რატომ არ ამოსდე ლაგამი შენს ოჯახს და სანათესაოს?!
ადამიანმა როგორც კი ანბანი გამოიგონა (მნიშვნელობა არა აქვს, ეს ანბანი იეროგლიფი იყო, სოლისებური თუ ხატოვანი), მაშინვე წერილების წერა დაიწყო. არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, ეს წერილები რაზე იწერებოდა - ქვაზე, ტყავზე თუ პაპირუსზე, მთავარია, ერთ კაცს მეორესთვის შეეტყობინებინა ესა თუ ის ამბავი. თუ ადრე წერილები ძალზე მარტივად იწერებოდა, მერე და მერე გართულდა, დაიშიფრა, დაიძარღვა, იმგვარად, რომ ერთი წერია და მეორე უნდა ამოიკითხო...
ავტორი
ალეკო ასლანიშვილი

რატომ არ ამოსდე ლაგამი შენს ოჯახს და სანათესაოს?!
ეჰ, ირაკლი, ირაკლი!..
ადამიანმა როგორც კი ანბანი გამოიგონა (მნიშვნელობა არა აქვს, ეს ანბანი იეროგლიფი იყო, სოლისებური თუ ხატოვანი), მაშინვე წერილების წერა დაიწყო. არც იმას ჰქონდა მნიშვნელობა, ეს წერილები რაზე იწერებოდა - ქვაზე, ტყავზე თუ პაპირუსზე, მთავარია, ერთ კაცს მეორესთვის შეეტყობინებინა ესა თუ ის ამბავი. თუ ადრე წერილები ძალზე მარტივად იწერებოდა, მერე და მერე გართულდა, დაიშიფრა, დაიძარღვა, იმგვარად, რომ ერთი წერია და მეორე უნდა ამოიკითხო...
აგვისტო საქართველოში წერილების თვედ იქცა. წერილები ძირითადად ციხიდან მოდის და მთელ საქართველოში ელვის სიწრაფით ვრცელდება. ავტორი - ყოფილი ორგზის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოუღლელი მწერალი აღმოჩნდა, წერს, წერს, ოღონდ, რაც მეტს წერს, მით უფრო იჭედება ნათქვამ-დაწერილში, წერასაც ოსტატობა უნდა, რაც მთავარია, წერს იმას, რისი დაწერაც აშკარად ვნებს, ააშკარავებს და ამრუდებს.
განსაკუთრებული აურზაური გამოიწვია ირაკლი ღარიბაშვილის ბოლოსწინა წერილმა, რომელშიც მან წინ წამოწია ყოფილი უფლებადამცველის ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი და ეს ამბავი დაუკავშირა გაზეთ "ასავალ-დასავალში" დიტო ჩუბინიძისთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც მამუკა მდინარაძისა და ირაკლი კობახიძის საქმიანობის "ბნელ" მხარეებზე იყო საუბარი. ექს-პრემიერმა დასვა კითხვა: "რა გახდა უფლებადამცველი ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი?" და იქვე განაცხადა, რომ საზოგადოებაში "დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს".
მეორე დღეს პროკურატურამ დაადასტურა ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობის ფაქტი, რასაც, ბუნებრივია, უამრავი გამოხმაურება მოჰყვა სოციალურ ქსელში, მაგრამ უცნაური სიახლე, რაც ამ ამბავს ახლდა, იყო საჯარო განცხადებების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არაერთი პოსტის ავტორის - ირმა ინაშვილის, ნიკა გვარამიას, ნანუკა ჟორჟოლიანის, ხატია დეკანოიძის, თაზო დათუნაშვილის, გია ხუხაშვილის, გიორგი ლილუაშვილის, ზაზა დავითაიას, ერმილე ნემსაძის, გიორგი გიგაურის დაბარება.
"ჩამოთვლილი ადამიანებიდან, ვინც დაბარებულები ვართ, ვერავის შეაშინებენ. მიზანი ისაა, რომ გააშავონ ღარიბაშვილი და წარმოაჩინონ, თითქოს მხარს ვუჭერთ. ნამდვილად არ ვუჭერ მხარს, უბრალოდ, კითხვები ჩნდება, რომელთაც პასუხი უნდა გაეცეს. შიში ოხერია და ასე ვთქვათ, ნერვულ "პალასაზეა" ივანიშვილიც და კობახიძეც", - განაცხადა გვარამიამ, რაზეც პარლამენტარმა ნინო წილოსანმა ვარაუდი გამოთქვა: "როგორც ჩანს, ახლა ერთ თამაშს თამაშობენ - გვარამია ღარიბაშვილს აგულიანებს, ატკინე, დააზიანე მაინცო... სამწუხაროა, რომ გვარამიას "რჩევებს" აჰყვა ჩვენი ყოფილი თანაგუნდელი... ისიც სამწუხაროა, რომ ღარიბაშვილის პოსტმა გამოხმაურება მხოლოდ ნაცმოძრაობის აქტივისტებსა და ისეთ დეზინფორმატორებში ნახა, როგორებიც გვარამია, ჟორჟოლიანი და მათი თანამოაზრეები არიან."



