ადამიანს აქვს ერთი თანდაყოლილი თვისება: ყოველნაირად ცდილობს იმის კომპენსაციას, რაც აკლია. როდესაც კაცს პრინციპად გაუხდია ეძებოს დამნაშავე სხვაგან და არა თავის თავში, იგი ყოველთვის პოულობს ასეთ "დამნაშავეს"...
ადამიანს აქვს ერთი თანდაყოლილი თვისება: ყოველნაირად ცდილობს იმის კომპენსაციას, რაც აკლია. როდესაც კაცს პრინციპად გაუხდია ეძებოს დამნაშავე სხვაგან და არა თავის თავში, იგი ყოველთვის პოულობს ასეთ "დამნაშავეს".
მიზანშეწონილად არ მიმაჩნია ისტორიაში ქექვა ერთაშორისი წინააღმდეგობების ან უკეთესობის დამტკიცების მიზნით. საქართველოს უმძიმესი ისტორია აქვს. გმირობის გვერდით მრავლადაა ღალატის, სულნამცეცობის მაგალითებიც. რას გვარგებს დღეს ამის გახსენება. ამ ბოლო დროს ავტორთა ერთი ნაწილი გატაცებულია ჩვენი ისტორიის იდეალიზაციით, მეორე ნაწილი კი-დაკნინებით, აქაოდა ყველაფერს გვიბეჭდავენო. ვერც ერთი სახელმწიფო ცენზურა წინ ვერ აღუდგება ადამიანს, თუკი მას მოშლილი აქვს თვითცენზურის მექანიზმი (ბოლო დღეების მაგალითი გავიხსენოთ გია ბარამიძის "მოგონების" სახით, მაგრამ ამაზე ცოტა ქვემოთ).
"ჩვენ გამარჯვებისთვის ვართ დაბადებულები!" - ასეთი იყო პატიმარ მიხეილ სააკაშვილის სიტყვის ბოლო ფრაზა, რომლითაც ენმ-ის (ერთიანი ნაციონალური მოძრაობა) საკმაოდ არაორდინალური ყრილობა გაიხსნა 5 აგვისტოს. პარტიის მოდერნიზაცია დიდი ხანია დააანონსა მიშამ და მის გასაძლიერებლად კანდიდატურაც მოძებნა "ბრწყინვალე" ნანუკა ჟორჟოლიანის სახით, რომელიც პარტიის ახალი თავმჯდომარის მისეულ კანდიდატადაც გამოაცხადა მოგვიანებით. მაგრამ პარტიაში პოზიციის აშკარა გაძლიერების მიუხედავად, როგორც ჩანს, მისი სიტყვა მაინც არ არის საბოლოო და ამ შემთხვევაშიც გარკვეულად დაკორექტირდა. მოკლედ, გადაწყდა, 6 თვე პარტიას არ ეყოლება თავმჯდომარე და ამ ხნის განმავლობაში მმართველობას გასწევს დროებითი საბჭო ირაკლი ფავლენიშვილის ხელმძღვანელობით. საბჭოს შემადგენლობა რვა კაციანია (პეტრე ცისკარიშვილი, ანა წითლიძე, გიორგი ჩალაძე, ლაშა ფარულავა, გიორგი ბოტკოველი, ლევან ბეჟაშვილი და ირაკლი ნადირაძე, რომელიც 7 წლიან სასჯელს იხდის 4 ოქტომბრის საქმეზე).
მეცხრემ, ყოფილმა თვმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ უარი თქვა ახალ პოზიციაზე და პარტიის პოლიტსაბჭოს რიგით წევრად დარჩენა ამჯობინა. რაც შეეხება ნანუკა ჟორჟოლიანს, როგორც ლევან ბეჟაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ჯერ არ არის პარტიის წევრი, არ იღებს მონაწილეობას არც პარტიის მმართველობით ორგანოებში. კონცეფცია მდგომარეობს იმაში, რომ პარტიის მიღმა შეიქმნას "რეფორმების საბჭო", რომელიც არაპარტიული შემადგენლობით შეიმუშავებს პარტიის რეფორმირების სტრატეგიულ დოკუმენტს. აი, სწორედ ამ რეფორმატორთა საბჭოს აღმასრულებელ მდივნად გამოაცხადა მიშამ ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც მისივე თქმით, "ენერგიის სისავსით" თავის თავს აგონებს მოღვაწეობის ადრეულ ეტაპზე. ისე, კაცმა რომ თქვას, მართლაც არის მათ შორის მსგავსება შლეგობისა და შლუობის თვალსაზრისით... ოღონდ, როგორ გაზრდიან ამით ელექტორატს, ძნელი სათქმელია.
