მაგალითად, მე დავჯარიმდი (ვიდეოჯარიმა!) ველობილიკზე შესვლის გამო. ჯარიმა გავასაჩივრე მერიაში. მოტივი - იძულებითი მანევრი გზის ჩახერგვის თავიდან ასაცილებლად!
პასუხად მივიღე ფორმალისტური ტექსტი, რომ თურმე დავჯარიმდი ადმინისტრაციული კოდექსის ამა და ამ მუხლით! ანუ ჩემი საჩივარი არავის წაუკითხავს!
ვიკითხე, შეიძლებოდა თუ არა დოკუმენტზე ხელმომწერ ჩინოვნიკთან შეხვედრა. მიპასუხეს, რომ ამისთვის უნდა დამეწერა განცხადება და პასუხს ათი სამუშაო დღის განმავლობაში შემატყობინებდნენ.
არც ათი და არც ოცდაათი დღის შემდეგ არავის არაფერი შეუტყობინებია! რამდენიმე შეხსენების შემდეგ მომივიდა მესიჯი - მიბარებდნენ ცაბაძის ქუჩაზე მდებარე მერიის „კონსპირაციულ“ ოფისში მივედი! დამხვდა 20-22 წლის სიმპათიური გოგონა, რომელმაც მონიტორი გახსნა და მაჩვენა ვიდეოკამერით გადაღებული ჩემი მანქანისა და იმ სატვირთოს ფოტო, რომლის გასატარებლად და ავარიული სიტუაციის თავიდან ასაცილებლად იძულებული ვიყავი ველობილიკის „წმინდა ხაზი“ გადამეკვეთა.
გაგიკვირდებათ და, როგორც გაირკვა, ჩემი გამოძახების ერთადერთი მიზანი სწორედ ეს იყო!
თბილისის ქუჩებში ორი ტიპის ფასიანი ავტოსადგომია - ზონალური და ვადიანი. პირველ შემთხვევაში, მოქალაქე იხდის სპეციალური აპლიკაციით საათში 1 ლარს, ხოლო მეორე შემთხვევაში - თვეში 50 ლარს. მერიას აქაც ხაფანგი აქვს დაგებული: თუ ზონალური აპლიკაციის მფლობელი შევიდა ვადიანში, ვიდრე გაარკვევს, როგორ გადაიხადოს ქირა, უკვე დაჯარიმებულია 50 ლარით, ანუ ვადიანი სადგომის ერთი თვის ქირით. ვადიანის ზონალურში შესვლაც იგივე სანქციას ექვემდებარება... ანუ ბრიყვი ძროხები ისევ მოწველეს! და, რა თქმა უნდა, ისევ გინება თბილისის მერიის მისამართით და ისევ აგრესიულად განწყობილი მოქალაქეების მომრავლება!
პრობლემა ისაა, რომ მერიის სქემით „ელიტურ“ უბნებში მოწყობილია ზონალური პარკირებები, „გეტოებში“ (მაგ. „აფრიკაში“, ნაძალადევში...) კი - ვადიანი! არადა, შესაძლოა, ყველაფერი იოლად დალაგდეს: ყველა სადგომი გადავაქციოთ ზონალურად და იქ ავტომობილების პარკირების უფლება ვადიანი სახდელების მსურველებსაც მივცეთ!
მაგრამ ასეთ შემთხვევაში, მერიის ჩინოვნიკები დამატებით შემოსავლებს დაკარგავენ და, რაც მთავარია, აგრესიული მუხტი ხელისუფლების წინააღმდეგ ცოტათი შენელდება!
თუ მოძრაობის წესებს გადახევდავთ, იოლად აღმოვაჩენთ, რომ „ბასლაინთან“ დაკავშირებული წესები აზიანებს საკანონმდებლო ნორმებს და უხეშად არღვევს კონსტიტუციით დაცულ ადამიანთა თანასწორობის და სიცოცხლის უფლებას!
მერიამ დაადგინა, რომ „ბასლაინზე“ მოძრაობის უფლება აქვს მხოლოდ თეთრი ფერის ტაქსს, რომლის ასაკი არ აღემატება 10 წელს. ამასთან, „ბასლაინზე“ შესვლის, მგზავრის აყვანის, ან ჩამოსმის უფლება აქვს ნებისმიერი ასაკის ასევე თეთრ ტაქსსაც. სხვა ფერის ტაქსებს ეს უფლება არ გააჩნიათ - ანუ მათ მგზავრები შუა ქუჩაში უნდა ჩამოყარონ!
საქმე გვაქვს უაღრესად საინტერესო მოვლენასთან! ქვეყანაში, დაწესებულია საავტომობილო რასიზმი! დააკვირდით: თქვენ, მოქალაქე შორენა, იძახებთ ტაქსს. მოდის ცისფერი ან შავი „მერსედესი“; თქვენ - ორ მცირეწლოვან ბავშვთან ერთად, მიემგზავრებით, თან ხელჩანთაც გიჭირავთ და... მძღოლი ავტომობილს გიჩერებთ შუა ქუჩაში!
და ეს გააკეთა თბილისის მერიამ თავისი ვოლუნტარისტული გადაწყვეტილებით!
რამდენიმე წლის წინ მერიაში შეიქმნა „მგზავრთა ულიცენზიო ტაქსით მომსახურების გამოვლენისა და დოკუმენტირების სამსახური“, რომელიც ტალიკ-ტალიკი ბიჭებით დაკომპლექტდა და მუშაობაც გაჩაღდა. ჯგუფის წევრები აპლიკაციით (!) სპეციალურად იძახებდნენ ულიცენზიო ტაქსს, A წერტილიდან B წერტილამდე გადააყვანინებდნენ თავს და შემდეგ, მძღოლის ზურგს უკან 200 ლარიან ჯარიმებს წერდნენ!
პირველ 7 თვეში ასეთი ჯარიმებით ამოღებულმა თანხამ 3,5 მილიონი ლარი შეადგინა. იოლი მისახვედრია, რომ დამრღვევები იყვნენ ყველაზე შეჭირვებული, უმუშევარი, წვრილშვილის პატრონი, უღარიბესი პენსიონერები და მარჯვენასაჭიანი, ძველი ავტომობილების მფლობელები, რომლებსაც ლიცენზიის მიღების შანსი არც ჰქონდათ! უაღრესად მნიშვნელოვანია ისიც, რომ დაჯარიმებულები რეგისტრირებული იყვნენ ერთ ახლად შექმნილ საავტომობილო კომპანიაში (ავტოპარკში), რომლის ოფისი მაშინ ბაგებში გახლდათ. ჩემი გულუბრყვილობის გამო, მერიის ამ სამსახურის მაშინდელ უფროსს დავუსვი კითხვა: თუ თქვენი მიზანი სამართალდარღვევის (მგზავრთა ულიცენზიოდ მომსახურება!) აღმოფხვრაა, რატომ არ მიმართეთ იმ კომპანიას გამაფრთხილებელი წერილით?
პასუხი იყო ცინიკური - რა მესაქმება რომელიღაც კომპანიასთან?
ისმის ლოგიკური კითხვა: მერიის წიაღში შექნილი ეს კომპანია სპეციალურად ხომ არ იყო შექმნილი ამ მრავალმილიონიანი „ბიზნესის“ წამოსაწყებად? ჩემი აზრით, ეს პროკურატურის გამოსაძიებელი თემაა! ამას გარდა, მიაქციეთ ყურადღება, რომ ამ სამსახურს ულიცენზიო ტაქსის მძღოლის გამოსავლენად გამოყენებული აქვს საგადასახადო სამსახურებში ფართოდ აპრობირებული ე.წ. „საკონტროლო შესყიდვა.“ თუმცა, თუ პირობითი „ძეხვის“ არც ყიდვაა კრიმინალი და არც გაყიდვა, ულიცენზიო მომსახურება სამართალდარღვევაა! ანუ სახელმწიფო სამართალდარღვევის პროვოცირებას ახდენს თავად სახელმწიფო ჩინოვნიკის ხელით, რაც დანაშაულია!
საეჭვოა, მერიის იურისტთა არმია ამ მარტივ ჭეშმარიტებას ვერ ხედავდეს. ნიშანდობლივია, რომ მერიის არაერთი სარეკლამო ბილბორდისა და ვიდეორგოლების მნახველ ჩვენს საზოგადოებას არ უნახავს რომელიმე სამართალდარღვევის პრევენციის შინაარსით დამუხტული რგოლი ან ბილბორდი! ამიტომ მღრღნის ეჭვი, რომ მერია თბილისის მოსახლეობას აღიქვამს ძროხების ნახირად, რომელიც აუცილებლად და ნებისმიერი მეთოდით უნდა მოიწველოს!
როგორც ჩანს, ხელისუფლება მოწყვეტილია ხალხის, განსაკუთრებით, მცირეშემოსავლიანთა პრობლემებს, რისი ნათელი მაგალითია უსაშველოდ მაღალი საჯარიმო სანქციები. რატომ არ შეიძლება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევებისთვის არსებული ჯარიმების შეცვლა უფრო მტკივნეული, მაგრამ არა ფინანსურად დამანგრეველი ფორმებით? ფაქტია, რომ ასი და ორასლარიანი ჯარიმები ზღვაში წვეთია შეძლებულებისთვის, მაგრამ მძიმე ტვირთია ღარიბებისთვის.