ყვითელი ბიჭუნები თანამედროვე ქართულ პოლიტიკასა და ჟურნალისტიკაში | საქართველოს რესპუბლიკა
მთავარიმოსაზრება
ყვითელი ბიჭუნები თანამედროვე ქართულ პოლიტიკასა და ჟურნალისტიკაში
ეეჰ, პულიცერ, პულიცერ, შენმა სამართლიანობის ბრძოლისთვის შექმნილმა „ყვითელმა პრესამ“ რა მახინჯი ფორმა მიიღო და შენი მომხიბლავი, ბეჭდური მედიის სიმბოლო „ყვითელი ბიჭუნაც“ პოლიტიკური ბრძოლის იარაღად იქცა. რას იზამ, დრონი მეფობენ!
ავტორი თეიმურაზ ქორიძე7 წთ წაკითხვა
გაზიარება:
ავტორი
თეიმურაზ ქორიძე
სიტყვა ანგრევს, სიტყვა კლავს!
ყვითელი ბიჭუნები თანამედროვე
ქართულ პოლიტიკასა და ჟურნალისტიკაში
მშობლიური ჟურნალისტიკისადმი გულწრფელი პატივისცემის მიუხედავად, დავიწყებ იმის აღიარებით, რომ ეგრეთ წოდებული „ყვითელი ჟურნალისტიკის“ წარმოშობასა და საერთაშორისო მასშტაბით მის დამკვიდრებაში ქართული მედიის წვლილი ნულის ტოლია.
თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ დღევანდელი ქართული მედია არ იცნობს ან უარყოფს ყვითელი ბიჭუნას, ანუ ყვითელი მედიის ფენომენს. პირიქით, თუ კარგად ჩავუკვირდებით, „სიყვითლეს“ თვით ყოვლად სერიოზული (ე. წ. სახელისუფლებო) მედიასაშუალებებიც კი ვერ ელევიან
რა თქმა უნდა, ამას აქვს საკმაოდ დასაბუთებული ახსნა, მაგრამ ჯერ, მოდი, ზოგადად, „ყვითელი პრესის“ (მედიის) წარმოშობის ისტორია გავიხსენოთ. თუნდაც კიდევ ერთხელ იმის დასამტკიცებლად, რომ თავისი არსით და დანიშნულებით იგი სულაც არ გახლავთ რაიმე სამარცხვინო, უკანონო ან უმნიშვნელო მოვლენა.
ყველაფერი დაიწყო 1864 წელს, გაგანია სამოქალაქო ომის დროს, როცა ამ ომში მონაწილეობის მიზნით, აშშ-ში ჩავიდა ებრაულ-უნგრული წარმომავლობის ახალგაზრდა ბიზნესმენი ჯოზეფ პულიცერი. მისი საბრძოლო მოღვაწეობის შესახებ ბევრი არაფერი ვიცი და ეს არც არის საინტერესო. საინტერესო ის გახლავთ, რომ მეცხრამეტე საუკუნის 70-იან წლებში მან სენტ-ლუისის გერმანულენოვან გაზეთში ჟურნალისტური მოღვაწეობა დაიწყო. მალე რამდენიმე დასახურავად განწირული გაზეთი შეიძინა, გააერთიანა და საკმაოდ სოლიდური გამომცემლობა შექმნა. 1883 წელს კი Nეწ Yორკ ჭორლდ-ი შეიძინა და დაუჯერებლად მოკლე დროში იგი ქვეყნის უპირველეს გაზეთად აქცია.
შეგახსენებთ, რომ პულიცერის გამოჩენამდე მსოფლიო პრესის უმთავრესი მიზანი და დანიშნულება მკითხველისთვის - მშრალი ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება იყო. ჯოზეფ პულიცერმა კი ყველაფერი თავდაყირა დააყენა - მის გაზეთში პირველად გამოჩნდა თვალში საცემი სათაურები, თამამი ილუსტრაციები, კრიმინალური ქრონიკები და, რაც მთავარია - ფაქტებზე დამყარებული საგამოძიებო ჟურნალისტური მასალები.