საბჭოში ვერ მოხვდა ნაცმოძრაობის დამსახურებული ქალბატონი ხატია დეკანოიძე, ვერც ლევან ხაბეიშვილი, რომელსაც ბოლო დროს სააკაშვილი თავის პოსტებში "ხელმარჯვნივ ისვამდა". პატიმრობაში მყოფთაგან მის ნაცვლად (რაც უფრო მოსალოდნელი იყო) ირაკლი ნადირაძე აღმოჩნდა.
ერთი სიტყვით, კითხვა ბევრია, თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ყრილობის მისასალმებელ მოკლე სიტყვაში ბელადმა მოიცალა და ხაზგასმით ისაუბრა შიდა განხეთქილების მოსურნეთა ქვენა ზრახვებზე.
მოვლენები კი ასე ვითარდებოდა:
"ნაციონალურ მოძრაობაში" ცვლილებები სააკაშვილმა 10 ივნისს დააანონსა: ნანუკას ჩემი სრული ნდობა და მანდატი აქვს ჩვენ მრავალრიცხოვან წევრებთან და პარტიის თავმჯდომარე თიკა ბოკუჩავასთან ერთად ცვლილებების განსახორციელებლადო. მეორე დღეს ჟორჟოლიანმა გაამხილა, მიშამ პარტიის თავმჯდომარეობა შემომთავაზა, მაგრამ უარი ვუთხარიო. ბოკუჩავამ თავიდან არ დაიჯერა ნანუკას ნათქვამი და ამას ჭორაობა უწოდა, ორხელისუფლებიანობას კი - მიუღებელი. ხოლო მას შემდეგ, რაც სააკაშვილმა ნანუკა დადასტურებულად გამოაცხადა მისეულ კანდიდატად, განაწყენებულმა თიკამ დაწერა: ჩემთვის ძალიან სამწუხაროა. სწორედ ამგვარმა იმპულსურმა და არათანმიმდევრულმა გადაწყვეტილებებმა მიგვიყვანა იქამდე, სადაც ვართო. თინა კიდევ უფრო შორს წავიდა, როცა პოლიტიკური საბჭოს მიერ ყრილობის ჩანიშვნა არალეგიტიმურად გამოაცხადა და დასასვენებლად ზღვას მიაშურა, რამაც ანა წითლიძის რისხვა გამოიწვია.
ასე იყო თუ ისე, თინა ბოკუჩავა ყრილობასაც დაესწრო და ენმ-ისადმი ერთგულებაც კიდევ ერთხელ დაუდასტურა ცნობისმოყვარე ჟურნალისტებს.
ვნახოთ, როდემდე შეძლებს ნაცმოძრაობა სახის შენარჩუნებას. ის კი ფაქტია, რომ მიხეილ სააკაშვილმა ამდენი ჯახირის შემდეგ პარტიის სადავეები მთლიანად ხელში ჩაიგდო და ამან მომავლის იმედი განუმტკიცა: "მე გამოვალ ციხიდან, როგორც ნელსონ მანდელა, რომელიც პირდაპირ მოვიდა ხელისუფლებაში", ანდა "მე დავბრუნები როგორც ოდისევსი და გავანთავისუფლებ პენელოპას (საქართველოს)..."
ღმერთმა არ ქნას!
X X X
მის მიერ მიყენებული ჭრილობები ჯერაც არ მოუშუშებია საქართველოს.
ეს ყველა ქართველის ოცნებაა! ეს "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებაა, მაგრამ ეს არ შედის ოპოზიციის გეგმებში!
დღეს ხელისუფლების პოლიტიკა რუსეთთან მიმართებაში ზომიერი და პრაგმატულია, ოპოზიციის - რუსოფობიული, უფრო მეტად რუსოფობიული, ვიდრე ყველა ლოგიკის მიხედვით 2008 წლის აგვისტოს შემდეგ უნდა ყოფილიყო და საფუძვლად სულაც არ უდევს პატრიოტიზმი და სამშობლოს სიყვარული, ეს უფრო ხელისუფლებისთვის სწორ გზაზე ფეხის დადებაა, ბორბალში გაჩხერილი ჯოხია! რადიკალები, იგივე უცხო ქვეყნების ინტერესებით მოქმედი აგენტები ყველა ღონეს ხმარობენ ახალ-ახალი პრობლემების გასაჩენად თუ გასაღვივებლად.
მტკიცებულება? აგერ, სულ ახლახანს ვეტერანმა ნაცმა გიორგი ბარამიძემ იაგო ხვიჩიას გადაცემაში "საქართველოს დაბადება" წარმოუდგენელი ცრუ ბრალდება გააჟღერა ქართულ-აფხაზურ ომში ქართული მხარის შესახებ: "ჩვენ ტყვეები არ გვყავდა. ჩვენებს ტყვეები არ აჰყავდათ. ჩვენები მათ ხვრეტდნენ".
განა ეს პროვოკაცია არ არის ქართული სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ მიმართული? ჰოდა, შეფასდა კიდეც შესაბამისად და საქართველოს პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, რასაც საფუძვლად დაედო სსიპ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის განცხადება. საქმე აღიძრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 307-ე პრიმა და 318-ე მუხლებით, რაც სამშობლოს ღალატს და საქართველოს სახელმწიფოებრივი ინტერესებისთვის საფრთხის შექმნას გულისხმობს.
ამაოდ ცდილობს გია ბარამიძის ბრალდება პოლიტიკურ დევნად მონათლოს. "მოღალატე რუსქოცებო და პოლიტიკურო ტურებო! საქართველოსთვის თქვენზე ნაკლები მებრძოლის დედა ვატირეო!"-დაწერა მან პროკურატურის განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, მაგრამ არა მგონია, ამან რაიმე დივიდენდები მოუტანოს. მის დასაცავად თანამებრძოლებმაც კი ვერ გაბედეს ხმის ამოღება. საზოგადოების აღშფოთება ერთსულოვანი აღმოჩნდა. "სამხედრო საქმის მინიმალური ცოდნა რომ გააჩნდეს ან ბრძოლის წარმოების წესები, ასეთ ბრიყვულ სიტყვებს არასდროს იტყოდა...მას არცერთ საბრძოლო მოქმედებაში არ მიუღია მონაწილეობა, არც მის გვერდით დაღუპული მეგობრის ან ნებისმიერი მებრძოლის დაღუპვის მწარე გემო არ უგრძვნია, არც ბრძოლის ველიდან გამოყვანის..." - წერს გენერალ-მაიორი გია ყარყარაშვილი. "გიორგი ბარამიძე ან იდიოტია, ან მიზანმიმართული მავნებელი", - ეს სიტყვები კი ვინმე ქოცის კი არაა, არამედ ისეთი გაცხადებული ნაცისა, როგორიც მსახიობი ნანკა კალატოზიშვილია.
იმედია, ჩვენს რადიკალურ ოპოზიციასაც კი ეყოფა ჭკუა და, როცა დრო მოვა, ამ კაცს პოლიტპატიმრად არ გამოაცხადებს.
საინტერესოა გოგა ხაინდრავას აზრი გიორგი ბარამიძეზე: "ეს არის ბოროტი ცილისწამება, ეს არის იმ ქვეყნის ღალატი და იმ ხალხის ღალატი, რომლის მოქალაქედაც თვლი შენს თავს... მისვლა-მოსვლა დაიწყო და გაჩნდა კონტურები იმისა, რომ შეიძლება ჩვენი შერიგება მოხდეს. ზუსტად ამ დროს ეს ვიგინდარა აკეთებს ასეთ განცხადებას. ნახეთ ერთი რუსული საიტები და აფხაზური საიტები, უკვე ჰააგაც გაიხსენეს, სტრასბურგიც გაიხსენეს, აპირებენ ამ საკითხის თავიდან დაყენებას, რომელიც ცალსახად გადაწყვეტილი იყო, რომ დამნაშავე ამაში არის რუსეთი".
საქართველოს პროკურატურამ გიორგი ბარამიძის წინააღმდეგ საქმე აღძრა 7 აგვისტოს. იმავე დღეს აფხაზეთის ე. წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა ამ ფაქტს და მას "პოლიტიკურად მოტივირებული" უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა კი თAჩჩ-თან ინტერვიუში 11 აგვისტოს ასეთი რამ თქვა: "ჩვენ მზად ვართ თბილისთან პრაგმატული კავშირების შემდგომი გაფართოებისთვის. აშკარაა, რომ საქართველოს წარმატებული განვითარების საწინდარი არა კონფრონტაცია, არამედ ჩვენს ქვეყანასთან თანამშრომლობაა".
მოკლედ, ბარამიძის ავანტიურამ ვერ შეასრულა აღმძრავი ღვედის როლი საპროტესტო ტალღის ასაგორებლად და, აი, ახლა ოპოზიცია ახალ ხავსსაა მოჭიდებული: მოგეხსენებათ, ორიოდე დღის წინ აფხაზეთში საწვავზე შექმნილი კრიზისის ფონზე, საწვავი საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შევიდა ენგურის ხიდის გავლით. მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ დაადასტურა ეს ფაქტი და აღნიშნა, რომ საწვავი არა მთავრობამ, არამედ ბიზნესმა შეიტანა, თუმცა, ისიც დაამატა, რომ თუ მომავალშიც იქნება საშუალება, რომ იქ მცხოვრებ ქართულ და აფხაზურ მოსახლეობას მდგომარეობა შეუმსუბუქდეთ, ეს ნაბიჯი გადაიდგმება, ოღონდ "ოკუპაციის შესახებ" კანონის ფარგლებში. როგორც ცნობილი გახდა, ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავი კომპანია "სოლიდუსმა" შეიტანა. საუბარია 300 ტონა საწვავზე(და არა 3 ათასზე), რომელიც კომპანიის მფლობელის გიორგი არველაძის თქმით, კომპანიამ აფხაზ პარტნიორებს მიაწოდა. "ვმუშაობ აფხაზ პარტნიორებთან ერთად. ეს არის ხიდი ქართულ და აფხაზურ ბიზნესს შორის. ეს რომ არ გაგვეკეთებინა, 20 ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად", - განმარტა მან.
ყველა ნორმალურმა მოქალაქემ, პოლიტიკოსმა და არაპოლიტიკოსმა, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილებმაც კი შერიგებისკენ გადადგმულ ნაბიჯად აღიქვეს ეს ამბავი და დადებითად შეაფასეს. მაგრამ არა - რადიკალებმა. ნიკა გვარამიამ იმსიგრძე კუდი გამოაბა ამ ამბავს, რომ ევროპას და ოკეანისგაღმელ "მეგობრებს" მისწვდენოდა: მაღალი ალბათობით შექმნილია სქემა რუსეთის მიერ სანქციების გვერდის ასავლელად და სტრატეგიული დანიშნულების საქონლის შეძენაში დასახმარებლად. არ გამოვრიცხოთ, რომ ან იმგვარი ტექნიკა შეაქვთ (მაგალითად, სარეცხი მანქანები), საიდანაც ჩიპები ამოაქვთ რუსებს და სამხედრო მრეწველობაში იყენებენ, რადგან ჩიპების შესყიდვა სანქციების გამო არ შეუძლიათ. ერთიც და მეორეც ევროპული სანქციების თანახმად არ შეიძლება რუსეთს მიეწოდოს და ითვლება მისი საომარი მანქანის დახმარებად. ისე შეიძლება აღმოჩნდეს, რომ ბენზინი ყველაზე ნაკლები პრობლემა იყოს და კობახიძის წამოცდენამ ისეთი მეხის დაცემა გამოიწვიოს, ჯერ რომ არ დასცემიათო.
რა დიდებულადაა ნათქვამი: კოკასა შიგან რაცა სდგას, იგივე წარმოსდინდებისო!
ეგ მეხი, უპირველესად, შენ დაგეცემა, ქოსატყუილა ნიკა გვარამია!
ალეკო ასლანიშვილი
მთავარი
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო