სიძულვილის ენის საიდუმლოებანი | საქართველოს რესპუბლიკა
პოლიტიკა
სიძულვილის ენის საიდუმლოებანი
ვიდრე საქართველოზე მზრუნველ, ხელისუფლებაზე მეოცნებე და უცხოურ ვალუტაზე თავდავიწყებით შეყვარებულ ოპოზიციას დროშებით და ცოცხებით ხელში დანაპირები აუსრულებია, მშობლიურ კანონმდებლობისა და სემიოლოგიური (ენის ფილოსოფიის) პრობლემების თაობაზე ორიოდე სიტყვის თქმა უნდა მოვასწრო.
ავტორი თეიმურაზ ქორიძე6 წთ წაკითხვა
გაზიარება:
წარუმატებლობისთვის განწირულნი
სიძულვილის ენის საიდუმლოებანი
ვიდრე საქართველოზე მზრუნველ, ხელისუფლებაზე მეოცნებე და უცხოურ ვალუტაზე თავდავიწყებით შეყვარებულ ოპოზიციას დროშებით და ცოცხებით ხელში დანაპირები აუსრულებია, მშობლიურ კანონმდებლობისა და სემიოლოგიური (ენის ფილოსოფიის) პრობლემების თაობაზე ორიოდე სიტყვის თქმა უნდა მოვასწრო.
X X X
ბოლო ხანს გავრცელდა ოფიციალური ინფორმაცია, რომ სოციალურ ქსელებსა და პირად ურთიერთობებში საეჭვოდ მოზღვავებული ბილწსიტყვაობისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ საბრძოლველად შს სამინისტროში შეიქმნება სპეციალური სამმართველო.
ვიდრე ამგვარი დაწესებულების შექმნის მიზანშეწონილობაზე ვისაუბრებდეთ, ძალიან მოკლედ გავიხსენოთ, რას გულისხმობს მეცნიერება სემიოლოგია. ვიფიქროთ, ზოგადად, შესაძლებელია თუ არა ამ მართლაც გაბუმბერაზებული სიძულვილის ენის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლა რაიმე ტიპის სამმართველოების შექმნის გზით.
წვრილმანებში ჩაღრმავებამ მეცნიერულ ლაბირინთებში რომ არ შეგვიტყუოს, სემიოლოგია არის ფილოლოგიური მეცნიერული მიმდინარეობა, რომელიც სიტყვის მნიშვნელობის მნიშვნელობას, ფარული აზრების გაცხადების ან ცხადი აზრების დაფარვის ხელოვნებას სწავლობს.
შორეულ წარსულში რომ არ ვიმოგზაუროთ, ამ მეცნიერების გამოუყენებლად რთული, იქნებ შეუძლებელი ყოფილიყო, ვთქვათ, შარლ მორის დე ტალეირან-პერიგორის, უინსტონ ჩერჩილის, იოსებ სტალინის, თუნდაც, ედუარდ შევარდნაძის ბევრი გამონათქვამების ჭეშმარიტი შინაარსის დადგენა. აღარაფერს ვამბობ შოთა რუსთაველზე, დავით გურამიშვილზე, ვაჟა-ფშაველაზე ან უილიამ შექსპირზე...
გთხოვთ, სწორად გამიგოთ - საუბარია, ზოგადად, ჭკვიანი ადამიანების სიტყვებით დაფარული აზრების გაცხადებაზე და არა ვინმე მოლაყბე „პოლიტიკოსის“ არაფრისმთქმელ გაუთავებელ ლაყბობაზე.მოკლედ, წმინდა სემიოლოგიური თვალსაზრისით, თუნდაც ჩვენი მშობლიური ქართული სიტყვა შეიძლება იყოს ლიტერატურული, მხატვრული, პოეტური, პროზაული, ცხადი, ფარული, პოლიტიკური, ორღობული, ქუჩური, ქურდული და ა.შ.
