სომხეთის პარლამენტმა კანონი ევროკავშირში წევრობის შესახებ გასული წლის მარტში მიიღო. ნიკოლ ფაშინიანი თვლის, რომ კანონი არ ეწინააღმდეგება ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობას, რადგან არავინ იცის, რამდენი წელი გაგრძელდება სომხეთის ევროკავშირში მიღების პროცესი - კანონის მიღება სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ბრიუსელი სასწრაფოდ დააკმაყოფილებს ერევნის სურვილს.
„გვესმის, რომ საბოლოოდ არჩევანის გაკეთება მართლაც მოგვიწევს, მაგრამ ჯერ ძალიან ადრეა, სიტუაცია ამისათვის ჯერ არ მომწიფებულა. დღეს ჩვენ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ალტერნატივა არ გვაქვს. ჩვენს პროდუქციას სხვაგან ვერსად ვერ წავიღებთ“, - უპასუხა ნიკოლ ფაშინიანმა ვლადიმერ პუტინს.
„თუ ალტერნატივა არ გაქვთ, მაშინ თქვით, რომ ევროკავშირი არ გინდათ და ჩვენთან ერთად ყოფნა გსურთ. თემა დავხუროთ. ესაა და ეს“, - კატეგორიულად მოითხოვა პუტინმა.
მხარეები შეთანხმდნენ, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრი მოსკოვში ვლადიმერ პუტინს შეხვდება და ერევნის პოზიციების დეტალური განხილვა მოხდება.
რკინიგზები როგორც „განხეთქილების ვაშლი“
„ბოლო დროს მხარეებს ბევრი პრობლემა დაუგროვდათ. შესაძლოა სწორედ სხვა გადაუჭრელი საკითხების არსებობა იწვევს სომხეთ-რუსეთის უთანხმოებას“, - თვლის ტიგრან გრიგორიანი, სომეხი პოლიტოლოგი, რომელიც ერევანში უსაფრთოებისა და დემოკრატიის კვლევით ცენტრს ხელმძღვანელობს.
საქმე იმაშია, რომ სომხეთის ხელისუფლებას სურს რუსეთს ქვეყნის რკინიგზების მართვის უფლება ჩამოართვას და კონცესია სხვა ქვეყანას გადასცეს. პოტენციურ ვარიანტებს შორის ფიგურირებს ყაზახეთი, არაბთა გაერთიანებული საემიროები და კატარი. ყველაზე სავარაუდო კანდიდატად ყაზახეთი სახელდება. გარდა ამისა, ერევანს სურს ახალი ატომური ელექტროსადგურის აშენება, რაზედაც პრეტენზიას რუსული კომპანია „როსატომი“ აცხადებს. ამასთან, ერევანი პარალელურად მოლაპარაკებას ამერიკულ და ფრანგულ კომპანიებთან აწარმოებს.
როგორც პოლიტოლოგი ტიგრან გრიგორიანი თვლის, ვლადიმერ პუტინის ულტიმატუმის უკან სწორედ რუსული აქტივების მიმართ შექმნილი საფრთხე დგას: „კრემლი აცხადებს, რომ სომხეთმა ევროკავშირის წევრობის თაობაზე მიღებული კანონით ფაქტიურად ევრაზიული კავშირიდან გასვლის პროცესი დაიწყოო. ეს პარადოქსულად ჟღერს: როცა კანონი მივიღეთ, წლინახევრის წინათ, მოსკოვს მსგავსი ნეგატიური რეაქცია არ გამოუხატავს. ახლა კი მისი ქცევა ეჭვს გვიჩენს, რომ საქმე იმდენად ევროკავშირს არ ეხება, რამდენადაც სომხეთში რუსეთის სტრუქტურულ ყოფნას“.
სომხეთს სურს რაც შეიძლება სწრაფად გახსნას საზღვრები აზერბაიჯან-თურქეთთან და რეგიონში „მსოფლიოს გზაჯვარედინად“ იქცეს. ამისათვის აუცილებელია სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენა-მოდერნიზება, მაგალითად, სომხეთის რკინიგზების რემონტი, რომელიც ყარაბაღის ომების დროს ძალიან დაზიანდა და კაპიტალურ შეკეთებას ითხოვს. აზერბაიჯანი აქტიურად ახორციელებს კომუნიკაციების აღდგენას, თურქეთმაც დაიწყო სასაზღვრო სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განახლება, სომხეთში კი ეს ყველაფერი ჭიანურდება - „სამხრეთ კავკასიის რკინიგზები“, რომელიც „რუსეთის რკინიგზების“ შვილობილ კომპანიას წარმოადგენს და რომელსაც სომხეთის რკინიგზების მმართველია, არ ჩქარობს ინვესტიციების ჩადებას და ქვეყნის სარკინიგზო ქსელის მოდერნიზებას.