მსოფლიოში დღესაც საკმაოდ პოპულარული გამოთქმა „ყვითელი ჟურნალისტიკაც“ სწორედ ჯოზეფ პულიცერის, მისი კონკურენტი გამომცემლის, უილიამ რენდოლფ ჰერსტისა და, რაც მთავარია, მხატვარ რიჩარდ უტკოლტის სახელებს უკავშირდება. სწორედ მან შექმნა პულიცერის გაზეთების უპოპულარეს ემბლემად ქცეული მხიარული კომიქსი „ყვითელი ბიჭუნა“. მართალია, ჰერსტმა პულიცერის საუკეთესო ჟურნალისტებისა და თვით მხატვარ უტკოლტის გადაბირება შესძლო, მაგრამ ამით ყვითელი ბიჭუნა კიდევ უფრო პოპულარული გახდა - ამიერიდან იგი უკვე ამერიკის ერთდროულად ორი ყველაზე პოპულარული გაზეთის სიმბოლოდ იქცა. ანალიტიკური პრესის აღსანიშნავად, ასე დამკვიდრდა გამოთქმა „ყვითელი ბიჭუნას ჟურნალისტიკა“, უფრო მოკლედ - „ყვითელი ჟურნალისტკა“.
იმის თქმა მინდოდა, რომ გამოთქმა „ყვითელი გაზეთი“, „ყვითელი მედია“, ან „ყვითელი ჟურნალისტიკა“ რომელიმე მედიასაშუალების მავნეობა-უვარგისობას ან მიუღებლობას არ ნიშნავს.
საბჭოთა საქართველოში პულიცერისეული გაგების „ყვითელი პრესის“ კლასიკურ წარმომადგენლად შეიძლება მივიჩნიოთ იურიდიულად საქართველოს კომპარტიის თბილისის საქალაქო კომიტეტის კუთვნილი გაზეთი „თბილისი“ ბატონი არჩილ გოგელიას რედაქტორობით. სწორედ იგი იყო პირველი (და ერთადერთი!) საინფორმაციო საშუალება, რომელიც კომუნისტურ ეპოქაში ხმაურიანი ანალიტიკური და საგამოძიებო მასალების, მისამართიანი კრიტიკული წერილების გამოქვეყნებას ბედავდა. სწორედ ამის დამსახურება იყო, რომ ბატონი არჩილის გარედაქტორებიდან სამიოდე თვეში გაზეთის ტირაჟი თითქმის ექვსას ათას ეგზემპლარამდე გაიზარდა!
თუ თავხედობაში არ ჩამეთვლება, ამაში იყო წვლილი ჩემი, თეიმურაზ ქორიძის, ვინმე უცნობი ჟურნალისტისაც, ვინც რედაქტორის დავალებით, მისი სრული მხარდაჭერითა და მფარველობით, ძირითადად, საგამოძიებო ჟურნალისტიკის მიმართულებით ვმუშაობდი.
მას შემდეგ „ყვითელი ჟურნალისტიკის“ შინაარსი მსოფლიო მასშტაბით რადიკალურად შეიცვალა და სიცრუის, უარგუმენტობის, დაუსაბუთებლობის სინონიმად იქცა.
კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ თანამედროვე მსოფლიოში ყვითელი მედია, ყვითელი ინფორმაცია არის ე.წ. ციფრული ეკონომიკის, ციფრული ბიზნესის, პოპულარობის იოლად მოხვეჭის უმოკლესი გზა. თავად ის ფაქტი, რომ ამ გზის გავლა ეთიკური ნორმების დაურღვევლად შეუძლებელია, ბევრს აღარაფერს ნიშნავს.
ახლა მთავარი, რის გამოც „ყვითელი ბიჭუნას“ გახსენება დაგვჭირდა. ანუ რა შეიძლება მოჰყვეს ჟურნალისტის, რომელიმე საინფორმაციო საშუალების მიერ გავრცელებულ ერთი შეხედვით უმნიშვნელო „ყვითელ“ განცხადებას.
იმედია გახსოვთ, რომ ამ ინტერვიუში რესპონდენტი რაიმე დოკუმენტური დასაბუთების მოუშველიებლად, ჰაიჰარად საუბრობდა საქართველოს ხელისუფლების მიერ აზერბაიჯანისთვის დავითგარეჯის ტერიტორიის საიდუმლოდ გადაცემაზე.
სამწუხაროდ, ჰერეთის, ალბანეთის, განჯის სახანოს, საინგილოსა თუ მთლიანად აზერბაიჯანის სახელმწიფოს უაღრესად საინტერესო ისტორიაზე საუბარი შორს წაგვიყვანს და გაზეთის ფორმატი ამის საშუალებას არ იძლევა. მხოლოდ ის გავიხსენოთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი ჯერ კიდევ 1921 წლის 15 ნოემბერს სტალინის უშუალო მონაწილეობით საბოლოოდ დადგინდა. თუმცა, მისი ერთი ნაწილი დღემდე დემარკირებული არ გახლავთ და მოლაპარაკებების საგანია. ეს ეხება საზღვრის იმ მონაკვეთსაც, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსზე რომ გადის.
რაც მთავარია, ამ დოკუმენტში არაფერია ნათქვამი „ხელშეკრულების მოქმედების 100-წლიან ვადაზე“, რაზეც ასე ყიჟინებენ ქართველი ცრუ-პატრიოტები.
ცრუ-პატრიოტებს და ოპო-პოლიტიკოსებს რომ თავი დავანებოთ, დიტო ჩუბინიძის ინტერვიუ მყისვე მოექცა სერიოზული ანალიტიკოსების, ხელისუფლებისა და ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ყურადღების ცენტრში.
24 სექტემბერს, საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება: „შემაშფოთებელია ბოლო დღეებში მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაცია და ფოტო-ვიდეომასალა ისტორიულ ჰერეთში, ქურმუხის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში და მის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ....მართალია, ქურმუხის ტაძარი დღეს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარეობს, თუმცა, ის ჩვენი ქვეყნისა და ეკლესიის ისტორიული და სულიერი მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლია.ამ ფაქტმა ჩვენი საზოგადოების მწვავე რეაქცია და სამართლიანი აღშფოთება გამოიწვია, რაც უარყოფითად აისახება ორ მეზობელ სახელმწიფოსა და ხალხებს შორის კეთილმეზობლურ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესზე... ჩნდება უამრავი კითხვა, როგორც სამუშაოების გაურკვეველი მიზნებიდან, ისე საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ქართულ მხარესთან შეუთანხმებელი რეაბილიტაციიდან გამომდინარე. ამ ქმედებების შესახებ საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის რესპუბლიკის შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისგან არავითარი ინფორმაცია არ მიუღია“.
საპატარიარქოს ამ განცხადებას აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროც დაუყოვნებლივ გამოეხმაურა: „საპატრიარქოს მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ქურმუხის ტაძართან დაკავშირებით გაკეთებული ბოლო განცხადებები ეწინააღმდეგება აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის არსებული მეგობრობის, პარტნიორობისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების სულისკვეთებას... გაუგებარია საქართველოს საპატრიარქოს აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტთან დაკავშირებული ტერიტორიული პრეტენზიების მქონე მიდგომა, რამაც, შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას ჩვენს ხალხებს შორის საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ მეგობრულ და კეთილმეზობლურ კავშირებს.... აზერბაიჯანის ტერიტორიაზე მდებარე ყველა ისტორიული, კულტურული და რელიგიური ძეგლი აზერბაიჯანელი ხალხისა და აზერბაიჯანის სახელმწიფოს ეროვნული მემკვიდრეობის განუყოფელი ნაწილია“.
როგორც ხედავთ, აწ გარდაცვლილ ლაზარე ჯორბენაძის პერსონასთან ერთი შეხედვით არაფრისმთქმელი „ყვითელი“ ინტერვიუს გავრცელებამ მეზობელ და მეგობარ სახელმწიფოებს შორის სერიოზული კონფლიქტის შესაძლებლობა გამოიწვია. და თუ ეს კონფლიქტი უფრო არ გაღრმავდა, ამას საქართველოს ხელისუფლების დიპლომატიურ დუმილს უნდა ვუმადლოდეთ.
აღარაფერს ვამბობ ჟურნალისტ დიტო ჩუბინიძის პროკურატურაში გამოძახებაზე, უამრავ „პატრიოტულ“ განცხადებაზე საქართველოს „ისტორიული ტერიტორიების“ საქართველოსთვის დაბრუნების შესახებ, საქართველოს ხელისუფლების უმწეობაზე, „მამაცი ბიჭების“ თავგამოდებაზე და ა.შ და ა.შ.
ერთადერთი დადებითი, რაც ამ „ყვითელ“ (ან, იქნებ, კუნაპეტად შავ) აჟიოტაჟს მოჰყვა, გახლავთ ის, რომ ნებით თუ უნებლიედ, საზოგადოების ყურადღების ცენტრში კიდევ ერთხელ აღმოჩნდა ამ აჟიოტაჟის შემოქმედი ჟურნალისტი.
X X X
მშობლიურ მედიაში ატეხილი კიდევ ერთი ყოვლად უცნაური, დაუჯერებელი „ყვითელი“ აურზაური დაახლოებით ერთი წლის წინათ პოლიციელის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის გასამართლებულ და ჩვიდმეტნახევარი წლით ციხეში განმწესებულ გიორგი დავითაძეს უკავშირდება.
არც თვითონ 35 წლის პატიმარი, არც მისი მშობლები, არც ახლობლები, არც ადვოკატი, არც ჟურნალისტები, არც ოპოპოლიტიკოსები არ ამტკიცებენ, რომ გიორგი დავითაძე უდანაშაულოა. ყველა ერთხმად ამტკიცებს, რომ თურმე, თითქმის ერთი წლის წინათ მასზე სექსუალურად იძალადა ციხის ბადრაგის დაახლოებით ათმა წევრმა! უფრო კონკრეტულად, იგი ათმა კაცმა რიგრიგობით გააუპატიურა.
ეეჰ, ამ ცოდვილ ქვეყანაზე რა აღარ ხდება. მით უფრო, სააკაშვილის დროინდელი ციხის კადრების მხილველი კაცი, რამ უნდა გააკვირვოს. მაგრამ ამ ერთი შეხედვით ტრაგიკულ ისტორიაში უცნაური, გასაკვირი და, მაპატიეთ, ცოტა არ იყოს, კომიკური კოლექტიური ბრალმდებლების ეს „მტკიცებულებაა:“ - ბადრაგის ათმა წევრმა, უკლებლივ ყველამ, საბრალო პატიმარი გააუპატიურა... უკანალში თითის შეყოფით. მოკლედ, ათი კაცი რიგში ჩადგა და ყველა სათითაოდ პატიმარს ასე მოექცა (მერე ეს თითები სად წაიღეს, ამაზე ჯერ არაფერი ვიცით).
რაც მთავარია, ამ მტკიცებას უაპელაციოდ იმეორებს სამართლიანობისთვის მებრძოლი მშობლიური ყვითელი მედია.
დღემდე დარწმუნებული ვიყავი, რომ სექსუალური ძალადობა ადამიანზე, ქალზეც და მამაკაცზეც, შესაძლებელი იყო მხოლოდ სასქესო ორგანოების გამოყენებით. თუ, ვთქვათ, ციხის უფროსმა, მინისტრმა ან თვით პრემიერმაც კი ბადრაგს ვინმე პატიმრის უკანალში თითის ან ცხვირის შეყოფა დაავალა, ეს იქნებოდა ყოვლად დამამცირებელი სასჯელი ამ დავალების შემსრულებლებისთვის და არა უკანალის მფლობელისთვის.
არა მგონია, პატიმარ გიორგი დავითაძის სიმპათიურ მშობლებს სექსზე ასეთი ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდეთ. უბრალოდ, „ივანიშვილის ციხისთვის“ მძიმე დანაშაულის დაბრალება უნდოდათ, მაგრამ შვილი სრულფასოვანი გაუპატიურებისთვის ვერ გაიმეტეს და „თითური სექსის“ თეორია გამოიგონეს. ამასვე ადასტურებს თავად „ნაწამები“ პატიმრის კატეგორიული უარი ექსპერტიზაზე.
თანაც, ქართველი „ყვითელი ბიჭუნებიც“ ხომ გვერდით ჰყავდათ!
თუ მიწაზე მომუშავე გაქრა, თუ სოფლები დღევანდელი ტემპით დაცარიელდა, მხოლოდ შიმშილს კი არა ქვეყნის ფუნდამენტური საყრდენის დაკარგვას მივიღებთ...