გთხოვთ, ყურადღება მიაქციოთ, რომ ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არა აქვს მთქმელის ვინაობას და მისი განათლების დონეს - ქუჩურად, ქურდულად და ორღობულად შეიძლება საუბრობდეს ვინმე „გამოჩენილი“ პროფესორი ან პოლიტიკოსი, ხოლო ცხადად და მხატვრულად - ვინმე ყოვლად ჩვეულებრივი გლეხი ან პირველკლასელი მოწაფე.
ახლა ვნახოთ „თარგმანიც“, ანუ შესაძლებელი იყო თუ არა ამ აზრის გადმოცემა უცხოური ტერმინების გამოუყენებლად: „შსს-ში შეიქმნება სამმართველო საჯარო სივრცეში სიძულვილის ენის გამოყენებაზე, წინასწარ გამიზნულ შეურაცხმყოფელ თუ დამაზიანებელ ქმედებებზე მუდმივი დაკვირვებისთვის.“
ოპოზიციონერი მლანძღველ-განმაქიქებლებისგან განსხვავებით, მე ვარ სახელმწიფო მინისტრ მამუკა მდინარაძის გულწრფელი პატივსმცემელი, ქვეყნის წინაშე მისი ამაგის ალალი დამფასებელი. მიმაჩნია, რომ იგი არის ერთ-ერთი ყველაზე განათლებული, საკუთარი ქმედებებისა თუ სიტყვა-პასუხის მაკონტროლებელი ადამიანი თანამედროვე ქართულ პოლიტიკაში. უბრალოდ, იმის თქმა მინდოდა, რომ სურვილის შემთხვევაში, სავსებით შესაძლებელია ნებისმიერი უგანათლებულესი, უპატიოსნესი ადამიანის ნებისმიერი გამონათქვამის, განცხადების, ზეპირი თუ წერილობითი მიმართვის ნებისმიერი მიმართულებით თარგმნა-ინტერპრეტაცია.
X X X
ნება მიბოძეთ შეგახსენოთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ტელევიზიის პირველ არხზე პირდაპირ ეთერში გადაიცა დებატები სწორედ სიძულვილის ენის პრობლემებთან დაკავშირებით. ამ დებატების ერთ-ერთი უმთავრესი, შეუდრეკელ-შეუჩერებელი ფიგურა აღმოჩნდა ვინმე ქალბატონი ვიკა ფილფანი, თუ არ ვცდები, გახარიას პარტიის ერთ-ერთი ლიდერი.
თავისი საათნახევრიანი დაუოკებელი და ყოვლად გაუგებარი მიეთ-მოეთის განმავლობაში, ამ ქალბატონს არ გამოუყენებია არცერთი უცხო თუ მშობლიური საგინებელი სიტყვა. თუმცა, ამის მიუხედავად, მისი ეს გამოსვლა გახლდათ სიძულვილის ენის კლასიკური ნიმუში.
X X X
სოციალურ ქსელში გავრცელდა ქალბატონ ციცინო შურღაიას შეგონება: „ინტელექტუალურ ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ფული! წინააღმდეგ შემთხვევაში, ნუ აქვს პრეტენზია, რომ ინტელექტუალია.“
ამ სიტყვების ავტორის შესახებ მხოლოდ ის ვიცი, რომ საკმაოდ წარმატებული და პოპულარული ექიმია. სავარაუდოდ, არცთუ გაუნათლებელი. ყოველ შემთხვევაში - ფორმალურად მაინც. ჩვეულებრივ, „საყველპურო“ ქართულ ენაზე მისი ეს გამონათქვამი დაახლოებით ასე ითარგმნება: „განათლებული ადამიანი აუცილებლად მდიდარი უნდა იყოს. ხოლო თუ ღარიბია, ესე იგი, უვიცი და ხეპრეა“.
ამ გამონათქვამიდან გამომდინარე, უპირველეს ყოვლისა, შეგვიძლია დავასკვნათ, რომ თვითონ ქალბატონი ციცინო შეძლებული, ფინანსურად უზრუნველყოფილი, სოლიდური ასაკის ადამიანია. დარწმუნებულია, რომ განსაკუთრებული ღვაწლი მიუძღვის ერისა და სამშობლოს წინაშე და აქედან გამომდინარე, გააჩნია უპირატესობა „უბრალო“ თანამოქალაქეებთან შედარებით.
თუ მის გამონათქვამს სემიოლოგიის პრინციპებით მივუდგებით, ადვილად დავასკვნით, რომ ქალბატონი არის თავისთვისაც კი მოულოდნელად გამდიდრებული პრიმიტივი და პროვინციალი. დარწმუნებულია, რომ ინტელექტის სიღრმეს განსაზღვრავს ფულის ოდენობა. ანუ მე, ვისი მთავარი შემოსავალი პენსიაა, ვარ ხეპრე და უვიცი.
თუ ქალბატონი იტყვის, რომ ამის თქმა არ უნდოდა, მით უარესი მისი ინტელექტისთვის.
რაც მთავარია, ენის ფილოსოფიიდან გამომდინარე, ქალბატონ ციცინო შურღაიას ეს გამონათქვამი, უნდა თუ არა მას და, საერთოდ, უფიქრია თუ არა ამაზე, არის სიძულვილის ენის კლასიკური ნიმუში.
ეს გახლავთ მარადიულად დამწყები გამოჩენილი ქართველი პოლიტიკოსის, შალვა ნათელაშვილის გამოხმაურება კონსტანტინე გამსახურდიას (უმცროსი) გამონათქვამზე - „ჩვენს ხელისუფლებას აქვს სტრატეგიული მოთმინების პოზიცია, რათა არ გამოიწვიოს რუსი შიზოიდების გაღიზიანება“.
ბატონი კონსტანტინეს ეს არცთუ ბურუსით მოცული გამონათქვამი სიძულვილს და სარკასტულ შეფასებას კი არა, დაფიქრებას იმსახურებს. ოღონდ, არა ნათელაშვილისა და მისი დონის პრიმიტივი „მოაზროვნეებისგან“, არამედ იმ ადამიანებისგან, ვისაც გააზრების და ანალიზის უნარი გააჩნიათ.
იმედია, დამეთანხმებით, რომ თავის მხრივ, სარკაზმისა და, თუ ძალიან მოვინდომებთ, სიძულვილის ენის აღმოჩენა შესაძლებელია ნათელაშვილისა და სხვათა გამონათქვამების ჩემეულ შეფასებაშიც.
ამით იმის თქმა მინდა, რომ სურვილის შემთხვევაში (მით უფრო, თუ ამის დავალებაც გაქვს), სიძულვილის ენის, პიროვნული შეურაცხყოფის მაგალითების, ან ამის მცდელობის აღმოჩენა შესაძლებელია ნებისმიერ პოლემიკაში. ისევე, როგორც ენის სპეციფიკიდან (განსაკუთრებით, ზეპირი მეტყველებიდან) გამომდინარე, სავსებით შესაძლებელია ამგვარი „აღმოჩენების“ გაქარწყლება.
კიდევ უფრო რთულია სიძულვილის ენის დარქმევა ე.წ. ქუჩური („ნახალოვკური“, კახური) ბილწსიტყვაობისა და, თუნდაც, იმერულ-მეგრულ-გურული წყევლა-კრულვისათვის.
რა თქმა უნდა, ეს არ ეხება შალვა ნათელაშვილზეც კი მეტად სახელგანთქმული მსოფლიო დონის პოლიტიკოსის, ნიკა გვარამიას საჯარო და მისამართიან ბილწსიტყვაობას - „...შენი დედაც მოვ...ან!“ „ჩაგიფსით ღვინოში!“ და სხვა მრავალი.
ვთქვათ, ხელისუფლებამ გაამკაცრა კანონი ბილწსიტყვაობასა და სიძულვილის ენაზე. იგი, იმედია, თანამედროვე ოპოპოლიტიკის ისეთ გრანდიოზულ წარმომადგენელსაც შეეხება, როგორიც ბრძანდება, მაგალითად, თავისი ორიგინალური კომუნიკაციური სტილით სახელგანთქმული ზურაბ-გირჩი ჯაფარიძე.
როგორც ხშირად ხდება კიდეც, პატივცემულ და ზრდილობის განსახიერება გირჩ-ზურაბას, ვთქვათ, არ მოეწონა ვინმე ოპონენტის საპარლამენტო გამოსვლა, ან, სულაც, რომელიმე სპექტაკლი რუსთაველის თეატრში. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, მისი საპროტესტო რეაქცია იქნება ასეთი - ხმის ამოუღებლად სასწრაფოდ ჩაიხდის შარვალს და შიშველ უკანალს პარლამენტის ტრიბუნას ან რუსთაველის თეატრის სცენას მიუშვერს!
ასეთ ვითარებაში, ფაქტობრივად, შეუძლებელი ხდება დასაბუთებული პასუხის გაცემა საკრამენტულ კითხვაზე - შეფასდება თუ არა მისი ამგვარი ქმედება სიძულვილის ენად ან ბილწსიტყვაობად?!
X X X
იმედია, ყურადღება მიაქციეთ, რომ არ მომიშველიებია ვინმე მარიზი - ანთილიყოს და, თუნდაც, თავისი ხაზგასმული ზეპირი და წერილობითი ბილწსიტყვაობით სახელგანთქმული ნატა ფერაძის „ისტორიული“ გამონათქვამები. პირველი იმის გამო, რომ ყურადღების ღირსი არ არის. მეორე იმის გამო, რომ ჩემი აზრით, ქალბატონი ფერაძე, საერთოდ, თავისი არცთუ ღირსეული ქმედებებით საზოგადოების ყურადღების მიპყრობას ცდილობს და არ მინდა ამაში დავეხმარო.
თუ „სიძულვილის ენის შემსწავლელი კომისია“ მართლაც შეიქმნა, შესაძლოა, იგი გადაულახავი პრობლემების წინაშე დააყენოს საქართველოს ბევრი მოქალაქისა და, მათ შორის, ჩემთვისაც საპატივცემლო, უაღრესად განათლებულმა პიროვნებამ ბატონმა გრიშა ონიანმა. ან საჯაროდ დედის გინება ოფიციალურად აზრის თავისუფლად გამოხატვის ერთ-ერთ საშუალებად უნდა ვაღიაროთ.
ევროპელებისა რა გითხრათ, მაგრამ ჩემი აზრით, ამგვარი კომისიის შექმნა, ბილწსიტყვაობისა და სიძულვილის ენის გამოყენებითვის სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენება აბსოლუტურად გაუგებარი იქნება „მოძმე“ უკრაინელების, ბელარუსების და, განსაკუთრებით, „ჩვენი ისტორიული დაუძინებელი მტერი“ რუსებისთვის!
დარწმუნებული ვარ და თქვენც დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ ენის სპეციალისტები „სიძულვილის ენის“ წინააღმდეგ საბრძოლველად რაიმე სპეციალური კომისიის შექმნის გარდა, ზოგადად, განათლების ძირეულ რეფორმაზე იმსჯელებენ.
დღეს აღმოსავლეთ ევროპაში ისევ არის პრეტენდენტი ქვეყანა, რომელსაც ნატოში შესვლა სურს, მაგრამ დღევანდელი კონფიგურაცია ბევრად რთულია 1952 წელთან შედარებით. რუსეთის მოთხოვნები მასშტაბურია, მოსკოვის პოზიცია კი მკაცრი. ესკალაციის საფრთხე რეალურია. ამერიკას ევროპიდან წასვლა სურს, ევროპელები კი, თავის მხრივ, ნერვიულობენ და ისე არაპროგნოზირებულად მოქმედებენ როგორც არასდროს.