ნიშანდობლივია, რომ ნიკოლ ფაშინიანთან შეხვედრის შემდეგ ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სანამ სომხეთის რკინიგზები ტვირთების გადაზიდვების მაღალ მაჩვენებელს არ მიაღწევს, მანამ ინვესტიციები არ ჩაიდება. ასეთი პოზიცია, ერევნის თვალსაზრისით, ჩიხურ სიტუაციას ქმნის: ტვირთბრუნვა რომ გაიზარდოს, ჯერ რკინიგზები უნდა შეკეთდეს და მათი პოტენციალი აღდგეს. იქმნება შთაბეჭდილება, რომ კრემლი მზად არ არის კონცესია მესამე მხარეს დაუთმოს, მაგრამ არც რკინიგზების აღდგენაზე არ ზრუნავს.
ვლადიმერ პუტინთან ბიშკეკში შეხვედრის დროს ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანთან ომი დასრულებულია და ამიტომ ერევანს შანსი გაუჩნდა თავის საგარეო პოლიტიკას გადახედოს. „რუსეთისა და სომხეთის ურთიერთობას ყარაბაღის ომის დროს სხვა აზრი ჰქონდა, ახლა კი, როცა რეგიონში მშვიდობა დამყარდა, ვფიქრობ, რომ სიტუაციას სხვა თვალით უნდა შევხედოთ“, - თქვა სომხეთის პრემიერმა.
სწორედ ამ მიზეზით, თუ როგორი შედეგით დასრულდა კონფლიქტი, ორივე მხარე ორმხრივი ურთიერთობის მომავალს სხვადასხვანაირად უყურებენ. ერევანში თვლიან, რომ რუსეთმა არ შეასრულა თავისი სამოკავშირეო ვალდებულება, როცა 2022 წელს სომხეთის ტერიტორიაზე აზერბაიჯანული ბომბები ეცემოდა და როცა აზერბაიჯანული ქვედანაყოფები მის სახელმწიფო საზღვრებს არღვევდნენ, როცა 2023 წელს რუსმა მშვიდობისმყოფლებმა მთიანი ყარაბაღიდან გამოქცეული სომეხი ლტოლვილი მოსახლეობა არ დაიცვეს.
ცხადია, სომხეთის პრეტენზიებზე რუსეთს საკუთარი თავის გამართლება აქვს. ვლადიმერ პუტინის მტკიცებით, რუსეთი სომხეთს იმიტომ ვერ დაეხმარა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე დემილიტარიზებული ზონა არ იყო შექმნილი. რაც შეეხება ყარაბაღელი სომხებისადმი დახმარებას, კრემლის თქმით, რუსი მშვიდობისმყოფლების ჩარევას ხელი შეუშალა იმ ფაქტმა, რომ თვითონ ნიკოლ ფაშნიანმა აღიარა მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად.
ასეა თუ ისე, აზერბაიჯანთან ომის დროს სომხეთს ისეთი გრძნობა გაუჩნდა, რომ მას თავისმა მოკავშირემ უღალატა და გაჭირვების დროს არ დაეხმარა.
მოსკოვი ერევნის ასეთი პოზიციისაგან გაკვირვებულია: „ორი ქვეყნის ურთიერთობა სისტემურ კრიზისშია. მოკავშირეობის ძველი მოდელი უკვე აღარ მუშაობს, ახალი კი ჯერ შექმნილი არ არის. მართალია, ორივე მხარემ „მშვიდობიანი განქორწინება“ დაანონსეს, მაგრამ მისი ალგორითმი ჯერ შემუშავებული არ არის“, - წერს სერგეი მარკედონოვი, მოსკოვის საერთაშორისო ურთიერთობების უნივერსიტეტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი.
თარგმნა
სიმონ კილაძემ
მთავარი
პრემიერ-მინისტრმა საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო