ბავშვობაში, ჩემს საყვარელ, ულამაზეს ლეჩხუმში ყოფნისას, რაც ყოველთვის სიხარულის მომტანი იყო და არის დღესაც, ხშირად მესმოდა სახელი დადაში - დავით ჩაკვეტაძე.
მახსოვს, როგორი სიყვარულით წარმოთქვამდნენ ამ სახელს... აღფრთოვანებით ჰყვებოდნენ მისი კეთილშობილების, შესანიშნავი ადამიანური თვისებებისა და ნიჭიერების შესახებ...
შემდეგ შევიტყვე მისი უდროოდ გარდაცვალების ამბავი. გული მწყდებოდა, რომ მას ახლოს არ ვიცნობდი.
მეც გავეცანი იმ დღეს დიდ პოეტს და ეს ნაცნობობა მისი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე დარჩა.
რამდენჯერ შევხვედრივარ მას შემდეგ გალაკტიონს! ვერც ერთხელ მისალმებას ვერ ვასწრებდი - ისეთი სისწრაფით მოიხდიდა გახუნებულ შლიაპას, რომ მე ხელის აღმართვას ძლივს ვახერხებდი - მე, ქუდის მოხდა არ შემეძლო. თუმცა, მაშინ, დღევანდელივით არ იყო მოდაში თავშიშველა სიარული, მაგრამ მე ბავშვობიდანვე შეჩვეული ვიყავი ასეთ წესს და მხოლოდ თმაზე წავივლებდი ხოლმე ხელს საპასუხოდ. მისალმების ასეთი ფორმა ცოტა არ იყოს სასაცილოცაა, მაგრამ რას იზამთ, დიდი ადამიანის წინაშე ეს სულაც არ მიმაჩნდა სათაკილოდ.
ასე ხდებოდა ხშირად და რაოდენ პარადოქსულად არ უნდა მოეჩვენოს მკითხველს, მე მტკიცედ მარწმუნებს საქვეყნოდ გავრცელებული თქმულების საწინააღმდეგო აზრში, რომ გალაკტიონი უფრო ხშირად საღ გონებაზე იყო და სულაც არ ეტანებოდა ბახუსს - თავის მეფურ შედევრებს იგი ფხიზელ მდგომარეობაში ქმნიდა.
და თუ მას დროებით შეიპყრობდა ის, რასაც მკურნალნი გერმანული სიტყვით ალკოჰოლიზმით ნათლავენ, ეს მისი დროებითი გატაცება გახლდათ.
მახსენდება ერთი ეპიზოდი. დილაადრიან მეშვიდე ნომერ ტრამვაიში შევედი, სადგურზე ჩამოსულ ნათესავს უნდა დავხვედროდი. ტრამვაი თითქმის ცარიელია, ვხედავ უკანა ბაქანზე დგას გალაკტიონი, ერთ ჯიბეში ბატონა უდევს, მეორე ხელში უჭირავს და უმადოდ (დიახ, უმადოდ - მას ჭამა არ უყვარდა) შეექცევა. მორიდებისაგან ხელი არ შევუშალო-მეთქი, უკანვე ჩამოხტომა დავაპირე, მაგრამ მის მახვილ თვალს არ გამოეპარებოდა! - ხელი დამიქნია და მიმიპატიჟა, თან მითხრა:
საშინელი ნაბახუსევი ვარ, არ შემიძლია დღესაც არ შევსვა. ღვინო რომ ვერ მომერიოს, ლუკმა უნდა დავატანო, გევედრები, არ დამტოვო.
გადავივიწყე ყველაფერი და "დეზერტირის" ბაზართან, გაჩერებაზე ჩამოვყევი, შევედით ბაზარში. ჯერ ახლად აყაყანებულ ბაზარში დავდიოდით, მერე ქურთის ბიჭები შეკრიბა და სახინკლეში შევედით.
რამდენი მოგართვათ"? - ჰკითხა დახლიდარმა.
რამდენიც, აი, იმ რკინის თეფშზე დაეტევა. უზარმაზარი თეფში იყო.
გადმოაწყვე არაყი.
დახლიდარმა, ალბათ, არ იცოდა მისი ჩვეულება და იმდენი გადმოაწყო, რამდენიც ვიყავით.
