო ორგანოს არჩევნები და სავაჭრო ბაჟი, ამ ყველაფრის გათვალისწინებით უკრაინა აღარ წარმოადგენს ერთადერთ სამოქმედო ველს. ზელენსკის განცხადებები გადაწყვეტილების მიმღებ ცენტრებზე რუსეთის შესაძლო დარტყმების შესახებ, სადაც კიევში პრეზიდენტის სასახლე იგულისხმება, ასევე ბელარუსიდან ჩერნიგოვ-კიევის მიმართულებით ან თუნდაც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ სავარაუდო მოქმედებებზე, ცხადყოფს, რომ ომის ადგილობრივი ხაზი შეიძლება კვლავ გაფართოვდეს. უკრაინის დაზვერვა, მისივე თქმით, ატარებს მოსკოვის მცდელობას, ლუკაშენკო ახალ სამხედრო მოქმედებებში ჩართოს. ხსენებული აღარ არის მხოლოდ უკრაინული ფრონტის ამბავი, ეს უკვე ევროპის უსაფრთხოების მგრძნობიარე წერტილზე ზეწოლაა.
X X X
ახლო აღმოსავლეთში ვითარება კიდევ უფრო ფეთქებადია. ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან საქმე ბოლომდე არ დაუსრულებიათ. მისი თქმით, სამხედრო თვალსაზრისით ამოცანის დიდი ნაწილი შესრულებულია, თუმცა დაბრუნდებიან და დანარჩენსაც მიხედავენ. მსგავსი საუბარი საგარეო ურთიერთობების ენას არ განეკუთვნება. ეს არის გაფრთხილება, რომელიც პოლიტიკურ ტრაბახად არის შეფუთული.
საგულისხმოა ისიც, რომ ირანის ხაზზე ამერიკის შიგნითაც სრული ერთსულოვნება არ არსებობს. დემოკრატებმა სამხედრო მოქმედებების შეჩერების ინიციატივა წამოაყენეს, თუმცა საკმარისი ხმები ვერ მოაგროვეს. ანუ ტრამპის ირანული თამაში ფართო შიდა კონსენსუსზე კი არ დგას, არამედ ძალის დემონსტრაციაზე, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება ახალ ესკალაციად იქცეს.
ირანი პასუხობს, რომ ამერიკელებს აღარ ენდობა. არაღჩის განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა მათ მოლაპარაკებების შუაგულში დაარტყეს. მისივე თქმით, ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც მშვიდობიანი პროცესის დროს თავდასხმა განხორციელდა. შესაბამისად, თუ ამერიკას მშვიდობა სურს, მას მოთმინება ესაჭიროება. ირანის მიდგომა ცხადია, თუ მოლაპარაკება სურთ, დრო და სიღრმისეული მუშაობა დასჭირდებათ, ხოლო თუ ომი სურთ, უკვე გამოსცადეს და შედეგი იგივე იქნება. თეირანი ამტკიცებს, რომ ირანის მიმართ სამხედრო გადაწყვეტა არ არსებობს. ეს გახლავთ იმპერიული სწრაფი ძალისა და უძველესი კულტურული გამძლეობის ენებს შორის შეტაკების თვალსაჩინო ნიმუში.
ამავე დროს რეგიონში კიდევ ერთი ახალი კონტური იკვეთება. პაკისტანსა და საუდის არაბეთს შორის არსებული ურთიერთთავდაცვის შეთანხმება შესაძლოა თურქეთმა და კატარმაც გააფართოონ. თუ თავდასხმა ერთის წინააღმდეგ აღიქმება თავდასხმად ყველას წინააღმდეგ, ეს უკვე უბრალო დეკლარაციულ განცხადებას აღარ წარმოადგენს. მსგავსი სვლა ისლამური უსაფრთხოების ახალი წყობის ჩანასახია. პაკისტანი ბირთვული სახელმწიფოა, საუდის არაბეთი - ენერგომატარებლების უდიდესი მიმწოდებელი, თურქეთი - ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი და რეგიონული სამხედრო ძალაა, ხოლო კატარი ფინანსური და პოლიტიკური კვანძი გახლავთ. ასეთი ერთობა ახლო აღმოსავლეთის ძველ წონასწორობას უბრალოდ კი არ ცვლის, არამედ მას სრულიად სხვა განზომილებაში გადაიტანს.
ამიტომ ეს ყველაფერი ცალ-ცალკე ეპიზოდებად არ უნდა წავიკითხოთ. პეკინი, ჰორმუზი, ტაივანი, უკრაინა, გერმანიის შიდა კრიზისი, მიკროჩიპები და ისლამური უსაფრთხოების ახალი კონტური ერთი და იმავე დიდი რუკის ფრაგმენტებია. განსხვავება მხოლოდ ის არის, რომ ზოგან ბრძოლა უკვე ცეცხლით მიმდინარეობს, ზოგან ტარიფებით, ზოგან ენერგეტიკით, ზოგან კი სიმბოლოებითა და დახურული ოთახების ენით.
ყველა აღნიშნული ნაწილი ერთად რომ შევკრათ, მივიღებთ არა არეულობას, არამედ ახალ წესრიგს, რომელიც ქაოსს წააგავს. ჩინეთი და ამერიკა ერთმანეთს ხელს ართმევენ, თუმცა დაპირისპირებისთვის ემზადებიან. ევროპა ომზე ლაპარაკობს, მაგრამ მოლაპარაკების გზებს ეძებს. რუსეთი სრულად გარიყული უნდა ყოფილიყო, მაგრამ პეკინსა და ევროპულ განხილვებში ბრუნდება. ირანი მძიმე დარტყმის შემდეგ არ ტყდება და გაცილებით მკაცრ ენაზე გადადის. პაკისტანისა და საუდის არაბეთის შეთანხმება შესაძლოა ახალ რეგიონულ კავშირად გადაიქცეს. უკრაინა კვლავ ცეცხლშია, თუმცა მისი ომი უკვე უფრო დიდი მსოფლიო გადანაწილების ერთ მცირე მონაკვეთად იქცა.
მოცემულ სამყაროში იმარჯვებს ის, ვინც გრძელვადიან მიდგომებს იყენებს და საკუთარ დანაკარგებსაც გონივრულად ითვლის. ვინც მხოლოდ მოკლევადიან შედეგზე თამაშობს, კამერებთან გამარჯვებას იღებს, თუმცა მთავარ მაგიდაზე აგებს. ვინც მხოლოდ პრინციპებზე საუბრობს და ძალისმიერი ბერკეტები არ გააჩნია, ოფიციალური ცნობების შემოქმედად რჩება. ხოლო ვინც საკუთარ ადგილს ვერ პოულობს, იგი სხვის რუკაზე გავლებულ საზღვრად იქცევა.
ახალი მსოფლიო წესრიგი მომავლის საკითხს აღარ წარმოადგენს. ის უკვე დაწყებულია. უბრალოდ ძველი სამყაროს მსახიობები ჯერ კიდევ ძველი ტექსტით საუბრობენ, მაშინ როდესაც სცენაზე უკვე სრულიად სხვა წარმოდგენა მიმდინარეობს!..
ირაკლი ყიფიანი
დღეს აღმოსავლეთ ევროპაში ისევ არის პრეტენდენტი ქვეყანა, რომელსაც ნატოში შესვლა სურს, მაგრამ დღევანდელი კონფიგურაცია ბევრად რთულია 1952 წელთან შედარებით. რუსეთის მოთხოვნები მასშტაბურია, მოსკოვის პოზიცია კი მკაცრი. ესკალაციის საფრთხე რეალურია. ამერიკას ევროპიდან წასვლა სურს, ევროპელები კი, თავის მხრივ, ნერვიულობენ და ისე არაპროგნოზირებულად მოქმედებენ როგორც არასდროს.