არის თუ არა სომხეთი ახალი გზაჯვარედინი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის?“
„ხიდი და არა დაბრკოლება“: არის თუ არა სომხეთი ახალი გზაჯვარედინი აღმოსავლეთ-დასავლეთს შორის?“ - ასეთი სათაური აქვს ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ მიერ გამოქვეყნებულ სტატიას (ავტორი - პატრიკ ვინტური), რომელშიც განხილული და გაანალიზებულია სომხეთის მდგომარეობა 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების წინ.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ერევანს რომ მსოფლიოს ცენტრი უწოდო - ლიბერალური ფასეულობების მქონე მიმზიდველ ქალაქს, რომელშიც საბჭოური არქიტექტურის დიდებულ შენობებს უხვად ნახავთ - რა თქმა უნდა, გადაჭარბებული იქნებოდა. მაგრამ სომხეთის მტკიცება, რომ ქვეყანა შეიძლება ევრაზიის სტრატეგიული გზაჯვარედინი გახდეს, სულ უფრო ნაკლებად ფანტასტიკურად მოჩანს. 7 ივნისს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკაში საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, დღეს კი, როგორც მოვლენები აჩვენებს, სომხეთი „ბაგირის გადაწევის“ ცენტრშია მოხვედრილი - რუსეთს, აშშ-ს, თურქეთს, ევროპასა და აზერბიჯანს შორის.
სომხეთის მიმართ ინტერესი ნაწილობრივ გამოწვეულია აზერბაიჯანთან კონფლიქტის შეწყვეტის გამო და იმით, რომ ერევანს შეუძლია იზოლაციიდან გამოვიდეს და „შუა დერეფნის“ ნაწილი გახდეს - ასე უწოდებენ უმნიშვნელოვანეს სავაჭრო მარშრუტს, რომელიც ჩინეთს ევროპასთან აკავშირებს და მიემართება რუსეთის (ანუ „ჩრდილოეთის დერეფნის“) და სუეცის არხის გვერდის ავლით.
„რეალური სომხეთის“ დოქტრინა ითვალისწინებს მტკივნეული სამშვიდობო შეთანხმების დადებას მეზობელ აზერბაიჯანთან, განდგომას რუსეთისაგან და წასვლას ევროკავშირისაკენ. ეს ის არის, რასაც პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ საგარეო პოლიტიკის დივერსიფიცირებას უწოდებს. თუმცა ამ მიმართულებით პარტიის საქმიანობა სკანდალებისგან დაზღვეული არ არის. ვთქვათ, სომეხთა გენოციდის მუზეუმის დირექტორის გათავისუფლება თანამდებობიდან იმ მიზეზით, რომ მან ერევანში მყოფ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეიმს ვენსს წიგნი აჩუქა აზერბაიჯანელების მხეცობის შესახებ, ან ის ფაქტი, რომ სომხური პასპორტიდან გაქრა შტამპი სომხეთის ეროვნული სიმბოლოს - არარატის მთის გამოსახულებით, რომელიც ამჟამად თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობს.
წინასწარი გამოკითხვები აჩვენებენ, რომ „სამოქალაქო შეთანხმებას“ შეუძლია არჩევნებში გაიმარჯვოს: ეს იქნება დიდი პარადოქსული მიღწევა პარტიისათვის, რომლის მმართველობის დროსაც სომხეთმა ორი დამამცირებელი მარცხი იწვნია აზერბაიჯანისგან 2020 და 2023 წლებში. მეორე მარცხის დროს, 2023 წელს, მთიანი ყარაბაღის სომხური ანკლავიდან უმოკლეს ვადაში 100 ათასი სომეხის იძულებით გამოდევნა მოხდა. ლტოლვილები დღეს ერევანში ცხოვრობენ და ეშინიათ, რომ თავიანთ კულტურულ მემკვიდრეობას ყარაბაღში (არცახში) სამუდამოდ დაკარგავენ. ამ ეტაპზე 19 სომეხი სამხედრო ტყვე ჯერ კიდევ ბაქოს ციხეში რჩება, მათ შორის, ყარაბაღის სომხური მთავრობის მინისტრი რუბენ ვარდანიანი, რომელიც ამტკიცებს, რომ ნიკოლ ფაშინიანმა ყარაბაღს უღალატა.
სომხეთში საარჩევნო კამპანია თავის პიკს უახლოვდება. ნიკოლ ფაშინიანი ძალ-ღონეს და ენერგიას არ იშურებს, რომ სოციალურ ქსელებში ყველას აჩვენოს თავისი მრავალფეროვანი საქმიანობის ნიუანსები ვიდეოკადრებით - აქტიურობა დილის 5 საათიდან, ნამცხვრების ჭამით დაწყებული და რუსი როკ-ვარსკვლავის ზემფირას მოსმენით დამთავრებული. მას აქვს ასევე ჩვევა, რომ განგებ ჩაერთოს ამომრჩევლებთან მძაფრ დავა-დისკუსიებში, რომლის დროსაც იგი ოპოზიციის ლიდერებს „უტვინო ჯაშუშებს“ უწოდებს და თან ლიკვიდაციითაც ემუქრება.
ნიკოლ ფაშინიანის წინააღმდეგ გამოდის მინიმუმ სამი პრორუსული ნაციონალისტური პარტია, „ძლიერი სომხეთის“ ჩათვლით, რომელსაც რუსი-სომეხი მულტიმილიარდერი სამველ კარაპეტიანი ხელმძღვანელობს, მან შექმნა კომპანიათა ჯგუფი „ტაშირი“, რომელიც რუსეთში მრავალმხრივ ბიზნესს, ხოლო სომხეთში ელექტროქსელებს ფლობს. გასულ კვირას სამველ კარაპეტიანმა ნიკოლ ფაშინიანი სერიოზულად დაადანაშაულა იმაში, რომ მან ჩინეთში ყოფნისას ჰალუცინაციის გამომწვევი სოკოები დააგემოვნა და ახლა სომხეთში ტონობით ასეთი სოკოს იმპორტს ახორციელებს, მას მთავრობის სხდომების წინ მიირთმევს (და შესაბამისად, ჰალუცინაციებში იმყოფება). ნიკოლ ფაშინიანმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ სამველ კარაპეტიანს სასამართლოში უჩივლებს ასეთი ბრალდების გამო.
სამველ კარაპეტიანი სომეხ ამომრჩევლებს პირდება, რომ შექმნის „სექსის სამინისტროს“ დემოგრაფიული კრახის თავიდან ასაცილებლად. იმის დამადასტურებლად, თუ როგორ არის ერთმანეთთან გადახლართული ბიზნესი და პოლიტიკა, გახდა მისი ბრძოლა სომხეთის ელექტროქსელების ნაციონალიზაციის პირობების წინააღმდეგ.
ადამიანის უფლებათა დამცველები, როგორიცაა, მაგალითად, ამერიკელი კენეტ როტი, Human Rights Watch-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, აცხადებენ, რომ ნიკოლ ფაშინიანის პოპულისტური მმართველობა თითქმის ავტოკრატიას უთანასწორდება. მათ უჩნდებათ კითხვა - სწორად იქცევიან თუ არა ევროპელი ლიდერები, მაგალითად, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელიც ძლიერ მხარდაჭერას უწევს სომხეთის პრემიერ-მინისტრს?
ამასობაში სამველ კარაპეტიანი ნიკოლ ფაშინიანს ერის ღალატშიც ადანაშაულებს იმის გამო, რომ იგი უდიდეს დათმობებზე წავიდა აზერბაიჯანთან მიმართებით და აფრთხილებს, რომ თუ პრემიერ-მინისტრად ისევ ის იქნება არჩეული, „ჩვენ რუსეთის პროვინცია კი არ გავხდებით, არამედ აზერბაიჯანის პროვინცია“. სამველ კარაპეტიანისთვის ასეთ ვითარებაში სამაგალითოდ ითვლება მეზობელი საქართველოს მმართველი პარტია „ქართული ოცნება“, რომელიც ქვეყნის ხელისუფლებაში 2012 წლიდან იმყოფება.
ნიკოლ ფაშინიანის მოკავშირეები - ისეთები, როგორიცაა სომხეთის პარლამენტის საგარეო კავშირურთიერთობების მუდმივი კომიტეტის წევრი მარიამ კარაპეტიანი, ამტკიცებენ, რომ პრორუსული ორიენტაციის მქონე ოპონენტებს არ აქვთ ისეთი პროგრამა, რომელიც „რეალური სომხეთის“, ანუ სამომავლო სომხეთის - „მეოთხე რესპუბლიკის“ კონცეფციას შეედრება. მისი თქმით, მათ (ანუ სამველ კარაპეტიანის მომხრეებს) „ძველებურად ჰგონიათ, რომ ყარაბაღელ სომხებს უკან დაბრუნების რეალური ვარიანტი აქვთ, ისინი გვთავაზობენ, რომ ეს საკითხი ღიად დარჩეს სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დღის წესრიგში. მაგრამ ეს ნიშნავს ომის, კონფლიქტის დაბრუნებას. თუ თქვენ გეგმა არ გაქვთ, ესე იგი, იძულებული გახდებით გარკვეული ფასი გადაიხადოთ - სომხეთის სუვერენტიტეტის დაკარგვის სახით“.
თეთრ სახლში ხელმოწერილი სომხეთ-აზერბაიჯანის სამშვიდობო დეკლარაციის რატიფიცირების გზაზე უკანასკნელი დაბრკოლებაა აზერბაიჯანის მოთხოვნა, რომ ერევანმა კონსტიტუციიდან ამოიღოს მოწოდება მთიან ყარაბაღთან გაერთიანების შესახებ. თუმცა სომხეთი, თავის მხრივ, აცხადებს, რომ უარი თქვა ნებისმიერ ტერიტორიულ პრეტენზიაზე ვაშინგტონში ხელმოწერილ დეკლარაციაში.
იცის რა, რომ ბაქოსათვის ყარაბაღის კუთვნილების საკითხი მთავარ წითელ ხაზს წარმოადგენს, ნიკოლ ფაშინიანის პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ აცხადებს, რომ ხელახლა დაწერს კონსტიტუციას, მაგრამ იქვე მიუთითებს, რომ ქვეყნის ძირითადი კანონის ცვლილება აზერბიჯანის მხრიდან ზეწოლით კი არ ხდება, არამედ სომეხთა საკუთარი სურვილის თანახმად.
„სამოქალაქო შეთანხმების“ გამარჯვების შანსები მოიმატებს, თუ აზერბაიჯანი თავის მოთხოვნას არჩევნებამდე შეარბილებს, მაგრამ წავა ბაქო კომპრომისზე? ერევანი უკვე რამდენიმე თვეა ელოდება, რომ თურქეთი 1993 წელს დახურულ საზღვარს გახსნის, მაგრამ ანკარა ჯერ „ყურს არ იბერტყავს“. კარგი იქნებოდა და ნიკოლ ფაშინიანს დაეხმარებოდა ბაქოს ციხიდან 19 სომეხი ტყვის გათავისუფლებაც, მაგრამ ბაქოც ჯერ ჩუმად არის.
ვლადიმერ პუტინმა ამას წინათ სომხეთს რეფერენდუმის ჩატარება შესთავაზა საკითხზე - სურთ თუ არა სომხებს იყონ ევროკავშირის წევრები, ან დარჩნენ რუსების მიერ კონტროლირებად ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრებად.
რუსეთის პრეზიდენტი ამ საკითხს საპარლამენტო არჩევნების წინ აყენებს იმიტომ, რომ იცის - ევროკავშირის წევრობა სომხეთისათვის ჯერ-ჯერობით მხოლოდ თეორიულ საკითხად რჩება. ამას იგი იმიტომ აკეთებს, რომ დისკუსიების პროვოცირება მოახდინოს განხეთქილების შემტან საკითხზე იმ მიზნით, რომ ხალხი თვითონ დარწმუნდეს - პრორუსული კანდიდატების არჩევა მათთვის უფრო მომგებიანია.
ვლადიმერ პუტინის ყურადღება უკრაინით რომ არ იყოს დაკავებული, მას შეეძლო, ვთქვათ, სუბსიდიების გაუქმება სომხეთისთვის მიწოდებულ იაფფასიან ბუნებრივ გაზზე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში შეუძლია გაზის მიწოდება მთლიანად შეწყვიტოს.
ემანუელ მაკრონი, რომელიც სომხეთს ორიოდე კვირის წინ ეწვია სახელმწიფო ვიზიტით და მონაწილეობა მიიღო „ევროპის პოლიტიკური გაერთიანების“ ფორუმში, რუსეთი ღალატში დაადანაშაულა და არამარტო უკრაინის საკითხში: დაიმოწმა რა ის ფაქტი, რომ რუსეთი, მთიანი ყარაბაღის ომის დროს, სომხეთს არ დაეხმარა, ფრანგმა ლიდერმა განაცხადა: „რუსეთი სომხეთის გვერდით არ დამდგარა ისევე, როგორც არ დადგა ვენესუელის, სირიისა და ირანის გვერდით“. ნიკოლ ფაშინიანი უფრო შორს წავიდა: მან ხელი ჩამოართვა ვოლოდიმირ ზელენსკის და ისინი ნაცვლად რუსულისა, განგებ ლაპარაკობდნენ ინგლისურად, რითაც კრემლის განრისხებას ცდილობდნენ...
დღეს აღმოსავლეთ ევროპაში ისევ არის პრეტენდენტი ქვეყანა, რომელსაც ნატოში შესვლა სურს, მაგრამ დღევანდელი კონფიგურაცია ბევრად რთულია 1952 წელთან შედარებით. რუსეთის მოთხოვნები მასშტაბურია, მოსკოვის პოზიცია კი მკაცრი. ესკალაციის საფრთხე რეალურია. ამერიკას ევროპიდან წასვლა სურს, ევროპელები კი, თავის მხრივ, ნერვიულობენ და ისე არაპროგნოზირებულად მოქმედებენ როგორც არასდროს.