მთელმა ეზომ გაიგო, გალაკტიონი რომ ჩემთან მოვიდა, ყველა თაყვანს სცემდა მას, მაგრამ განსაკუთრებით ერთი გოგო, მოწაფე სულ გადაირია. მას ნებართვაც არ უთხოვია, ისე შემოიჭრა სახლში, მას სხვებიც შემოჰყვნენ და გაიმართა მთელი ამბავი. იმ გოგონამ გალაკტიონის ასზე მეტი ლექსი იცოდა ზეპირად. სხვა დროს ალბათ, შეკრთებოდა კიდეც და ენა ჩაუვარდებოდა, მაგრამ სიხარულმა იმდენი ქნა, რომ იგი ენად გაიტლიკა და გალაკტიონს სხაპასხუპით მიაფრქვია მისი სტრიქონები. არტისტადაც რომ იქცა ეს მორცხვი გოგონა, მან თავანკარა ღვინით ჭიქა აიღო და გრძნობით წარმოთქვა:
უსმენდა პოეტი, ფიდიარის ზევსს რომ ჰგავდა ამ დროს და ბავშვივით ჩამოსდიოდა ცრემლები სპეტაკ წვერზე.
ის დღე, სამუდამო მოსაგონრად დარჩა მთელს ეზოში.
კვლავ ვხედავდი ამის შემდეგ დიდ პოეტს თბილისის ქუჩებში. იგი კვლავაც ფხიზელი და საღი გონებით დააბიჯებდა.
მაგრამ, ერთხელ ლენინის მოედნის ახლოს, ერთ სარდაფში სასადილოა. ვხედავ, ამოვიდა გალაკტიონი უზომოდ მთვრალი, ხელებს ცაში ატოტინებს, თან იძახის - "მიშველეთ, ბიჭებო! წამიყვანეთ", მივვარდი ახლოს, მიცნო თუ არა არ ვიცი, გადამეხვია კი.
ვანუგეშე, - არაფერია-მეთქი, ამ წუთას მიგივყვანთ სახლში.
არა, სახლში არ მინდა, სასწრაფოს დაუძახე.
მეტი რა გზა მქონდა, სასწრაფო გამოვიძახე, დროზე მოვიდა კიდეც.
ვიღაც ბიჭები წამომეშველნენ, წავიყვანეთ.
არ ვიცი, რა უჭირდა, არც გაუმხელია. იმ ღამით იქ დარჩა, მეორე დილით გამოვიდა სავსებით გამოფხიზლებული და პირდაპირ შინისაკენ გასწია.
და აი, უკანასკნელი შეხვედრაც.
გამომცემლობა "ნაკადულში" ვმუშაობდი. ხელფასების დღე იყო, ფული შესვენებამდე დაგვირიგეს. შესვენება რომ დადგა, დერეფანში ერთი თანამშრომელი, მეტად პურადი მიტუშა ლაშქარაშვილი (ასეთი სახელი უწერია პასპორტშიც) შემომხვდა და მითხრა:
რასაკვირველია, ყოველგვარი სადღეგრძელო გვერდზე გადავდეთ და ფეხზე ადგომით საყვარელი პოეტი ვადღეგრძელეთ. თვითონაც წამოდგა, გადახედა იქვე მსხდომ ხალხს და გადასძახა:
ადექით ფეხზე!
ყველანი წამოიშალნენ, გარდა ერთადერთი ახალგაზრდისა. პოეტის სადღეგრძელოს ნამდვილი საზეიმო იერი მივეცით. მე და მიტო იმ ახალგაზრდასთან მივედით, ცოტა არ იყოს, მკაცრად ვკითხეთ:
იცნობ შენ იმ კაცს?
როგორ არ ვიცნობ, ერთი მაგის... ავლაბრული კილოთი გვიპასუხა მან ისე, რომ სათქმელი არ დაუმთავრებია.
გულწრფელად ვამბობ, ეს ღვინის გავლენით არ მოგვსლია - შესმულიც იმდენი არა გვქონდა რა - იმ კაცს დარბაზი დავატოვებინეთ.
დავბრუნდით ჩვენს მაგიდასთან.
ოჰ, რა ბიჭია ჩვენი დათიკო, არ წამოაყენა ამდენი ხალხი ფეხზე?! მხარზე ხელი მომითათუნა გალაკტიონმა.
მეც შევიმშვენე, მართლაც, თითქოს მე ჩამედინოს ეს...
მთავარი
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო